Belive

და იქნება სისხლი

2 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
მისი სისხლი ნავთობი იყო. თვალებიდან ცრემლის ნაცვლად ნავთი სდიოდა. ხან ადამიანები ეგრეც იბადებიან. ხან ანუ იშვიათად. დენიელი ამ დაბადების კაცი გახლდათ, სხვა სამყაროების დემიურგი. კოჭლი დემიურგი. ეს კოჭლობა შემთხვევითი საქმე როდია - ღმერთის და იაკობის შერკინების შედეგი და ადამიანისთვის მისი ვერსრულყოფის შეხსენებაა. პოლ ანდერსონის კინოგმირი (2007 წელი, ,,და იქნება სისხლი’’ ეპტონ სინკლერის რომანის მიხედვით), არც კეთილია და არც ბოროტი, ან კეთილიცაა და ბოროტიც. ისევე, როგორც ჩვენ. მაგრამ ნავთის სუნის სიყვარული განგვასხვავებს და ის განგვასხვავებს, რომ ამ სუნის საპირწონე მისთვის არც ღმერთია, არც ქვეყანა დ არც შვილი. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ადამიანი-დემიურგები. დიქსონზე, დიქსონზე წადი! - უყვირა რაიანს ალექსმა, ჯერ სერ-ის გარეშე რომ იხსენიებოდა, საღეჭ რეზინას უმოწყალოდ ცეხვავდა და ტრადიციისამებრ აწითლებულიყო. გიგზს ან ესმოდა ან არა, ის მთელ არსენალზე მიდიოდა, საუკუნის გოლთაგანი უნდა გაეტანა. მერე ალექსი კამპ ნოუზე იდგა. აუტის ხაზთან. შმეიხელმა შეშლივით ჩაირბინა, იმ დღეს იორკისა არაფერი ეცხო, მაგრამ ბურთი კი გამოაგდო, ბაიერნის ფეხბურთელმა გამოიტანა და წითლების 11-მა უმისამართოდ მოუქნია ფეხი. პასი ზუსტი გამოდგა. შერინგემიც. ერთ წუთში ოლე გუნარმა სასწაული შექმნა. შექმნა იმ დღისგან რომელიც მიუნხენელებისა იყო - გოლის გარდა ორი ძელი და პიტერის კედელი. თან მანჩესტერი უკინოდ და უსქოულზოდ, უკვე ვერგაბრწყინებული ნიკი ბატისა და ნელ-თბილი იესპერ ბლომკვისტის იმედად, რომელიც სულ კალე ბლომკვისტის ნათესავი მეგონა. მაგრამ 98/99 ასე უნდა დასრულებულიყო: იმის გამო რაც არსენალთან მოხდა, რაც იუვენტუსთან მოხდა და იმის გამო, რომ ფერგის მატჩის შემდეგ აუცილებლად ეთქვა: ,,ფეხბურთი, ეს სისხლიანი ჯოჯოხეთია’’. ჯოჯოხეთი, რომელიც სამოთხეს გულისხმობს, რომლის წყალობითაც მე, ჩაბნელებული ოზურგეთიდან, გადმოყვანილი შუქით ძლივსგანათებული ოთახიდან ( გრაფიკის გამო მალე მხოლოდ ნავთის ლამფის შუქს რომდასჯერდება) აჩახჩახებულ კამპ ნოუზე აღმოვჩნდი, ამ დიდ და შემაშინებელ სტადიონზე, რომელიც მერე მთელი ღამე დამესიზმრება.

გაკვეთილების მერე სკოლასთან ახლოს, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით. ერთხელაც, უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო ჩვენი ,,შეჯიბრი’’, გადავწყვიტეთ საფეხბურთო კლუბების სახელებით შევრკინებოდით ერთმანეთს. იყო ასეთი ჟურნალი ,,ფეხბურთი’’, ერთ-ერთ ჩვენგანს ჰქონდა ხოლმე და გუნდების ჩამონათვალი ვნახეთ. ჰოდა, ერთ-ერთ მათგანს გერბზე დემონი ეხატა - მანერულობის ამბავი იყო თუ რაც იყო, ვთქვი - მე ვიქნები მანჩესტერ იუნაიტედი. არცერთი თამაში არ მენახა ამ გუნდის, არცერთი წევრი არ მსმენოდა, ვიცოდი მხოლოდ დევიდ ბექჰემი, როგორც ვინმე რვეულების გარეკანთა გმირი. ხოლო იმ დღეს ნახევარფინალში გავედი. ნამდვილი მანჩესტერი თურმე მეოთხედფინალში იყო - ჩემპიონთა ლიგის. მერე დავტრიალდი და ერთი მეგობრის არქივს ჩავუჯექი - უმეტესად გაზეთი ,,სარბიელი’’ იძებნებოდა. ჩემი გუნდის შესახებ რამე უნდა მცოდნოდა - სირცხვილი იყო ბოლო-ბოლო. ძველ თამაშებს ვკითხულობდი - პრემიერ-ლიგის მიმოხილვებს. ხომ ამბობენ ჩვენი წინაპრები, რადიოთი რეპორტაჟის მოსმენა სულ სხვა იყო, უცნაური ხილვები მოჰქონდაო, მე საერთოდაც ფურცლებზე ვუყურებდი თამაშებს - დაუვიწყარი ინტიმი, ცალკე თავგადასავალია. დაუვიწყარზე გამახსენდა, დამავიწყდა მეთქვა, ეს 90-იანების მიწურულია სალარნაკედ ქცეული ტელევიზორების დრო. თამაშებს ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში აჩვენებდნენ, სატელიტური ანტენით ერთ თურქულ ტელე-არხს (STAR) იჭერდნენ. დასწრება ლარი ღირდა. ინტერი-მანჩესტერია, განმეორებითი მატჩი. პირველი ოლდ ტრეფორდზე მასპინძლებმა მოიგეს 2:0. რონალდო ვიცოდი. ბაჯოც, ჯორკაეფიც, პალიუკაც - საერთოდ იმათი უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე მანჩესტერის. იმ დღეს ფენომენმა ვერ ითამაშა, ვენტოლამ შეცვალა და გაიტანა კიდეც. მერე იყო დაძაბული წუთების წყება, მაგრამ გადავრჩით - სქოულზმა გამთანაბრებელი დაჰკრა. სახლში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. წითელა შემაყარა. წითელას ვინ ჩივის, საკითხი უფრო რთულად დგას. ცრურწმენებს ბავშობიდანვე მიველტვი და ვებრძვი. დიახ, ორივე ერთად. ამიტომაც არ დასრულდა ეს ამბავი. ვიცოდი და ვიცი რომ უკიდურესი სისულელეა, მაგრამ რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ მაგალითად: სანამ შუქი იყო, დაწოლის წინ სამჯერ ვანთებდი და ვაქრობდი. მერე ჩუსტებს სამჯერ ვიღებდი ხელში და ვდებდი. ხან, ბნელი და შემაშინებელი ღამისას გავდიოდი იქ, უკან, სათხილეში, სადაც ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო და იმ ხეს ხელს მივადებდი და მერე შეშინებული მოვრბოდი უკან. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. კიდევ ღამით ფრჩხილებს არ ვიჭრიდი, სკვინჩას სტვენა ან ძაღლის ყმუილი მეგონა კაცის სიკვდილის მოასწავებდა და სხვა ბევრი მსგავსი ჩემეული თუ ნაკარნახევი ამბავი. ყველაფერი რომ მოვიშალე, მანჩესტერი გაჩნდა. ეგრე ჩავუთქვი, რომ თუ იგებს, ის კვირა წარმატებული მაქვს, თუ ვერ - შესაბამისად. სასაცილო საქმე გგონიათ? მე თქვენზე უფრო. მაგრამ ვიცინი და მწამს. იმ წლებში, როცა მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპიდან ხან მილანი აძევებდა, ხან ბაიერნი, ერთხელ ბებერ ტრეფორდზე კიდევ ახალგაზრდა ჟოზე მოურინიო იშვა - მე ცოტა ფეხბურთის ცქერას ჩამოვშორდი. რთული წლები მედგა. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუვლიდი, თუ გარეკანზე გუნდის თამაშის სურათი იყო გამოტანალი, ეგრე შევხვედავდი, როგორც რომ განშორებულ სატრფოს - აი, თვითონ რომ გაგშორდება და შენ თან გიყვარს და თან კიდევ ეგო გიტევს. მოსახდელია. მერე შევრიგდით მე და ფეხბურთი. მერე რონალდუ იყო. ტერის მოსკოვში ფეხი დაუცდა. ჰოდა, ეგ არის. ამ საკითხზე ბევრს ვერ ვწერ. ძნელია სიყვარულზე წერა. ყველაზე ძნელი. არადა სულ გეწერება. მაგრამ ვერ. სიყალბის გეშინია. სიტყვის სხვაგან გაქცევის, ზევით. დიდი მცველის, იაპ სტამის პენალტივით.

სხვა სტატიები