დანია Vs. საქართველო (პრევიუ)

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D-ჯგუფის შეხვედრაში, დანია საქართველოს დაუპირისპირდება. კოპენჰაგენში გასამართი მატჩი, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

D-ჯგუფში საქართელოს ნაკრები მეოთხე შეხვედრას მართავს. შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა (3:0) და 3 ქულით, ქვეჯგუფში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. დანიამ ქვეჯგუფში მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა. სასტარტო ტურში შვეიცარიასთან ფრედ 3:3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, დანიელები ირლანდიას დაუზავდნენ (1:1).

D-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით დანია სარგებლობს. საქართველოს ნაკრებისაგან განსხვავებით, დანიელები პრაქტიკულად უდანაკარგოთ და ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან მატჩს. ორ ნაკრებს შორის დღემდე გამართული 3 დაპირისპირებიდან 2 შეხვედრა დანიის გამარჯვებით, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

დანია და საქართველო ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ორჯერ დაუპირისპირდნენ. 1 მატჩი კი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის ფორმატით ჩატარდა. დანიისა და საქართველოს პირველი დაპირისპირება 2004 წლის 17 ოქტომბერს შედგა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დანიის ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა იონ დალ ტომასონმა, საქართველოს ნაკრებიდან გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა შეძლეს გოლის გატანა. ქვეჯგუფის განმეორებითი მატჩი, 2005 წლის 7 სექტემბერს შედგა. აღნიშნულ დაპირისპირებაში დანიამ საქართველოს ნაკრები 6:1 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი დემეტრაძე გახდა.

დანიისა და საქართველოს უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 5 ივნისს შედგა. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ირაკლი ძარიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა თუმცა 77-ე წუთზე ნიკლას პედერსენმა წონასწორობა აღადგინა, 89-ე წუთზე კი კრისტიან ერიკსენმა საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:1).

(1172)

დანია Vs. საქართველო (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-