Belive

ჩინეთის ყველა დროის ბომბარდირს ქვეყნის მთავრობის დამხობა სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ, ჰაო ჰაიდონგმა, მანიფესტი გამოაქვეყნა და ჩინეთის მთავრობის წევრებს "ტერორისტები" უწოდა. ჰაიდონგის თქმით, მას ზურგს დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი უმაგრებს. ჰაიდონგმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 41 გოლი აქვს გატანილი, YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამხობის აუცილებლობაზე და ჩინეთის ფედერალური სახელმწიფოს შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. The New York Times-ის თანახმად, 50 წლის ყოფილი ფორვარდი ვიდეო მანიფესტში აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობა "ტერორისტულ ორგანიზაციას" წარმოადგენს, რომელიც დემოკრატიას ძირს უთხრის. მეტიც, ჰაიდონგმა კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთს ბრალი დასდო - მისი განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიოს წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი შექმნა, თუმცა ბრალდების დასაბუთებისთვის, დამატებითი არგუმენტები არ მოუყვანია.

ვიდეოს გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, ჩინეთის ნაკრების ბომბარდირის ვიდეო ჩინურ პორტალზე, სახელწოდებით Weibo, აღარ იძებნება. ჰაოს განცხადებით, მას მხარს ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი და გუო ვენგუი უჭერენ - 2014 წლიდან ჩინეთში ძებნილად გამოცხადებული, აშშ-ში მცხოვრები ჩინელი მილიარდერი, რომელიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ღიად უპირისპირდება.
1992-2004 წლებში, ჰაომ ჩინეთის ეროვნულ ნაკრებში 107 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. აღსანიშნავი მისი წვლილი, როდესაც ჩინეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სწორედ მისი დახმარებით შეძლო. კარიერის უდიდესი ნაწილი, ჰაომ ჩინეთში გაატარა. მხოლოდ კარიერის დასასრულს, მან ინგლისურ "შეფილდთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მოედანზე მხოლოდ ერთხელ, შეცვლაზე გამოჩნდა (2006 წლის იანვარი).