Belive

დარვინ ნუნიესმა გერმანელები შეაშინა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლაიფციგმა" ხუმრობით "ლივერპულთან" განმეორებითი მატჩი ერთი პირობით მოითხოვა, რომ დარვინ ნუნიესი შემადგენლობაში არ იქნებოდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელიც მერსისაიდელებს პორტუგალიური "ბენფიკადან" შეურთდა, ხუთშაბათს გერმანულ კლუბს ოთხი გოლი გაუტანა. ერთი გოლიც ეგვიპტელმა სალაჰმა გაიტანა და საბოლოო ჯამში, "ლივერპულმა" 5:0 გაიმარჯვა. წინა მატჩში არც ისე დამაჯერებლად გამოსვლის შემდეგ, ნუნიესმა დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი 85 მილიონი ფუნტი წყალში გადაყრილი თანხა არაა.  

  მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა დარვინისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"დარვინი ნამდვილად განსხვავებული თავდამსხმელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ მოთამაშეში დიდი თანხაა გადახდილი ის ამით არანაირ ზეწოლას არ განიცდის. თუმცა, ისინიც ხომ ადამიანები არიან. მოთამაშეთა ეს თაობა სოციალურ ქსელებს აქტიურად ადევნებენ თვალს, სადაც გულშემატკივრების კომენტარებსაც კითხულობენ, რაც ნამდვილად არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი მაინც კითხულობენ."
  მატჩის შემდეგ "ლივერპულმა" Twitter-ზე დარვინის გოლების კოლაჟი გამოაქვეყნა. სწორედ ამის შემდეგ, "ლაიფციგმა" ხუმრობით შესთავაზა რევანშის აღება ინგლისურ კლუბს, ოღონდ, ნუნიესის გარეშე.   მას შემდეგ, რაც "რედ ბულ არენაზე" ურუგვაელმა ფორვარდმა ქვა ქვაზე არ დატოვა, ენდი რობერტსონმა მასზე კომენტარი გააკეთა:
"ახალ თანაგუნდელებთან შეგუებას ყოველთვის დრო სჭირდება, ეს ყველამ გამოვიარეთ. დარვინს, ჰონორარის გამო, დიდ ზეწოლასთან უხდება გამკლავება, რაც ადვილი არაა. ის ნელ-ნელა ძლიერდება და ადაპტაციასაც საკმაოდ კარგად გადის. დღევანდელი თამაში მას თავდაჯერებას შემატებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია თავდამსხმელისთვის. ასე, რომ მე მისით აღფრთოვანებული ვარ და მალე გულშემატკივრებიც აღფრთოვანდებიან."
 

სხვა სტატიები