Belive

დავით ხარაბაძე: "ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდა, სეზონის განახლებისთანავე ვარჯიშს დაიწყებენ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საფეხბურთო სეზონის თითქმის ორი თვით შეჩერება ფეხბურთელებს სათამაშო ფორმისგან გამოთიშავს, რისკის ქვეშაა მათი ჯანმრთელობაც და მაღალია ტრავმების ალბათობაც. კორონავირურის პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს ფიზიკური ფორმის შენარჩუნების შესახებ "დინამო თბილისის" და საქართველოს ნაკრების ექიმს დავით ხარაბაძეს ვესაუბრეთ. ასეთ გარემოში როგორ ახერხებთ ფეხბურთელებთან კომუნიკაციას და მითითებების მიცემას? სამწვრთნელო შტაბთან ერთად ფეხბურთელებს დისტანციურად ვეკონტაქტებით. მათ აქვთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც სახლის პირობებში ვარჯიშობენ. მართალია, ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინიმალურ დონეზე მაინც ფორმის შენარჩუნებას ცდილობენ. ამხელა პაუზის შემდეგ, ტრავმების რისკი ალბათ გაიზრდება. როგორ უნდა დაიზღვიონ თავი ფეხბურთელებმა? ნებისმიერი პაუზის შემდეგ, ფორმის აღდგენა და ტრავმისთვის თავის არიდება ჭირს. მითუმეტეს, როცა პაუზა ამდენ ხანს გრძელდება და თანაც ფეხბურთელებს ჩვეული საწვრთნელი პროცესი არ აქვთ. თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ტრავმას თავი აარიდონ. გვაქვს კომუნიკაცია და ვცდილობთ მაქსიმალურად სწორი მითითებები მივცეთ. პირველ რიგში, აუციელებლია, რომ ერთბაშად დიდ დატვირთვას მოერიდნონ. ნელ-ნელა მცირე დოზებით უნდა განაახლონ ვარჯიში. ასეთი პრაქტიკა ევროპაშიც არსებობს. ჩვენი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გუნდმა 3 4 ან 5 კაციანი ჯგუფებით ვარჯიში დაიწყო. საჭიროა, რომ ფეხბურთელები სავარჯიშო პროცესს ეტაპობრივად დაუბრუნდნენ. მაგალითად, გერმანიაში, ფეხბურთის ფედერაციაში სპეციალური კომიტეტი შეიკრიბა და შეადგინეს პროტოკოლი სავარჯიშო პროცესისა. აქ არის მთელი რიგი პუნქტები, თუ როგორ უნდა განლაგდნენ ფეხბურთელები ვარჯიშის დროს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, როცა ვარჯიშის განახლების შესაძლებლობა გვექნება, ჩვენც შესაბამის ზომებს მივიღებთ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ წმინდა სამედიცინო კუთხით, რამდენიმე კვირა მაინც საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა მხოლოდ ივარჯიშონ და განახლებულ სეზონს ფორმაში შეხვდნენ.
"დინამო თბილისს" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, განსაკუთრებით წინა ხაზში. როგორია ამჟამად მათი მდგომარეობა? ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია და ვარჯიშის განახლებისთანავე შემოგვიერთდებიან. ამჟამად, ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. როგორია უშუალოდ ლევან მჭედლიძის მდგომარეობა, რომელსაც ტრავმები ხშირად აწუხებს? მას საკმაოდ რთული ტრავმა ჰქონდა ზამთარში, სუპერთასის მეორე დღეს გამართულ ვარჯიშზე კი კიდევ ერთხელ დაშავდა. ამჟამად ის ჯანმრთელადაა, თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა.
ბელარუსთან მატჩის გადადება ამ მხრივაც არასახარბიელოა. რადგან ფეხბურთელების უმეტესობა კარგ ფორმაში იყო... ნამდვილად, თითქმის ყველა ფეხბურთელი ფიზიკური მომზადების მხრივ გამორჩეულად კარგ ფორმაში იყო. ერთადერთი, ოთარ კაკაბაძეს ჰქონდა ტრავმა და მასაც სრულად გამოსაჯანმრთელებლად ძალიან ცოტა აკლდა. ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და მოტივირებული იყო, ამიტომ მატჩის გადადება საწყენია. თუმცა, მე იმედი მაქვს მათი პროფესიონალიზმის და დარწმუნბული ვარ როცა შეხვედრა ჩატარდება, ყველანი მომზადებულები იქნებიან. ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები