Belive

დეშამი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე: ,,ტურნირში მონაწილეობა მხარდაჭერას არ ნიშნავს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებაზე ისაუბრა.

მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ არსებული პრობლემების გამო, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქმა გადაწყვიტა, რომ ტურნირის თამაშებს დიდ ეკრანებზე არ აჩვენებენ.

,,ეს ქალაქების უფლებაა. ასეთი გადაწყვეტილება მატჩების მაყურებელთა რაოდენობას ვერ შეცვლის. არავის განსჯას არ ვაპირებ, რადგან, კერძო პირი კი არა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. და როგორც მწვრთნელი, ამ ტურნირში მონაწილეობას ვიღებ, ისევე, როგორც მოთამაშეები. თუმცა, მონაწილეობა მხარდაჭერას არ ნიშნავს.

ჩვენ იქ სტუმრის სტატუსით ვიქნებით, ისევე, როგორც 4 წლის წინ - რუსეთში და 8 წლის წინ - ბრაზილიაში.

მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების გადაწყვეტილება 10 წლის წინ მიიღეს და არა რამდენიმე კვირის წინ,'' - განაცხადა დეშამმა.

გასულ წელს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.

პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება და მიგრანტი მუშების შელახული უფლებები, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ.

ოფიციალური ყატარის პოზიცია ბრალდებაზე ასეთია – ,,სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ჯგუფში, მათი დემოგრაფიისა და პოპულაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელ ფარგლებშია.” ყატარის მთავრობამ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომითი უფლებების შესახებ და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად არაერთი რეფორმა გაატარა.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

სხვა სტატიები