Belive

დავით ვოლკოვი: "ამ გოლს სხვა ყველასგან განსხვავებული ემოცია ჰქონდა, რომელიც ყოველთვის დამამახსოვრდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ქართული ფეხბურთისთვის ნოემბრის თვე და სანაკრებო პაუზა წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით, მთავარი ნაკრებისთვის, რომელმაც ორიდან ორი შეხვედრა მოიგო, მიჯრით სამი გამარჯვება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დააგროვა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რეზულტატი ჩაიწერა - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთის წინააღმდეგ (2:0). სანაკრებო შეხვედრების ერთ-ერთი გამორჩეულად პოზიტიური მომენტი დავით ვოლკოვის ეროვნულ გუნდში დებიუტი იყო, რომელმაც ჯერ შვედეთთან მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და ძალიან ეფექტურადაც ჩაერთო, ხოლო შემდეგ უზბეკეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში (1:0) გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და ცენტრ-ფორვარდისთვის დამახასიათებელი ის უნარ-ჩვევები გამოავლინა, რომლითაც ქართველი ქომაგი ძალიან გაახარა. https://www.live.ge/fexburti/davith-volkovma-uzbekeths-sadebiuto-goli-gautana-video/ Live.ge აზერბაიჯანული "ზირას" ფეხბურთელს ესაუბრა და როგორც პირადად მისთვის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბევრი ემოციით დატვირთული სანაკრებო პაუზის შეფასება სთხოვა.
"როცა გავიგე, რომ საქართველოში ეროვნულ გუნდში სათამაშოდ უნდა ჩამოვსულიყავი, უსაზღვრო ემოციები დამეუფლა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. საქართველოს ნაკრებში ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია, რადგანაც ბიჭების უმრავლესობას უკვე ვიცნობდი და ადგილზე შესანიშნავი გარემო დამხვდა.  შევდეთთან გამარჯვებაში დიდი როლი სწორმა ტაქტიკურმა მუშაობამ და ფეხბურთელების მიერ ზუსტად შესრულებულმა დავალებებმა ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი გულშემატკივარი იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ის მუხტი დაუბრუნა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აკლდა. რაც შეეხება სადებიუტო გოლს, ამ დროს ისეთი რამ ვიგრძენი, როგორც არცერთი სხვა გოლის დროს არ განმიცდია და ეს განცდა ჩემს კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით დარჩება. სასიხარულოა, რომ მთავარი მწვრთნელი მენდო და სასიამოვნო იქნება, თუ მომავალშიც სტაბილურად გავაგრძელებ თამაშს და შევძლებ დამტკიცებას, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შემიძლია. იწერება, თითქოს არის საუბარი ჩემი საკლუბო კარიერის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი მსმენია, მხოლოდ იმას ვეცდები ჩემს საქმეში მაქსიმუმი გავაკეთო და ვნახოთ, რა მოხდება. 2015 წელს ჩემს კარიერაში რთული პერიოდი იდგა (ტრავმები, გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა), თუმცა მთავარია, რომ ეს პერიოდი დავძლიე და ახლა შემიძლია ჩემი კარიერა ისე განვავითარო, როგორც მჭირდება. ვეცდები, ჩემი თავისგან მაქსიმუმი გამოვავლინო და კარიერის ბოლოს რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ვიყო", - თქვა დავიოთ ვოლკოვმა.
 

სხვა სტატიები