Belive

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის წყვილები ცნობილი გახდა. ინტრიგა ყველა შეხვედრაშია, თუმცა რამდენიმე მატჩი დიდ იტერესს იწვევს.

ზაგრების "დინამო" - "რუსენბორგი"

ზაგრების "დინამომ" შეძლო პლეი-ოფში გასვლა. ხორვატებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში "ფერენცვაროშის" დამარცხება დამაჯერებლად, 1:5 შეძლეს. პირველი თამაში ხორვატიაში 1:1 დასრულდა, ხოლო ბუდაპეშტში გუნდმა 0:4 მოიგო. აღსანიშნავია, რომ "ფერენცვაროშის" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი, ლაშა დვალი იცავს. რაც შეეხევა "რუსენბორგს", ნორვეგიელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მარიბორს" 6:2 მოუგეს. ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დასრულდა.

"ოლიმპიაკოსი" - "კრასნოდარი"

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს "ოლიმპიაკოსი". ბერძნებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული "ბაშაკშეჰირის" დამარცხება შეძლეს. ორი მატჩის ჯამში გუნდმა 3:0 მოიგო. "კრასნოდარის" პლეი-ოფში გასვლა ბევრმა შეიძლება სენსაციად შერაცხოს. გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "პორტო" დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში მატჩი 3:3 დასრულდა, თუმცა სტუმრად გატანილი ბურთების უპირატესობით, შემდგომ ეტაპზე რუსები გავიდნენ.

"ლინცი" - "ბრიუგე"

ავსტრიული "ლინცი" პლეი-ოფში ითამაშებს. გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე, "ბაზელი" დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ავსტრიელებმა შვეიცარიელები 5:2 (2:1;3:1) დაამარცხეს. რაც შეეხება ბრიუგეს, ბელგიელები მძიმე და დაძაბული ბრძოლის შემდეგ გავიდნენ შემდგომ ეტაპზე. მათ ასპარეზობიდან კიევის "დინამო" გამოთიშეს. პირველი შეხვედრა კიევში "ბრიუგეს" სასარგებლოდ, 0:1 დასრულდა. მეორე მატჩი კი 3:3 დამთავრდა და ბელგიელები პლეი-ოფში არიან.

"აპოელი" - "აიაქსი"

ეს ის მატჩია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "აპოელმა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბახი" დაამარცხა. გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:2 (2:1;0:2) მოიგო. რაც შეეხება "აიაქსს", ამსტერდამელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ. დრამატულ და დაძაბულ დუელში მათ "პაოკის" დამარცხება შეძლეს. ორი მატჩის ჯამში შეხვედრა 5:4 დასრულდა. პირველი მატჩი 2:2 დამთავრდა, ხოლო "აიაქსმა" საკუთარ "იოჰან კრუიფ არენაზე" მეტოქეს 3:2 მოუგო.

"კლუჟი" - პრაღის "სლავია"

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კლუჟმა" ასპარეზობიდან შოტლანდიის ჩემპიონი, "სელტიკი" გამოთიშა. რუმინელებმა ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგეს. პირველი თამაში რუმინეთში 1:1 დასრულდა, ხოლო გლაზგოში გუნდმა 3:4 დაამარცხა "სელტიკი". პრაღის "სლავია" ასპარეზობაში პლეი-ოფიდან ერთვება.

"იანგ ბოისი" - "ცრვენა ზვეზდა"

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ეს წყვილიც დიდ ინტერესს იწვევს. "იანგ ბოისი" პლეი-ოფიდან ერთვება საქმეში. რაც შეეხება "ცრვენა ზვეზდას", გუნდმა უდრამატულეს ბრძოლაში შეძლო პლეი-ოფის საგზურის მოპოვება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა ასპარეზობიდან "კოპენჰაგენი" გამოთიშა. ამის გაკეთება სერბებმა თერთმეტ მეტრიანი დარტყმების სერიაში შეძლეს. პირველი თამაში 1:1 დასრულდა. მეორე მატჩიც 1:1 დამთავრდა. თერთმეტ მეტრიანების სერიაში კი "ცრვენა ზვეზდამ" 7:6 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები 20 და 21 აგვისტოს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები კი 27 და 28 აგვისტოს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები