Belive

ჩემპიონთა ლიგა და ბაქოს ნეფთჩი: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
18 წთ
7 ივლისს, "დინამო არენა" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი", ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. ქართულ-აზერბაიჯანული დუელი, რომელშიც ერთმანეთის წინაშე ორი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარსდგება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა საქართველოს პირველი არხის ეთერში გექნებათ, იქამდე კი, ვიდრე "ლურჯ-თეთრები" მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყნის სახელის დაცვას შეეცდებიან, შევეცდებით ჩვენი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ.

პროფილი

დაარსება: 1906 წელს, 115 წლის წინ ზედმეტსახელი: "მენავთობეები", "ხალხის გუნდი", " შავ-თეთრები" საშინაო არენა: ბექსელ არენა ტევადობა: 11 000 პრეზიდენტი: კამრან გულიევი მთავარი მწვრთნელი: სამირ აბასოვი კაპიტანი: ემინ მაჰმუდოვი ლიგა: აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა პირველი მატჩი: "ნეფთჩი" - რიგის "სკონტო" 0:1, 1993 წლის 25 იანვარი პირველი მატჩი უეფას ტურნირებზე: "ნეფთჩი" - "აპოელი" 0:3, უეფას თასების მფლობელთა თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, 1995 წლის 10 აგვისტო ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება არა უეფას ტურნირებზე, საერთაშორისო ასაპრეზზე: "ნეფთჩი" - "ნებითჩი ბალკანაბათი" 4:1 (თურქეთი) 2005 წლის 16 იანვარი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება უეფას ტურნირებზე: "ნეფთჩი" - "ზესტაფონი" 3:0 (საქართველო), ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, 2012 წლის 17 ივლისი ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი არა უეფას ტურნირებზე საერთაშორისო ასაპრეზზე: "ნეფთჩი" - მოსკოვის "სპარტაკი" 0:8 (რუსეთი) 1993 წლის 27 იანვარი ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი უეფას ტურნირებზე: "ნეფთჩი" - "ვიზევი ლოდძი" 0:8 (პოლონეთი), ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, 1997 წლის 23 ივლისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ნაზიმ ალიევი (183 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი კლუბში: ალექსანდრ ტროფიმოვი (179 მატჩი/ საბჭოთა კავშირის დროს)
No description available.

ტიტულები

აზერბაიჯანის ჩემპიონი: 9 აზერბაიჯანის თასის მფლობელი: 7 აზერბაიჯანის სუპერთასის მფლობელი: 2 საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა: მესამეადგილოსანი 1996 წელს საბჭოთა კავშირის ფედერაციული თასი: მეორეადგილოსანი 1988 წელს უეფას ინტერტოტოს თასი: ფინალისტი 2008 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თასი: გამარჯვებული 2006, ფინალისტი 2005
No description available.
ისტორია "ნეფთჩი" 1937 წლის 18 მარტს დაარსდა, თუმცა წინამდებარე კლუბი სხვა სახელით, 21 წლით ადრე, 1906 წელს ჩამოყალიბდა და მას "ნავთობის მუშებს" უწოდებდნენ. საინტერესოა, რომ "ნეფთჩის" ჩამოყალიბების პირველ პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი მსაჯი ტოპიკ ბახრამოვი თავდაპირველად სწორედ ამ გუნდში თამაშობდა, მაგრამ ფეხის სერიოზულმა ტრავმამ მას ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაში ხელი შეუშალა და ის არბიტრი გახდა. ცხადია, კლუბმა არსებობის პირველი ეტაპი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გაატარა და იქ თითქმის 5 დეკადა დაჰყო, რა პერიოდშიც ყველაზე დიდ წარმატებას 60-იან წლებში მიაღწია, როცა უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ამ მხრივ, აზერბაიჯენლი მეტოქეები "დინამო თბილისს" ნამდვილად ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილი გზით, ჩვენი მეტოქე გაცილებით წარმატებულია, ოღონდ ევროსარბიელზე და ამ თემას ქვევით გავშლით, რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, აქ წარმატებას დედაქალაქელებმა 9-ჯერ მიაღწიეს და ამ მხრივ ყველაზე ტიტულოვანი კლუბიც გახლავთ. პირველივე გათამაშებაში, ანუ 1992 წელს, მათ ჩემპიონობა იზეიმეს, შემდეგ ჯერზე კი ტიტულს უკვე 1995/96 და 1996/97 წლების სეზონებში დაეუფლნენ. 2005 წლამდე კლუბმა ჩემპიონობის მოგება კიდევ ორჯერ მოახერხა, 2004 და 2005 წელს, მაგრამ სწორედ 2005 წლიდან "ნეფთჩიში" რეგრესი დაიწყო, რომელმაც დეკადის ბოლომდე გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხუთწლეულში გუნდში ლოკალურ თუ საერთაშორისო დონეზე არაერთმა მნიშვნელოვანმა სახემ გაიელვა, როგორებიც მაგალითად გურბან გურბანოვი, ვლასტიმილ პეტრელა, ანატოლი დემიანენკო და ჰანს-იურგენ გედე არიან, "ნეფთჩიმ" ვცერც შიდა და ვერც საგარეო ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწია. ჩვენი მომავალი მეტოქისთვის სასიკეთო ცვლილებები 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როცა კლუბი სამართავად სადიკ სადიკოვს გადაეცა, რომლის ხელშიც უმალ გაჩნდნენ მაღალი დონის ლეგიონერები, მაგალითად, ნიკოლას კანალესი, ფლავინიო, ბრუნო ბერტუჩი, ერიკ რამოსი, იგორ მიტრესკი, იულიუს ვუბეი და სხვები. 2011 წლის მაისში, არიფ ასადოვის მწვრთნელობით, კლუბმა ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიგო. ხსენებული პიროვნება აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონობა როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში მოიგო. მომდევნო სეზონში, "ნეფთჩიმ" მიჯრით მეორედ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონობა და ისტორიული შედეგებიც დააფიქსირა: მეათასე გამარჯვება და მეათასე გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში. 2013 წელი "ნეფთჩისთვის" არანაკლებ წარმატებული გამოდგა, ვინაიდან გუნდმა ზედიზედ მესამედ ჩემპიონობა იზეიმა, თასიც მოიგო და დუბლის შესრულება მოახერხა. მიუხედავად ამისა, ევროტურნირებზე წარუმატებლობისა და სუპერთასზე მარცხის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბოიუკაღა ჰაჯიევმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ერთ წარუმატებლობას მეორე მოჰყვა და საბოლოოდ, 2014 წლის 2 ნოემბერს, "ნეფთჩის" პრეზიდენტმა, სადიგ სადიგოვმა თქვა, რომ კლუბი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. 2015 წელს კი გამოცხადდა, რომ კლუბი საზოგადოებრივ შეზღუდულ კომპანიად გადაიქცეოდა, პრეზიდენტად კი ჩინგიზ აბდულაევი დაინიშნებოდა. 2018 წლის 8 ივნისს, კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად, ლეონარდო ბორდინი დაინიშნა, რომელმაც კლუბში ორი წელი გაატარა, თუმცა ტიტულის დაბრუნება ვერც მან მოახერხა.
No description available.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ბოლო ხუთწლეულში საუკეთესო პერიოდი გუნდს სწორედ ამჟამად უდგას, რაშიც უდიდესი წვლილი გუნდის მთავარ მწვრთნელს, სამირ აბასოვს მიუძღვის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა და რომელმაც "ყარაბახის" 7-წლიანი ჰეგემონიის დამხობა მოახერხა. "ნეფთჩიმ", რომელიც სეზონის სტარტზე ფავორიტებს შორის არ სახელდებოდა, სენსაციურად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ეს ბოლო ტურში გაოფიციალურდა, როცა დედაქალაქური კლუბი "ყარაბახს" დაუპირისპირდა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით გამარათულ შეხვედრაში - 1:0, თანაც 90-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით აჯობა, 59 ქულა დაგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამრიგად, "ნეფთჩი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და აქ წარმატების  მიღწევაში პირველ დაბრკოლებას სწორედ, "დინამო თბილისი" წარმოადგენს.

საერთაშორისო გამოცდილება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭოთა სოციალისტური რესპუბილეკბის კავშირის არსებობის დროს, ბაქოურ კლუბს ევროტურნირებზე არ უთამაშია, აი დამოუკიდებლობის პერიოდში კი იქ რამდენიმე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საწყისი 15 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონობა 5-ჯერ მოიპოვა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერცერთ ტურნირზე მოახერხა. 2006 წელს, "ნეფთჩიმ" საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია და "დსთ-ს" თასის გამარჯვებულიც გახდა, რომლის ფინალშიც ლიტვის "კაუნასს" სძლია. მეტოქე ვერც ამ მხრივ გაგვაკვირვებს. რაც შეეხება უეფას ეგიდით გაამრთულ ტურნირებს, აქ მათ 2004 და 2005 წლების შემდეგ წარმატებით დაიწყეს ფეხის მოკიდება. ჯერ იყო და ხსენებულ ორ წელს მათ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების დაძლევა მოახერხეს, გადალახეს რა შესაბმისად, ბოსნიური "შიროკისა" და ისლანდიური "ჰაფნარფრაურის" ბარიერები, მერე კი 2008 წელს, ინტერტოტოს თასის ფინალში ითამაშეს. როგორც წინა პარაგრაფში განვიხილეთ, 2011-13 წლები "ნეფთჩისთვის" ყველაზე წარმატებული გამოდგა და შესაბმისად, სწორედ 2013 წელს, "ნეფთჩი" ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და იქ ჩვენთვის მტკივნეულად, ორი მატჩის ჯამში - 5:2 (3:0, 2:2), "ზესტაფონის" ბარიერი დაძლია, მერე კი ისრაელის "ჰაპოელ კირიატ შომნასთან" გამოვარდა. სანაცვლოდ, კლუბმა გამოსვლა რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე გააგრძელა და ევროპის ლიგის პლეი-ოფში კვიპროსულ "აპოელს" ორი შეხვედრის ჯამში - 4:2 (1:1, 3:2) აჯობა და ჯგუფური ეტაპის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. იქ "ნეფთჩი" "პარტიზანს", "ინტერს" და ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა და სერბულ და იტალიურ კლუბებთან თითო ფრის გაგორებაც მოახერხა, შესაბამისად, 1:1 და 2:2, დანარჩენ ყველა შეხვედრაში კი დამარცხდა. ეს დღემდე პირველი და უკანასკნელი შემთხვევა გახლდათ, როცა "ნეფთჩი" ევროტურნირის ფინალურ ეტაპამდე მივიდა, 2013/14 წლების შემდეგ კი როცა ჩემპიონთა ლიგას პირველ შესარჩევ ეტაპზე ალბანურ "შკენდერბეუსთან" მარცხით (0:0, 0:1) დაემშვიდობა, 2020 წლამდე ევროსარბიელის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მხოლოდ ერთხელ, 2014/15 წლებში მოიპოვა და იქაც ქართულ კლუბთან დაპირისპირება მოუწია. ამაზე, ქვევით დეტალურად მოგახსენებთ.
ფოტოგალერეა - ფეხბურთი - 07.08.14 ჩიხურა - ნეფთჩი 2:3 - DSC_9649

მწვრთნელი

სამირ აბასოვი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მწვრთნელი გახლავთ, რომელიც თავისი კარიერის ახალ ეტაპს საკმაოდ შედეგიანად იწყებს. 43 წლის სპეციალისტი, რომელიც 2015-18 წლებში "სუმგაითში" მუშაობდა, იქ გატარებული სამი წლის შემდეგ კი ერთი სეზონით (2018 წლის აგვისტო - 2019 წლის ოქტომბერი), "ზირასაც" ხელმძღვანელობდა, "ნეფთჩის" 2020 წლის ნოემბრიდან თავკაცობს და ფაქტია, რომ საკმაოდ შედეგიანადაც. მისი ხელმძღვანელობით ბაქოელებმა "ყარაბახის" 7-წლიანი ჰეგემონია დაამხეს და ჩემპიონობა იზეიმეს. სამირ აბასოვმა, რომელიც ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში თავისი მომავალი მეტოქის მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეგირდი გახლდათ და ბაქოს "ინტერში" ქართველ სპეციალისტთან ერთად ერთი სეზონიც გაატარა, აზერბაიჯანის ნაკრებში კი 46 შეხვედრა ჩაატარა, "ნეფთჩის" 21 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც გუნდმა 14 მოიგო, 4 ფრედ დაასარულა და მხოლოდ 3-ში დამარცხდა.
No description available.

ურთიერთშეხვედრები

დამოუკიდებლობის პერიოდში ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა შეგვიძლია ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირებების ისტორია გავიხსენოთ. ბაქოს "ნეფთჩიმ" ბოლო სამ დეკადაში ქართულ კლუბებთან ორჯერ ითამაშა და ორივე დუელში გამარჯვებული გამოვიდა. პირველად, ეს 2012/13 წლების სეზონში მოხდა, როცა ბაქოელთა მეტოქე იმ დროს საქართველოს ბოლო ორი სეზონის მოქმედი ჩემპიონი, "ზესტაფონი" გახლდათ, რომელთანაც პირველი მატჩი ფრედ დაასრულა - 2:2, საპასუხო მატჩში კი მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მეორედ, ჩვენი და "ნეფთჩის" გზები 2 სეზონის შემდეგ გადაიკვეთა და ამჯერად "ნეფთჩის" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თურუქული "ბურსასპორის" გამომგდები საჩხერის "ჩიხურათი" დავუპირისპირდით. მეორე იმერულმა კლუბმა ბაქოში - 2:3 წააგო, "მიხეილ მესხზე" კი უგოლო ფრე ეთამაშა და პლეი-ოფის მიღმა დარჩა. რაც შეეხება "დინამო თბილისს", მათ აზერბაიჯანელებთან დაპირისპირება დამოუკიდებლობის ეპოქაში სულ ორჯერ და ორივე შემთხვევაში "გაბალასთან", ორივეჯერ ევროპის ლიგაზე ჯერ პირველ, მერე კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწია. პირველი დუელი თბილისში "დინამომ" 2:1 მოიგო, თუმცა 2015/16 წლების სეზონში საპასუხო რაუნდი სტუმრად - 1:2 დავთმეთ და ტურნირს გამოვეთიშეთ, აი 4 წლის თავზე, კი ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა გუნდმა აზერბაიჯანში - 2:0, შინ კი - 3:0 იმაჯრვა და მესამე ეტაპამდე მიაღწია, სადაც უკვე როეტერდამის "ფეიენოორდის" ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა. მთლიანად, ქართული და აზერბაიჯანული კლუბების დაპირისპირება 14-ჯერ შედგა, საიდანაც ჩვენებურებმა 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7-ში დამარცხდნენ.
No description available.

მეტოქის სათამაშო ფორმა

  • ბაქოს "ნეფთჩის" ბოლო 4 ოფიციალური შეხვედრა მოგებული აქვს და ზურგს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია უმაგრებს.
  • საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მომავალმა მეტოქემ ბოლო 16 ოფიციალური შეხვდრიდან 10 მოიგო და მხოლოდ სამში დამარცხდა.
  • "ნეფთჩიმ" ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 9-ში მეტოქეს სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.
  • "ნეფთჩის" ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში გოლი არ გაუშვია, უკანასკნელი 7 მატჩიდან 6-ში კი კარი მშრალად შეინახა.
  • ივნისის თვეში ნეფთჩიმ სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა: ფრე სლოვენიურ "ოლიმპია ლუბლიანასთან" - 1:1, მარცხი "სლოვენიურ" დომჟალესთან - 1:2 და გამარჯვება რუსულ მოსკოვის "სპარტაკთან" - 2:1.

შემადგენლობა

ბაქოს "ნეფთჩი" მეტწილად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა მათი გულშემაკტკივრები არც ლეგიონერების სიმწირეს უჩივიან. აზერბაიჯანის ჩემპიონის რიგებში 7 უცხოელი ფეხბურთელი ირიცხება, მათ შორის 23 წლის ნიგერიელი მარცხენა ფლანგის შემტევი, იუსუფ ლავალი, რომელიც იქ ბელგიური "ლოკერენიდან" მოხვდა. ასევე, თურქული "ბასაქშეჰირისა" და "ბურსასპორის" 21 წლის ყოფილი ცენტრალური მცველი, მერტ ჩელიკი, რომელიც კარიერას "გალათასარაის" აკადემიაში იწყებდა. იქვეა სეგენალელი ცენტრალური მცველი მამადუ მბოდი, რომელსაც წარსულში სერბული "ცრვენა ზვეზდას" მაისურით უთამაშია. აზერბაიჯანული გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და "ნეფთჩის" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25.5 წელს შეადგენს, თუმცა მათ გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავთ. 30-წლიან ნიშნულს სამი მათგანი გადაცდა, ხოლო 7 მოთამაშე 23-წლამდელია. გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბუერთელი 33 წლის სერბი ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩია, რომელსაც 2010 წელს ეროვნულ გუნდშიც უთამაშია. "ნეფთჩის" მთლიანი ღირებულება 7.43 მილიონ ევროს შეაგდენს, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი 29 წლის ემინ მაჰმუდოვია. გუნდის კაპიტნის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა და აზერბაიჯანის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ერთადერთია თავის გუნდში, ვინც ამ ნიშნულს შეწვდა. მას ეროვნულ გუნდში 18 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, კარიერის საწყის ეტაპზე კი რუსულ კლუბებში, მათ შორის მოსკოვის "სპარტკაშიც" თამაშობდა და "დინამო თბილისში" ახლადჩამოსული, ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახლდათ. მას რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც ჰქონდა, "ნეფჩთიში" კი პორტუგალიური "ბოავიშტადან" მოხვდა. საინტერესოა, რომ ეს მისი პირველი აზერბაიჯანული კლუბია.
No description available.

მეტოქის მატჩისწინა კომენტარი

სამირ აბასოვი - ბაქოს "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი: "წლების შემდეგ, “ნეფთჩის” სახელის ასეთი რანგის ტურნირზე წარმოდგენა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობას. არ დავმალავთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ღელვა. როგორიც იცით, ჩემპიონთა ლიგა მასშტაბური ტურნირია და მეტ ძალისხმევასა და ნერვულ დაძაბულობასაც მოითხოვს. იმედი გვაქვს, ეს დაძაბულობა ხვალ, მატჩის დაწყების წინ მოიხსნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი, გულშემატკივარი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეტოქე გუნდს გარკვეული უპირატესობები გააჩნია, რადგან საქართველოში ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს და ისინი ფორმაში არიან, თუმცა ჩვენ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ფიზიკური კონდიციების აღდგენას შევეცადეთ და დღევანდელი “დინამოსთან” გასამართი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ. კახა ცხადაძისგან, როგორც მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე, მის კარიერას, სამწვრთნელო ფილოსოფიას და სათამაშო სტილს კარგად ვიცნობ და ეს ხვალინდელ დაპირისპირებაში გარკვეულწილად გამომადგება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის ტაქტიკას დავაკოპირებ. მეტოქეს ჩემს სათამაშო სქემას შევთავაზებ. ვიცით, რომ “დინამო თბილისი” მოკლე პერიოდში ბევრი მატჩის ჩატარებას და მჭიდრო კალენდარს განიცდის, ჩვენ კი პირიქით, უთამაშებლობა და სეზონის დასრულების გამო, ოფიციალური მატჩების არარსებობა გვაღელვებს. შევეცდებით, ეს ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ გუნდს გარკვეულ რგოლებში აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები და ამაზე საუბარი კორექტული არ იქნება. თუმცა, შევეცდებით ორივე ეს კომპონენტი პრაქტიკაში კარგად გამოვიყენოთ. ჩამოსვლამდეც და ახლაც, ვცდილობთ მაქსიმალურად შევისწავლოთ მეტოქე და მათი კვალიფიციური მწვრთნელის გამო, არ შეიძლება “დინამო თბილისს” იოლ მეტოქედ მოვეკიდოთ და ასე  მარტივად შევხედოთ. გასაგებია, რომ მოახლოებული მატჩი დაძაბულობის ფონზე წარიმართება. ჩვენ გავეცანით მეტოქის სათამაშო სქემასა და ტაქტიკას, თუმცა ერთია თეორია და მეორე პრაქტიკაში ცოდნის გამოყენება. მე კარგად ვიცნობ კახა ცხადაძესაც, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მქონია და მისი უნარ-ჩვევები ჩემთვის კარგად არის ცნობილი. ღსანიშნავია ისიც, რომ “დინამო თბილისს” ხანგრძლივი ისტორია და ტრადიციები აქვს, ისევე, როგორც ჩვენს გუნდს, ამიტომ ხვალ რთული და დაძაბული მატჩი გველის".

სხვა სტატიები