Belive

ჩემპიონთა ლიგა 2018/19: რას უნდა ველოდოთ ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან?

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მონაკოში გამართული UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, ევროპის 32 ტოპ-კლუბი, 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგის გურმანებს შესანიშნავი მატჩები ელით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისეთი კალიბრის გუნდები, როგორიცაა "ლივერპული" და "ინტერი" მე-3 და მე-4 კალათებში იყვნენ განთესილი. ჩემპიონთა ლიგას თავიდანვე განსაკუთრებული ინტრიგა ჰქონდა შეძენილი. დასრულებული კენჭისყრის შემდეგ, რამოდენიმე სიკვდილის ჯგუფი გამოიკვეთა, რომელშიც არაერთი გრანდი იბრძოლებს პირველი ადგილის დასაკავებლად. აღსანიშნავია, რომ ჯგუფების უმრავლესობაში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება საკმაოდ გაჭირდება. გამონაკლისად, შესაძლოა და G-ჯგუფები მივიჩნიოთ, რომელშიც "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ.

A-ჯგუფი

  • "ატლეტიკო"
  • "დორტმუნდი"
  • "მონაკო"
  • "ბრიუგე"
ორი ტოპ-კლუბი, რომელიც ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს გამოკვეთილია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ატლეტიკომ" და "დორტმუნდმა" პირველობა საკმაოდ დასუსტებულ "მონაკოს" დაუთმონ. არაერთი ვარსკვლავის დაკარგვის მიუხედავად, "მონაკოს" ჩამოწერა ნამდვილად არ ღირს. ქვეჯგუფის უპირობო აუტსაიდერად "ბრიუგე" განიხილება.

B-ჯგუფი

  • "ბარსელონა"
  • "ტოტენჰემი"
  • "პსვ"
  • "ინტერი"
ერთ-ერთი ურთულესი ჯგუფი. "ბარსელონა" ფავორიტად ითვლება, თუმცა კატალონიური გრანდის ფეხბურთელებს საკმაოდ რთული გასვლითი მატჩები მოუწევთ "ტოტენჰემისა" და "ინტერის" წინააღმდეგ. "ტოტენჰემმა" უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გრანდთან თანაბარი ბრძოლა შეუძლია. რაც შეეხება "ინტერს", "ნერაძურისთან", "სან სიროზე" დაპირისპირება ყველასათვის რთულია. ქვეჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერად "პსვ" განიხილება, თუმცა ჰოლანდიურ კლუბსაც შეუძლია მცირედი სასწაული შემოგვთავაზოს.

C-ჯგუფი

  • "პსჟ"
  • "ნაპოლი"
  • "ლივერპული"
  • "ცრვენა ზვეზდა"
სიკვდილის ჯგუფი, რომელშიც ევროპის 3 ტოპ-კლუბი იბრძოლებს ლიდერობისთვის. ქვეჯგუფის პირველივე შეხვედრა უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს. 18 სექტემბერს, "ლივერპული" - "პსჟ"-ს დაუპირისპირდება. ნეიმარს და კომპანიას, "ენფილდზე" ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პარიზულ გრანდთან ერთად ჯგუფიდან გასვლის მთავარ პრეტენდენტად განიხილება. "ნაპოლის" ჩამოწერა ნამდვილად არ ღირს. ნეაპოლიტანელები სკუდეტოსათვის ბრძოლაში "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტებად განიხილებიან და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზეც არაერთი გრანდი ჰყავთ გამწარებული. ჯგუფის უდავო აუტსაიდერად "ცრვენა ზვეზდა" განიხილება, რომლის კარშიც გატანილმა გოლებმა შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს.  

D-ჯგუფი 

  • "ლოკომოტივი"
  • "პორტო"
  • "შალკე"
  • "გალათასარაი"
ქვეჯგუფი, რომელშიც მეტნაკლებად თანაბარი დონის გუნდები გაერთიანდნენ და სადაც გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. სამართლიანად, არაერთმა საფეხბურთო მიმომხილველმა D-ჯგუფი ყველაზე სუსტად შერაცხა, რომლიდან გასვლის შედარებით უკეთესი შანსით "პორტო" და "შალკე" სარგებლობენ. თურქული კლუბის გულშემატკივრებიდან გამომდინარე, "გალათასარაის" წინააღმდეგ, სტამბოლში თამაში სამივე კონკურენტისათვის ურთულესი იქნება.

E-ჯგუფი

  • "ბაიერნი"
  • "ბენფიკა"
  • "აიაქსი"
  • "აეკი"
"რეკორდმაისტერი" ჯგუფის უპირობო ფავორიტია. ეჭვგარეშეა "ბაიერნის" ოფიციალური პირები ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვებას უმიზნებენ. მეორე ადგილის დასაკავებლად "ბენფიკასა" და "აიაქსს" შორის გაიმართება დაპირისპირება. დონეცკის "შახტარის" ყოფილი ვარსკვლავით, ფაკუნდო ფერეირათი გაძლიერებულ "ბენფიკას" მცირედი უპირატესობა გააჩნია.

F-ჯგუფი

  • "მანჩესტერ სიტი"
  • "შახტარი"
  • "ლიონი"
  • "ჰოფენჰაიმი"
საკმაოდ საინტერესო ქვეჯგუფი, რომელშიც ფავორიტის სტატუსით "მანჩესტერ სიტი" სარგებლობს. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი, კევინ დე ბრუინის გარეშე იასპარეზებს ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა პირველი ადგილის დაკავების ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება. "შახტარი", "ლიონი" და "ჰოფენჰაიმი" მეტნაკლებად თანაბარი კალიბრის გუნდებად განიხილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე ადგილის დასაკავებლად საკმაოდ დაძაბული მატჩები გაიმართება. შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაძლოა მცირედი უპირატესობით "ლიონი" სარგებლობდეს.

G-ჯგუფი 

  • "რეალი"
  • "რომა"
  • "ცსკა"
  • "პლზენი"
ერთი შეხედვით მადრიდის "რეალი" და "რომა" უპირობო ფავორიტები არიან. "ჯალოროსიმ" გასულ სეზონში ბრწყინვალე თამაში შემოგვთავაზა. რომაულმა კლუბმა საკმაოდ ძლიერი გრანდების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, თუმცა არასტაბილურობა ახასიათებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაინც არსებობს იმის შანსი, რომ "რომა" ჯგუფში ჩარჩეს.

H-ჯგუფი

  • "იუვენტუსი"
  • "მანჩესტერ იუნაიტედი"
  • "ვალენსია"
  • "იანგ ბოიზი"
ძალზედ საინტერესო ჯგუფი მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. გულშემატკივრის მთავარ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება იწვევს. კრიშტიანო რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება დიდ ინტრიგას ბადებს. შეძლებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კვლავ გატანას? "ოცნებების თეატრი" შესაძლოა ჟოზე მოურინიოსათვის ნავარაუდევზე გაცილებით ადრე დაიხუროს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ცუდი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდიდან გაშვების ზღვარზეა. ელიტაში "ღამურების" დაბრუნება ყოველთვის მისასალმებელია. ფეხბურთის გულშემატკივრებს "ვალენსიას" მიერ ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩი და ფინალი ახსოვთ. ჯგუფის უპირობო აუტსაიდერად კი "იანგ ბოიზი" სახელდება.  

სხვა სტატიები