ყველაფერი, რაც ინტერი-მილანის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

დღეს “დერბი დელა მადონინაა” – იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მშვენება, იგივე “დერბი დი მილანო.” თბილისის დროით 23:45-ზე, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ინტერი” “მილანს” დაუპირისპირდება. გთავაზობთ ყველა იმ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც მილანური დერბის წინ გავრცელდა.


იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა და ითამაშებს

“მილანის” მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის განცხადებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვირუსული გაციება დაამარცხა და დერბიში აუცილებლად ითამაშებს. მან ასევე მოუწოდა “მილანის” სხვა ფეხბურთელებს, ზლატანისგან აიღონ მაგალითი და თითოეული დაბრკოლების წინააღმდეგ, მეტი მონდომებით იბრძოლონ.

38 წლის შვედი თავდამსხმელი “მილანს” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ კვირას, მან “ვერონასთან” თამაში ვერ შეძლო. ყველაფერი, რაც ინტერი-მილანის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ 1

“ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც დიდი ხანია, არ დამარცხებულა. მთელ გუნდს იბრაჰიმოვიჩის მოტივაცია და მონდომება სჭირდება, ჩვენი პოტენციელის მაქსიმიზაციით, “ინტერის” დამარცხებას შევძლებთ,” განაცხადა პიოლიმ.

“მილანი” სერია ა-ში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “ინტერს” 19 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, “ინტერს” გამარჯვება ძალიან სჭირდება, რათა “იუვენტუსთან” 3-ქულიანი ჩამორჩენა მთლიანად აღმოფხვრას.


კონტემ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა

ანტონიო კონტემ საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციონ 19-ქულიან სხვაობას და “მილანს,” როგორც ურთულეს მეტოქეს, ისე ეთამაშონ.

“მიმდინარე სეზონში, მილანი იმაზე მეტ ქულას იმსახურებდა, ვიდრე ეს სატურნირო ცხრილშია ასახული. ეს არის შესანიშნავი გუნდი, რომელმაც დიდი ჩემპიონი, იბრაჰიმოვიჩი დაიმატა. მან გუნდს თავდაჯერებულობა და გამოცდილება მოუტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ იბრას “ინტერშიც” აქვს ნათამაშები, ასე რომ დღევანდელი დღე მისთვის ემოციური იქნება. დერბი ყოველთვის უხილავი საფრთხეებით არის სავსე – ორივე გუნდს სურს, ქალაქში პირველობა მოიპოვოს, ასე რომ წინ რთული თამაში გველოდება,” განაცხადა “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა.

თავის მხრივ, “ინტერი” მნიშვნელოვნად გაძლიერდა – გუნდმა კრისტიან ერიქსენი, შეიძლება ითქვას, უმცირეს ფასში, 20 მილიონ ევროდ შეიძინა. თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სატრანსფერო ბაზარზე საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელები 30-40 მილიონად იყიდებიან, ერიქსენის ტრანსფერი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაპოვარია.

ყველაფერი, რაც ინტერი-მილანის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ 2

მიუხედავად იმისა, რომ ერიქსენს ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, დიდი ალბათობით, დანიელ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

“ერიქსენს აქვს შესანიშნავი უნარი, იყოს პროდუქტიული როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ხაზში. იტალიაში გადმოსვლით, მან ახალ სამყაროში შეაბიჯა – აქ ტაქტიკურად, უფრო მეტი მომზადებაა საჭირო. იმედი მაქვს, მას ადაპტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდება – ის გონიერი ფეხბურთელია და სიახლეებს მარტივად ეგუება,” განაცხადა კონტემ.

(489)

ყველაფერი, რაც ინტერი-მილანის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

სტატიის ავტორი
-