Belive

დენზელ დუმფრისი | ევრო 2020-ის აღმოჩენა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ვინც ევრო 2020-ზე ნიდერლანდების სასტარტო ორ მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა (როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში), დენზელ დუმფრისი იყო - ენერგიული მარჯვენა მცველი, რომელმაც ორი მატჩში გოლი გაიტანა და დავიდ ალაბას 11-მეტრიანიც გამოსტყუა. დუმფრისის პროგრესი აშკარად თვალშისაცემია - 18 წლის ასაკში, იგი სამოყვარულო ფეხბურთს თამაშობდა და "ბარენდრეხტის" ღირსებას იცავდა. შედარებისთვის, მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, რაიან გრავენბერხი, ამავე ასაკში "აიაქსში" თამაშობდა და ნიდერლანდების ნაკრების მაისურიც ჰქონდა მორგებული. ძალიან საინტერესო და უცნობ ფაქტსაც გეტვით: კარიბის ზღვაში, ვენესუელას ჩრდილოეთით, მდებარეობს კუნძული არუბა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელია. 2014 წლის მარტში, დუმფრისს არუბას ეროვნულ ნაკრებში, გუამის წინააღმდეგ, დებიუტი ჰქონდა, მომდევნო მატჩში კი გოლის გატანაც შეძლო. არუბას იმდროინდელი მწვრთნელის, ჯოვანი ფრანკენის განცხადებით, დუმფრისს სწორედ ის თვისებები ჰქონდა, რაც სხვა ფეხბურთელებს აკლდა. "დუმფრისი დირკ კუიტს მახსენებს", - ამბობდა იგი. ნათელი იყო, რომ დუმფრისის მონაცემების მქონე ფეხბურთელი "ბარენდრეხტსა" და არუბას ნაკრებში აღარ გაჩერდებოდა. 2014 წელს, იგი "სპარტა როტერდამში" გადაბარგდა, შემდეგ იყო "ჰერენვენი", 2018 წელს კი დუმფრისი "პსვ-ს" რადარზე აღმოჩნდა. სანაკრებო დონეზე, 2016-2018 წლებში, დუმფრისმა ნიდერლანდების U20 და U21 ნაკრებში იასპარეზა, 2018 წელს კი, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა ტალანტმა ნიდერლანდების ნაკრების მაისურით პირველად ითამაშა - მისი დებიუტი გერმანიასთან მატჩში შედგა. საინტერესოა, რომ საყვარელ ნიდერლანდელ ფეხბურთელებს შორის, დუმფრისი კლარენს ზეედორფს, ედგარ დავიდსსა და დირკ კუიტს ასახელებს: "კუიტი იმით მომწონდა, რომ მოედანზე უდიდეს სამუშაოს სწევდა. ფეხბურთისადმი მისი მიდგომა ყოველთვის გამორჩეული იყო" - ამბობს დუმფრისი. ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური, გუნდს 5-3-2 ტაქტიკით ათამაშებს, რომელსაც დუმფრისი იდეალურად ერგება - მას ეძლევა შესაძლებლობა, თავისუფლად წავიდეს შეტევაში და თავისი შემტევითი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს - ჯერჯერობით ნაჩვენები შედეგების ფონზე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რო დენზელ დუმფრისი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მომდევნო მატჩებს დაველოდოთ.

სხვა სტატიები