Belive

დღეს რონალდინიოს 39 წელი შეუსრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო იუბილარია. 1980 წლის 21 მარტს ბრაზილიაში, კერძოდ პორტო-ალეგრიში დაიბადა რონალდო დე ასის მორეირა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც რონალდინიო. მისი პირველი მწვრთნელი იყო მამამისი, რომელიც სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. რონალდინიომ ფეხბურთის თამაში ქუჩაში ისწავლა. 7 წლის ასაკში რონალდიონიო საფეხბურთო სკოლა "ლანჟენდოკში" შევიდა. სწორედ აქ მიიღო თავისი მეტსახელი, რონალდინიო, რაც პატარა რონალდოს ნიშნავს. რონალდინიომ პროფესიონალური კარიერა 1998 წელს "გრემიოში" დაიწყო და 2001 წლამდე ითამაშა. ჩაატარა 145 მატჩი და გაიტანა 72 ბურთი. ბრაზილიიდან 2001 წელს ევროპაში გადაბარგდა და "პსჟ"-ს მაისური მოირგო. პარიზში ორი სეზონი გაატარა და თავი ყველას დაამახსოვრა. 77 მატჩში 25 ბურთის გატანა მოახერხა. 2003 წელს მისით "ბარსელონა" დაინტერესდა და ბრაზილიელი ფეხბურთელი სათამაშოდ ესპანეთში წავიდა. "ბლაუგრანაში" ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და საოცარი სეზონები ჩაატარა. 5 სეზონის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იასპარეზა და 207 შეხვედრა ჩაატარა. 94 გოლიც გაიტანა. 2008-09 წლებში "პატარა რონალდომ" "მილანს" მიაშურა. "როსონერიში" "ბარსელონას" მსგავსი სეზონები არ გამოუვიდა, თუმცა იქაც გუნდის ლიდერი იყო. 95 მატჩი და 26 ბურთი - ასეთია მისი მილანური მონაგარი. ამით რონალდინიოს ევროპული კარიერა დასრულდა და ის სამშობლოში, კერძოდ "ფლამენგოში" გადაბარგდა. ორი სეზონის შემდეგ ძალები "ატლეტიკო მინეიროში", "კერეტაროსა" და "ფლუმინენსეში" მოსინჯა. კარიერა 2015 წელს, 35 წლის ასაკში დაასრულა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში რონალდინიომ 1999-2013 წლებში ითამაშა. ჩაატარა 97 მატჩი და გაიტანა 33 ბურთი. ტიტულები "პსჟ" UEFA-ს ინტერტოტოს თასი: 1 (2001) "ბარსელონა" ლა ლიგა: 2 (2004-05; 2005-06) ესპანეთის სუპერთასი: 2 (2005; 2006) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1 (2005-06) "მილანი" სერია ა: 1 (2010-11) "ფლამენგო" კარიოკას თასი: 1 (2011) გუანაბარას თასი: 1 (2011) რიოს თასი: 1 (2011) "ატლეტიკო მინეირო" ლიბერტადორესის თასი: 1 (2013) ბრაზილიის ნაკრები: კოპა ამერიკა: 1 (1999) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი: 1 (2002) FIFA-ს კონფედერაციის თასი: 1 (2005) ინდივიდუალური პრიზები: რონალდინიო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდში მოხვდა. 2003-04 და 2005-06 წლებში ის "ლა ლიგის" საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი იყო. ოქროს ბურთი მან 2005 წელს მოიგო. 2009 წელს ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა. 2013 წელს საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის წოდებაც მიენიჭა.

ასევე იხილეთ: ინტერვიუ ორ ფენომენთან

     

სხვა სტატიები