Belive

დავით მუჯირი: "საქართველო-ბელარუსის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება!" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება განახლებული ფორმატით და შეცვლილი ადგილმდებარეობით ბათუმში, 18-19 იანვარს ჩატარდა. ტრადიციად ქცეული ტურნირის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არსებული და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ live.ge-სთან ისაუბრა. მან ასევე განმარტა, რომ ერთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალური მატჩი თბილისში გაიმართება. "წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ყველა ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, დედაქალაქს მიღმა გავიტანოთ და რეგიონებში გავშალოთ. ზამთრის თასის ეს გათამაშებაც სწორედ ამის მაგალითია. მინდა დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მადლობა ვუთხრა. ტურნირმა ყველა იმ სტანდარტის დაცვით ჩაიარა, რასაც ამ წლების განმავლობაში ვაყალიბებდით გვქონდა სიახლეც: ჩატარდა 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირიც, სადაც გამარჯვება სფფ-ს აკადემიის რუსთავლის ფილიალის ბავშვებმა მოიპოვეს. ვულოცავ მათ და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.  მნიშვნელოვანი ღონისძიებების ცენტრის გარეთ გატანის ტენდენციას მომავალშიც გავაგრძელებთ. თანაც, ბათუმს მალე ახალი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, სადაც როგორც ასაკობრივი, ისე მთავარი ნაკრების შეხვედრების ჩატარება იქნება შესაძლებელი. თუმცა, კონკრეტულად უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის ამ კატეგორიაში არ იქნება. ვინაიდან, შეხვედრა 26 მარტსაა დანიშნული, ამ დროისთვის კი ბათუმის ახალი სტადიონი სრულფასოვნად მზად არ იქნება. ცხადია, არსებობდა იდეა, მაგრამ დრო ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, ამ ეტაპზე საქართველოს უეფასთვის წარსადგენი ერთადერთი სტადიონი არსებობს და ეს დინამო არენაა. უეფას, ფიფას და ზამთრის თასის სხვა მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ახალი სტადიონი მოვინახულეთ და სტუმრები სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, მაგრამ მარტისთვის სამწუხაროდ არჩევანში შეზღუდულები ვართ. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი თბილისში გაიმართება",-თქვა დავით მუჯირმა.

სხვა სტატიები