Belive

დანი ალვეშის საქმეზე გაკეთებული კომენტარის გამო ხავიმ ბოდიში მოიხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ბოდიში მოიხადა იმ კომენტარის გამო, რომელიც მან დანი ალვეშის დაკავების შემდეგ გააკეთა.

ალვეში გასულ კვირას სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს. 39 წლის მცველი ბრალდების დამტკიცების შემდეგ, მექსიკურმა "პუმასმა" კლუბიდან გაუშვა და ახლა ციხეში სასჯელს იხდის. თავად ფეხბურთელი უარყოფს მისი მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობას და არაა გამორიცხული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამ ყველაფერზე კომენტარი ხავიმ "ხეტაფესთან" მატჩის წინ გააკეთა და თქვა, რომ ყოფილი თანაგუნდელის გამო თავს ცუდად გრძნობდა. ესპანელი მწვრთნელის ამ განცხადებამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან "ბარსელონას" თავკაცს მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა არ გამოუხატავს და ის საერთოდ არ უხსენებია. 42 წლის სპეციალისტმა ბოდიში მალევე მოიხადა.

"ის, რაც ალვეშზე ვთქვი, არასწორად იქნა განმარტებული, ალბათ, მე არ ვიყავი საკმარისად ძლიერი. მსხვერპლი დავაიგნორე. არ აქვს მნიშვნელობა ასეთ რამეს ვინ ჩაიდენს, ეს დასაგმობია. ბოდიშს ვიხდი. ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ დამავიწყდა მსხვერპლზე საუბარი. ეს ძალიან სამწუხაროა." - განაცხადა ხავიმ.

"კამპ ნოუზე" ერთად ყოფნის დროს ხავიმ და ალვეშმა ლა ლიგის ხუთი ტიტული, სამი ჩემპიონთა ლიგის თასი და სამი კოპა დელ რეი მოიგეს.

მექსიკურ "პუმასში" წასვლამდე, ალვეში 38 წლის ასაკში "ბარსელონაში" დაბრუნდა, სადაც ჩავის ხელმძღვანელობის ქვეშ ასპარეზობდა. ბრაზილიელმა ყოფილ გუნდში 17 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები