Belive

"დავინახე ნაკრები, რომელმაც იცოდა, რას აკეთებდა, ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება შეუძლია" - გიორგი ჭიაბრიშილი სანაკრებო სიალხლეებს აფასებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში, საქართველოს ნაკრებში არსებული სიახლეების და საბერძნეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"ძალიან ძნელია, ორი თამაშის შემდეგ შეაფასო ახალი მწვრთნელის საქმიანობა. მე პირველი დადებითი ის დავინახე, რომ სანაკრებო კანდიდატთა სია გაიზარდა. მეორე დადებითი ისაა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებულების რაოდენობა გაიზარდა. ადრეც იძახებდნენ, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ მათ შანსი მისცემოდეთ. ახლა ძირითადში ითამაშა ჩაბრაძემ და ეს არის მესიჯი, რომ ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას აქვს. ჩაბრაძემ კი ძალიან კარგად ითამაშა. ანუ, ეროვნულ ლიგას აქვს იმის საშუალება, რომ ნაკრებს მოთამაშეები გაუზარდოს. ეს კარგი მესიჯია ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. ვისაც პოტენციალი აქვს, ალბათ, უფრო მეტად დაიხარჯება, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს, რაც დიდი სტიმულია. ანუ სანაკრებო სია გაფართოვდა, ახალი სახეებია და მხოლოდ 12-13 მოთამაშეს შორის არ ვტრიალებთ. გურამ კაშია კარგი ღვინოსავითაა, რაც უფრო წლები გადის, უფრო კარგი ხდება. ორივე თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მისი კლასისა და გამოცდილების გვჯეროდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ჩვენს ჩემპიონატში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ხელს გვიშლის ინფრასტრუქტურა და გულშემატკივარი, რომელიც გაბრაზებულია და ამბობს, თუ არ მოიგებთ, არ მოვალთო, მაგრამ თუ არ მოვლენ, ვერ მოვიგებთ. ეს ჩაკეტილი წრეა და რაღაც უნდა მოევლოს. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული ბევრი მოთამაშე გაგვაოცებს მე დავინახე ნაკრები, რომელმაც იცოდა, რას აკეთებდა. სანიოლს სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ გუნდს კარგად გადასცა ის, რისი განხორციელებაც სურდა. ფეხბურთელებს ტაქტიკა კარგად ჰქონდათ ათვისებული. ეს ორგანიზებულობა კარგად ჩანდა. მას ფეხბურთელებისთვის პოზიცია კარგად აქვს შერჩეული. გადამდებია მისი გამარჯვებულის ფსიქოლოგია, რომ უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ. შედეგი ჯერ არ არის, მაგრამ ჩემთვის შედეგი იყო ახალი სახეები და ეროვნულ ჩემპიონატს ყურადღებას რომ აქცევს. ეს გაზრდილი კონკურენცია ადრე თუ გვიან შედეგს მართლა მოიტანს. მგონია, რომ დღეს ქვილითაია ითამაშებს. საბერძნეთს პატარა უპირატესობა არ აქვს, რადგან პირველი მატჩის შემდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, კარგად დაისვენეს და ძალები აღიდგინეს. რომ გადახედოთ, ესპანეთთან გრაფაში სულ ნულები უწერიათ. ჩვენ კი დაბლოკილი დარტყმები, კუთხურები და სხვა მაჩვენებლები გვქონდა, რაც მეტყველებს, რომ ვითამაშეთ. მე ჩვენი ნაკრების თამაში უფრო მომწონს, მთავარია, ფიზიკურად გადაღლილები არ იყვნენ. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ დღეს მოგება შეგვიძლია“, - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 31 მარტს, სალონიკში, "ტუმბა არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები