Belive

ჩემპიონთა ლიგის წინ: დინამო ბათუმის თავდასხმის ხაზში ცვლილებებია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" თავდასხმის ხაზში ცვლილებას ანხორციელებს. საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ერთ ფეხბურთელს მეორე ჩაანაცვლებს - ელგუჯა ლობჯანიძეს მათე ვაწაძე შეცვლის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელგუჯა ლობჯანიძე კლუბს დატოვებს, ყაზახურ მედიაში ვრცელდება. წყაროს ცნობით, 29 წლის თავდამსხმელი ყაზახეთის ჩემპიონატში დაბრუნდება, იქ სადაც მას სამი სეზონი აქვს გატარებული - არის ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასი აქვს მოგებული. ლობჯანიძის დამატება "ყიზილ-ჟარს" სურს, რომელმაც წინა სეზონში ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის კონფერენს ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სწორედ ამიტომ კლუბის მიზანი გაძლიერებაა. ლობჯანიძე "დინამო ბათუმს" 2022 წლის ზამთარში შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება მის შემცვლელს, გავრცელებული ინფორმაციით, მათე ვაწაძესა და აჭარულ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია და იგი კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება. "დინამო ბათუმი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას 5 ივლისს, სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავის "სლოვანის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩი 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები