Belive

ჩისკო: "გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ისტორიის შეცვლის შანსი გვეძლევა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უელსური "ქონას ქეი ნომადსის" წინააღმდეგ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართი შეხვედრის წინ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა "ჩისკო მუნიოსმა მის გუნდში არსებული მდგომარეობის, განწყობის და მეტოქის ძალების შესახებ ისაუბრა. "გუნდში შესანიშნავი განწყობა და ატმოსფეროა. უელსში ჩამოსვლისთანავე მოვიხიბლეთ, რადგან აქ ძალიან ლამაზი გარემოა. ვაცნობიერებთ, რომ საერთაშორისო ტურნირები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ვიცით, რომ მარტივი მატჩი არ გვექნება, მაგრამ ამის მიუხედავად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ზოგიერთი დეტალი წინა მატჩის შემდეგ შევცვალეთ. ის სამი კვირა, რაც გუნდში დაბრუნების შემდეგ გავატარე, ბიჭების შრომისუნარიანობას და მონდომებას ვხედავთ. კარგი მატჩები ჩავატარეთ, როგორც ამხანაგური, ისე ბოლო ოფიციალური შეხვედრა ეროვნულ ლიგაში. მე მჯერა ჩემი ბიჭების და ვიცი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მეტოქე შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ. გავაანალიზეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ისინი აქცენტს გრძელ ჩაწოდებებზე აკეთებენ. ვიცით, რომ ამ სეზონში უკვე ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს, მათ მოედნის ყველა წერტილში ბრძოლა უყვართ და ფიზიკურად ძლიერ მომზადებული ფეხბურთელები ჰყავთ, ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველის, ვინაიდან სტუმრად ვთამაშობთ. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან ეს "დინამოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ერთი მატჩია და ყველაფერია გასაკეთებელი, რომ ეს ერთი მატჩი დადებით შედეგამდე მივიყვანოთ. ისტორიულად, "დინამო" უელსში მატჩებს აგებდა, თუმცა თბილისში შემოტრიალებას ახერხებდა. ახლა გვაქვს შანსი, რომ ისტორია შევცვალოთ და უკვე მეტოქის არენაზე გამარჯვება მოვახერხოთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. საქართველოს და უელსის მოქმედი ჩემპიონების მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები