Belive

დავით კობოური: "ამ ეტაპზე ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი, ძალიან ბედნიერი ვარ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წელს საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტანტი იქნება. ჯიმი ტაბიძის ტრავმის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში დავით კობოურს უხმო. "დინამო თბილისის" 22 წლის მცველს, რომელიც კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, live.ge დაუკავშირდა და ახალი გამოწვევის და მოახლოებული საკლუბო და სანაკრებო დაპირისპირებების შესახებ ჰკითხა. "საქართველოს ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და სიხარულია. არ ველოდებოდი, რომ ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში გამომიძახებდნენ და როცა ეს ამბავი გავიგე, ემოციების ქვეშ ვიყავი. ორივე შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია და იმედი მაქვს ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.  ეროვნულ ლიგაში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ და ცხრილის სათავეშიც ვიყავით. ჯერ არაფერი დამთავრებულა, თითქმის ნახევარი სეზონი წინ არის, იმედია, დამაჯერებლად ვითამაშებთ და დასახულ მიზნებს მივაღწევთ. საკუთარ სეზონზე და შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა უკმაყოფილო არ ვარ და იმედია ასე გავაგრძელებ. "ტირანასთან" მატჩში ქართველ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ. ახლა უკვე ევროპის ლიგის მატჩზე ვართ კონცენტრირებული და იმედი მაქვს ამ სიტუაციას გამოვასწორებთ", - თქვა კობოურმა. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ მატჩს 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, 3 დღის შემდეგ კი, თბილისში, "დინამო არენაზე", ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში, ევროპის მასშტაბით ყველა სანაკრებო დაპირისპირება მაყურებლის დასწრების გარეშე ჩატარდება.

სხვა სტატიები