დავით ხავთასი: “ქართული წყალბურთი პროგრესირებს, რაც ახალი თაობის ინტერესს ზრდის”

წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წყალბურთი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, საქართველო ფინანსური თუ ინფრასტრუქტუტული კუთხით, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის თუ სხვა ძლევამოსილი საწყალბურთო ქვეყნების დონეს ჩამოუვარდება, თუმცა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესს უჩენს. ქართულ წყალბურთში არსებული რეალობის შესახებ საწყალთბურთო კლუბ “იმედის”  მწვრთნელ, სპორტის დამსახურებულ მიღვაწე დავით ხავთასს ვესაუბრეთ.

მოგვიყევით თქვენი კლუბის, “იმედის” შესახებ. სად და რა პირობებში ვარჯიშობთ, როგორია თქვენი ინფრასტრუქტურა?

6 წელია, რაც გლდანი-ნაძალადევის სპორტულ კომპლექსში ბავშვთა წყალბურთის კლუბი “იმედი” ჩამოვაყალიბეთ, რომელშიც 14-15 წლის ბავშვები ირიცხებიან.

საბედნიეროდ, ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები არ გვაქვს, აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო ატრიბუტიკით: ბურთები, ქუდები და ა.შ. ყველა პირობა შექმნილი გვაქვს.

დავით ხავთასი: "ქართული წყალბურთი პროგრესირებს, რაც ახალი თაობის ინტერესს ზრდის" 1

ბოლო პერიოდში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გვქონდა წარმატებული ნაბიჯები. როგორ ფიქრობთ, პროგრესირებს ქართული წყალბურთი?

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მეოთხედ მოიპოვა და ასევე საპატიო მეათე ადგილი, რაც უდიდესი მიღწევაა. საბედნიეროდ, საწყალოსნო სპორტის ფედერაცია სწორი მიმართულებით მუშაობს და ქართულ წყალბურთს ყველანაირი ხელშეწყობა აქვს. წინ ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებელი მატჩები გველის, რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩვენი ბიჭების პროფესიონალიზმის იმედი მაქვს.

წარმატებები საკლუბო დონეზეც გვქვს: “დინამო” ჩემპიონთა ლიგაში გამოდის და რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ “მარსელთან” გამარჯვებას მიაღწია.

ეს ყველაფერი წყალბურთის მიმართ ახალგაზრდა თაობის ინტერესს ზრდის. ყოველდღიურად მოდიან ბავშვები აუზზე, რომ დაეუფლონ ცურვის უნარ-ჩვევებს და წყალბურთის გუნდებში თავის დამკვიდრება შეძლონ.

რა ცვლილებებია სპორტის ამ სახეობაში იმ დროის შემდეგ, როცა წყალბურთით თავად იყავით დაკავებული?

დღეს ქართულ წყალბურთს როგორც სახელმწიფოს, ისე გულშემატკივრის მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა. მე რომ ასეთი პირობები მქონოდა, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი.

(87)

დავით ხავთასი: “ქართული წყალბურთი პროგრესირებს, რაც ახალი თაობის ინტერესს ზრდის”

სტატიის ავტორი
-