Belive

ჩემპიონთა ლიგამდე 1 დღით ადრე: ქართველების გენტმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდმა "გენტმა" მიმდინარე წელს მეორე მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ლასლო ბოლონი, რომელმაც "ბუფალოების" ყოფილი თავკაცი იეს თორუპი შეცვალა და წარსულში ისეთი გუნდების მწვრთნელი გახლდათ, როგორებიც "მონაკო", "სპორტინგი", "პაოკი" და რუმინეთის ნაკრებია, თანამდებობა არასრულ ერთ თვეში დატოვა. 67 წლის სპეციალისტი გუნდში 20 აგვისტოს დაინიშნა და 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, აქედან ორი მოიგო, ერთში კი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელი გიორგი ჩაკვეტაძეს ორჯერ ენდო და ის ძირითად შემადგენლობაში მოახვედრა, ქვილითაია კი ყველა ჯერზე განაცხადს მიღმა დატოვა. როგორც ბელგიური პრესა წერს, გარდა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, ლასლოს გაშვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გუნდის უკრაინელ ლიდერ, 24 წლის თავდამსხმელ რომან იარემჩუკთან კონფლიქტი გახდა. ლასლო ბოლონის დროებითი შემცვლელი ქართველების გუნდში მისი ასისტენტი უიმ დე დეკერი იქნება - 38 წლის ახალბედა, რომელსაც დამოუკიდებელი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. 3 ქულით "გენტი" ბელგიის იუპილერ ლიგაში მე-16 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კი ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ, 15 სექტემბერს, შინ ჩაატარებს.

სხვა სტატიები