Belive

ჩემპიონთა ლიგა | სიტი Vs. დორტმუნდი - რეალი Vs. ლივერპული (პრევიუ)

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპი გამორჩეული მატჩებით იწყება. 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "მანჩესტერ სიტი" "დორტმუნდს" დაუპირისპირდება - იგივე დროს, მადრიდში, "რეალი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. საფეხბურთო მიმომხილველების ვარაუდით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური დაპირისპირებები დრამატული და საკმაოდ სანახაობრივი გამოდგება. აღსანიშნავია, რომ წყვილების უმრავლესობაში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია.

6 აპრილი, 23:00 საათი, "ეტიჰადი", "მანჩესტერ სიტი" Vs. "დორტმუნდი"


111111

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში ბწრყინვალე ფორმაში იმყოფება. "ქალაქელებს" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი აშორებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინვალედ ასპარეზობს, რის გამოც, ფავორიტთა შორის დამსახურებულ ადგილს იკავებს. "სიტისგან" განსხვავებით, "დორტმუნდი" არც ისე დამაჯერებელ ფორმაში იმყოფება. ბუნდესლიგის განვლილი 27 ტურის შემდეგ, "დორტმუნდი" მე-5 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულთან 7 ქულა აშორებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მანჩესტერ სიტიმ" გერმანული "გლადბახის" ბარიერი ზედმეტი დაბრკოლების გარეშე გადალახა - ორი მატჩის ჯამში "ქალაქელებმა" მოწინააღმდეგეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. "დორტმუნდმა" შედარებით რთული გზა განვლო. "სევილიასთან" სტუმრად (2:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგის დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდის" გზები 2012/13 წლების სეზონში გადაიკვეთა. D-ჯგუფში "დორტმუნდმა" 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, "მანჩესტერ სიტი" კი 3 ქულით ქვეჯგუფის ფსკერზე აღმოჩნდა. მანჩესტერში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. დორტმუნდში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვეს. დაპირისპირებას "ქალაქელები" მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშე ხვდებიან. "დორტმუნდის" რიგებში სანჩოს, შმელცერსა და ვიტსელს ვერ ვიხილავთ.

6 აპრილი, 23:00 საათი, "ალფრედო დი სტეფანოს სტადიონი", "რეალი" Vs. "ლივერპული"



6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპული ფეხბურთის ორი გამორჩეული გრანდის დაპირისპირება შედგება. ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონების გზები, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გადაიკვეთა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, "რეალისა" და "ლივერპულის" უკანასკნელი დაპირისპირება. 2018 წლის, 25 მაისს შედგა. კიევში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 3:1 დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა. "რეალი" და "ლივერპული" 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგაზე B-ჯგუფში ასპარეზობდნენ. "სამეფო კლუბმა" ქვეჯგუფში გამართული ექვსივე შეხვედრა მოიგო - "ლივერპულმა" კი 5 ქულის დაგროვება შეძლო, რაც მხოლოდ და მხოლოდ მესამე პოზიციის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. 2008/09 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში "რეალს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და პლეი-ოფში დაამარცხა. "ენფილდზე" გამართულ მატჩში, "ლივერპულმა" "რეალი" 4:0 დაამარცხა. 6 აპრილს გასამართ მატჩს, "ბლანკოსი" და "ლივერპული" მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან. "რეალის" დახმარებას კარვახალი, რამოსი და ვალვერდე ვერ შეძლებენ. ასევე საეჭვოა აზარის მოედანზე ხილვა. მერსისაიდულ გრანდს გომესის, ჰენდერსონის, ვან დაიკისა და მატიპის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. ორიგის ხილვა ასევე საეჭვოა.

სხვა სტატიები