Belive

"დაიმსხვრა მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მიწვევა არ შეიძლება" - კახა ცხადაძემ მარტის სანაკრებო შეხვედრები შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, ეროვნული გუნდის მიერ, მარტის თვეში ჩატარებული სამი ოფიციალური მატჩი საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში შეაფასა და ახალი მთავარი მწვრთნელისა და დებიუტანტების შესახებაც ისაუბრა.
"სანიოლს, ფაქტობრივად, დრო არ ჰქონდა, რომ გუნდი მოემზადებინა. ფორსმაჟორში მუშაობდა. მთავარია, რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის მიწვევა არ შეიძლება.  სანიოლმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარია ფეხბურთელი აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პოზიციაზე კრიტერიუმებს. მეორე – მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ და თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, ნაკრებშიც ვერ მოხვდება. ამას მივესალმები. ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა დაცვის ფლანგებზე გვქონდა, განსაკუთრებით, მარცხენა მცველის პოზიციაზე. გიორბელიძე ავსტრიაშია და ჩანს, რომ შეუძლია კარგი მცველი დადგეს. მას დიდი სისწრაფე აქვს, დიდი მანძილი შეუძლია დაფაროს და წართმევაშიც ხისტია. ერთადერთი, პოზიციური შეცდომები აქვს, რის გამოც ესპანეთთან გოლიც გავიდა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. მთავარია, რომ პერსპექტიულია და როგორც იქნა, ეს დაინახეს. თუმცა, აქამდეც მხედველობაში უნდა ჰყოლოდათ, რადგან ფაქტობრივად, მარცხენა მცველებში ერთადერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები კიდევ არიან. სტატისტიკური მონაცემები რომ ვნახოთ, ამ სამ მატჩში საუკეთესო კაშია იყო – ორთაბრძოლებში, ჩაჭრებში… რა თქმა უნდა, კვარაცხელიაზე არაფერს ვამბობ, ეს ბიჭი ფენომენია. სანიოლმა ზივზივაძეს ესპანეთთან შანსი მისცა და კარგია, რომ არ შეცვალა და საბერძნეთთანაც ენდო", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები