თორნიკე ახვლედიანი: “ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება”

2020 წლის ზამთრის შეკრებაზე, “დინამო თბილისის” აღმოჩენა თორნიკე ახვლედიანი გახდა, რომელმაც თურქეთში 3 გოლი გაიტანა და ამ შედეგით საუკეთესოც იყო. 20 წლის თავდამსხმელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში ისინჯებოდა და კარგი თამაშის შედეგად 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ახვლედიანი აქამდე “ზესტაფონში”, უფრო ადრე კი ესპანეთში თამაშობდა და კარგი გამოცდილებაც შეიძინა. კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პირველ რიგში საერთო მდგომარეობაზე გკითხავ. როგორ ვარჯიშობ ასეთ პირობებში?

მე ტრავმა მქონდა და აქამდეც ინდივიდუალურად ვარჯიში მიწევდა, შემდეგი კვირიდან კი იმ პროგრამაზე გადავალ, რომლითაც ჩემი თანაგუნდელები ემზადებიან.

რატომ ფეხბურთი? როდის და როგორ დაიწყო შენი კარიერა?

11 წლის ასაკში “ნორჩ დინამოში” შევედი, იქ მყავდნენ მწვრთნელები, რომლებიც დღეს “დინამოში” მუშაობენ.

ფეხბურთი რონალდინიომ და ტიერი ანრიმ შემაყვარა.

“დინამოში” თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის სურვილია. როგორ მოხვდი ამ კლუბში?

უცხოეთში გატარებული კარგი პერიოდის შემდეგ რამდენიმე ვარიანტი მქონდა. ჯერ ქვედალიგელ “ზესტაფონში” წავედი, მერე კი უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდა. “დინამოში” თამაში მართლაც ყველა ფეხბურთელისთვის პატივია. შეკრებაზე გატანილი გოლებიც დამეხმარა და ამ გუნდის წევრი გავხდი.

პირველ რიგში, მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო და შემდეგ “დინამოსთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო.

თორნიკე ახვლედიანი: "ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება" 1ესპანეთში ორ გუნდში ითამაშე, როგორ გახსენდება იქ გატარებული პერიოდი?

“ლორკაში” ჩვენი მწვრთნელი ვეტერანი ფეხბურთელი ვალტერ პანდიანი იყო, თუმცა “ლეგანესის 19-წლამდე გუნდში თამაში უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. კარგი გამოცდილება მივიღე, სტაბილურად ვითამაშე და 19 გოლიც გავიტანე.

შეტევის რომელ წერტილში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს და შენს პოზიციაზე მოთამაშე რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი?

საერთოდ ფლანგზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ვიდრე ცენტრში და მეტად შედეგიანიც ვარ. ალბათ, კილიან მბაპეს და მარკუს რაშფორდს. ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც გოლის კარგი ალღო და დამამთავრებელი ფაზა აქვთ.

ამ უკანასკნელის სწავლა შესაძლებელია თუ ნიჭია აუცილებელი?

ცეტრ-ფორვარდისთვის გოლის ალღო აუცილებელია. ვფიქრობ, ამის თანდაყოლილი ნიჭი უნდა გქონდეს. შესაძლოა, გარკვეული კომპონენტები დახვეწო და განავითარო, მაგრამ თუ გოლის ალღო არ გაქვს, რთულია თავდამსხმელმა წარმატებას მიაღწიო. აი მაგალითად, ვინიციუს ჯუნიორი, ყველაფერი აქვს: სისწრაფე, კარგი დრიბლინგი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირს.

როგორია შენი ყოველდღიურობა სახლში?

ფიზიკურად ვვარჯიშობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამით ფორმის შენარჩუნება შესაძლებელია. თუ ფეხბურთელი ხარ, გუნდური ვარჯიშები და ბურთთან ურთიერთობა გჭირდება. სეზონის განახლების შემდეგ, ფორმის აღსადგენად თვეზე მეტი მაინც დაგვჭირდება.

გარდა ამისა, ვუყურებ სერიალებს, ვკითხულობ წიგნებს და ვმეცადინეობ – ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადები.

თორნიკე ახვლედიანი: "ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება" 2“დინამომ” ორ ტურში ორი ქულა მოიპოვა. როგორ შეაფასებ სეზონის დასაწყისს?

მართალია “თელავი” დებიუტანტია, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ამიტომ, მათთან ფრე გასაკვირი არ იყო. ჩემი აზრით, ეს გუნდი არათუ დასარჩენად, არამედ პირველ ხუთეულში შესასვლელად იბრძოლებს. ზოგადად ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ს გუნდებს შორის განსაკუთრებული სხვაობა არ არის და ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია. სიურპირიზებს ყველა მათგანისგან უნდა ველოდეთ.

რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, მათთან მატჩში უპირატესობა გვქონდა, მომენტებიც შევქმნეით, მაგრამ გოლის გასატანად თავდამსხმელი დაგვაკლდა. გოლის გატანის შანსი ცენტრალურ მცველებს მიეცათ, თავდამსხმელის ყოფნის შემთხვევაში კი, ალბათ მომენტების რეალიზებას შევძლებდით.

გუნდის თავდამსხმელების უმეტესობა ტრავმირებული იყო. ამჟამად როგორია მათი მდგომარეობა?

მეც და სხვა ტრავმირებული თავდამსხმელებიც გამოვჯანმრთელდით და მზად ვართ, რომ სეზონის განახლებისთანავე გუნდს დავეხმაროთ.

შენი აზრით, სეზონის როგორი ფორმატით ჩატარება იქნება უკეთესი?

ცხადია, ამაზე ბევრს ფიქრობენ შესაბამისი ადამიანებინდა ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი აზრით, სეზონის ორ წრედ ჩატარება და მატჩების რაოდენობის შემცირება კარგი აზრი არ იქნება. ჯობს ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატზე გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელებს ფაქტობრივად წელიწადში სულ მცირე 4 თვე უცდებათ.

(804)

თორნიკე ახვლედიანი: “ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება”

სტატიის ავტორი
-