Belive

ჩემპიონთა ლიგა | ბაიერნი Vs. პსჟ - პორტო Vs. ჩელსი (პრევიუ)

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - მიუნხენში, "ბაიერნი" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს. "პორტო" "ჩელსის" დაპირისპირება კი ნეიტრალურ ლოკაციაზე (სევილია "რამონ სანჩეს პიხუანი") შედგება.

7 აპრილი, 23:00 საათი, "ალიანც არენა", "ბაიერნი" Vs. "პსჟ"



გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალისტების დაპირისპირება იწვევს. გასულ წელს, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში, "პარი სენ ჟერმენი" "ბაიერნთან" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასამართ მატჩს, "რეკორდმაისტერი" ამაღლებული განწყობით ხვდება. ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ბაიერნმა" სტუმრად "ლაიფციგი" დაამარცხა (0:1) და მდევართან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. საპირისპიროდ - "პარი სენ ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ლილთან" დამარცხდა (0:1). მარცხის შემდეგ პარიზელებმა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის სათავიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. "ბაიერნი" ევროპულ სარბიელზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. გერმანულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (18 მოგება, 1 ფრე). "რეკორდმაისტერის" სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 12 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლო. შემადგენლობის მხრივ არსებული დიდი დანაკლისის მიუხედავად, წყვილში ფავორიტის სტატუსით "ბაიერნი" სარგებლობს. რობერტ ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, ხავი მარტინესი და კორენტინ ტოლისო 7 აპრილს გასამართ მატჩს გამოტოვებენ. პარიზელებს ფლორენცი, იკარდი, კურზავა, ვერატი და პარედესი დააკლდებათ.

7 აპრილი, 23:00 საათი, "რამონ სანჩეს პიხუანი", "პორტო" Vs. "ჩელსი"


 

კოვიდ რეგულაციების გამო, "პორტო" "ჩელსის" მატჩი ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. 7 აპრილს, სევილიაში, "რამონ სანჩეს პიხუანზე" პორტუგალიურ ინგლისურ დაპირისპირება შედგება. "პორტოსა" და "ჩელსის" შორის ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩები უმრავლეს შემთხვევაში "არისტოკრატების" გამარჯვებით სრულდება. უკანასკნელი 8 დაპირისპირებიდან 5 "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, 2 შეხვედრაში "პორტომ" გაიმარჯვა, ხოლო 1 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. უკანასკნელად "პორტუსა" და "ჩელსის" გზები 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთა. G-ჯგუფის პირველ შეხვედრაში "პორტომ" გაიმარჯვა (2:1) ხოლო 2015 წლის 9 დეკემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. G-ჯგუფში "ჩელსიმ" პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა პორტუგალიელებმა ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან, "პორტო" ოთხჯერ დამარცხდა. ოთხივე შემთხვევაში პორტუგალიელები მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. შემადგენლობის მხრივ 7 აპრილს გასამართ მატჩს ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშე ხვდება.

სხვა სტატიები