დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა – გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

დღეს ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასქოინს, 52 წელი შეუსრულდა. “გაზას” სახელით ცნობილი გასქოინი თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული და საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი საოცარი გოლებითა და თავისი ემოციური, ორიგინალური ქმედებებით დაამახსოვრა.

გასქოინი იყო საოცარი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, ტექნიკური გამთამაშებელი, რომელსაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება ერთნაირად კარგად გამოსდიოდა. მას ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი და პარალელურად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, რაც მას ძლიერ ოპონენტებთან ჭიდილისას, ბურთის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ნაკრებში გაზამ 57-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანა შეძლო. საკლუბო დონეზე კი, მან “ნიუკასლში,” “ტოტენჰემში,” “ლაციოში,” “რეინჯერსსა” და სხვა კლუბებში ითამაშა.

გასქოინის ცრემლები

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც შუა მატჩის დროს გასქოინს ცრემლები მოსდიოდა – დასავლეთ გერმანიასთან მატჩის დროს, გასქოინმა ყვითელი ბარათი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუკი ინგლისი გერმანიას დაამარცხებდა, გასქოინი ფინალში ვერ ითამაშებდა. “როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და ჩემი თვალით ვხედავ ამის დასასრულს, მე ძალიან ძლიერი შიში მიპყრობს. იმ ღამით ტირილის გარდა არაფერი შემეძლო,” აღნიშნა გასქოინმა. აღსანიშნავია, რომ ინგლისმა დასავლეთ გერმანიის დამარცხება ვერ შეძლო და ტურნირზე მე-4 ადგილს დასჯერდა.

ცნობილი ფეხბურთელები გაზას შესახებ

  • გარი ლინიკერი: გასქოინი იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია. ის იყო საოცრად თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უზომოდ უყვარდა;
  • სტივენ ჯერარდი: გასქოინი ჩემი კუმირი იყო;
  • გარეთ საუთგეიტი: არსებობენ კარგი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები. პოლ გასქოინი, პოლ სქოულზი, უეინ რუნი იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებს გაცილებით აღემატებოდნენ.

გასქოინის შესანიშნავი გოლი არსენალის კარში

1991 წლის 14 აპრილს, გასქოინმა “ტოტენჰემის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა – მან 32 მეტრიდან პრინციპული მეტოქის, ლონდონის “არსენალის” კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.

ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ და გაზას ფსიქოლოგიური პრობლემები

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, გასქოინი ძალიან რთული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დადგა – იგი ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც ციხეში არაერთხელ მოხვდა. გასქოინის ავტობიოგრაფიულ წიგნში, “გაზად ყოფნა: ჩემს დემონებთან ბრძოლა,” ვკითხულობთ რომ გასქოინს ისეთ დაავადებებთან და ფსიქიკურ აშლილობასთან უწევდა ბრძოლა, როგორებიცაა ბულიმია (დიდი რაოდენობის საკვების მიღება), ობსესიური კომპულსიური აშლილობა (გარკვეული იდეების აკვიატება), ბიპოლარული აშლილობა (მენტალური აშლილობა, სადაც კარგ განწყობას დეპრესია ცვლის) და ალკოჰოლიზმი. სწორედ ამ პერიოდში, გასქოინის ყოველი დღის განუყრელი ნაწილი ალკოჰოლი, კოკაინი, სწრაფი კვება და აზარტული თამაშები გახდა – გაზა ძალიან ბევრ ფულს აგებდა.

დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა - გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები 3

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი

გასქოინმა პირველად მკურნალობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყო – წინა ღამით მას 32 “შოტი” ვისკი ჰქონდა დალეული, რაც უხეში გაანგარიშებით, დაახლოებთ 1.4 ლიტრს უდრის. იგი საავადმყოფოში მისმა მწვრთნელმა, ბრაიან რობსონმა, უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. მკურნალობის 28-დღიანი კურსის ნაცვლად, გასქოინმა შენობა 14 დღეში დატოვა და დროთა განმავლობაში, იგი კვლავ ალკოჰოლს დაუბრუნდა.

ლეგენდარულმა გაზამ კარიერა 2004 წელს დაასრულა – ამ დროისთვის მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი უკვე დადგენილი ჰქონდა. 2008 წელს მან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. წლების განმავლობაში, მას პრობლემები თან სდევდა (ბარში ჩხუბი, ნარკოტიკების ზედოზირება, გაუპატიურების მცდელობა და სხვ.), თუმცა მთავარი ერთია – ფეხბურთი ძალიან ბევრს დაკარგავდა, 15 წლის ასაკში, მშობლებისა და ორი დის ფინანსურად დახმარების მიზნით, გაზას პროფესიონალური ფეხბურთის თამაში რომ არ დაეწყო.

უბრალოდ, დატკბით და ისიამოვნეთ გაზას ფეხბურთით

(264)

დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა – გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

სტატიის ავტორი
-