Belive

#დღიურები აზერბაიჯანიდან - ფეხბურთი, ვანდამი და "ის დინამო"!

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
• როგორ იმგზავრეთ? • ხო არ დაიღალეთ? • საზღვარზე ხო არ გაგაჩერეს? აზერბაიჯანში ჩასულებს დაახლოებით მსგავსი კითხვების კორიანტელი მოგვეყარა, თუმცა პასუხი ყველაზე ერთია, არც ერთი მგზავრობა არაა დამღლელი, როდესაც შენი დიდი სურვილისკენ მიდიხარ, განსაკუთრებით კი როდესაც თემა ფეხბურთსა და შენს გუნდს ეხება. მგზავრობა პირიქით, სასიამოვნოც კი აღმოჩნდა, 17 ჟურნალისტით დაკომპლექტებული შემადგენლობა თბილისიდან ვანდამამდე, დიახ თბილისიდან ვანდამამდე საინტერესო საუბრით გამოირჩა. ძირითადად ქართული ფეხბურთი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი განიხილებოდა. თემა რამდენჯერმე შეეხო ჩვენ შანსებს ევროტურნირებზე, ასევე წარსულში განიავებულ მომენტებსაც და როგორც ყოველთვის იმედიან მომავალს, რომელსაც წლიდან წლამდე ველით და ჯერ არ მოსულა, თუმცა შეამჩნევდით რომ ჰორიზონტზე უკვე ჩანს, შორს, თუმცა ისევე შორს არა, როგორც ჩვენი სასტუმროა განთავსებული ქალაქ გაბალადან.. 6 საათიანი მგზავრობისას პირველი ხე მაშინ დავინახეთ როდესაც გაბალასკენ გადავუხვიეთ, აზერბაიჯანის მთავარი ავტობანის გასწვრივ ორივე მხარეს უდაბნოს მსგავსი ხრიოკი მიწაა, რაც არაბუნებრივ სიცხეს იწვევს და განჯასთან ახლოს ცოტა ხნით გაჩერებულებს საშუალება მოგვეცა არანორმალური სიცხე საკუთარ თავზე გამოგვეცადა. როდესაც მთავარი გზიდან მარცხნივ გადავუხვიეთ, დიდრონი მწვანე მთები გამოჩნდა, რამაც დაგვამშვიდა და მივხვდით რომ თამაში ნორმალურ პირობებში გაიმართებოდა. როგორც იქნა ჩავაღწიეთ გაბალაში, რა დროსაც დინამო თბილისის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა შემოგვთავაზა სასტუმროში წაგიყვანთ, ნახეთ ერთი სად არისო. ჩვენს მსგავსად, სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები განსხვავებულ სასტუმროებში იყვნენ განთავსებული, ამიტომ ერთიანი მისამართი არ გვქონდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა, გავხსენი გუგლის რუკის აპლიკაცია და აღმოვაჩინე რომ ჩვენი სასტუმრო გაბალადან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ვანდამში იყო განთავსებული, მძღოლს სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა და სხვა რა გზა გვქონდა, წავედით ყველანი ვანდამისკენ. როდესაც რუკის მიხედვით სასტუმროს მივუახლოვდით, სასტუმროს ადგილას ავტოსახელოსნო დაგვხვდა, რაზეც მცირე შოკი მივიღეთ, თუმცა ავტოსახელოსნოს უკან ხეებში ჩამალულიყო ჩვენი აუზიანი სასტუმრო, სადაც შემდეგში წყალში მოტივტივე ათასობით ფუტკარი დაგვხვდა. დაბინავებიდან რამდენიმე წუთში, სასტუმროს ადმინისტრაციას ტაქსის გამოძახება ვთხოვეთ, რათა პრესკონფერენციაზე წავსულიყავით, კარს მომდგარმა ჟიგულმა ხასიათი ვერ გაგვიფუჭა, რაღაცნაირად გვინდოდა რეტრო ავტომობილით მგზავრობა და სიჩქარის კოლოფის გადასართველის გაუჩერებელმა ყანყალმა და სალონში არსებულმა ბენზინის სუნმა არც თუ ისე შორი წარსული გაგვახსენა, როდესაც მსგავსი მანქანები ჩვენი ყოველდღიურობა იყო. სამწუხაროდ მძღოლმა არც ინგლისური იცოდა, არც რუსული და არც მონათესავე თურქული, თუმცა თურქულსა და აზერბაიჯანულში არსებული მსგავსი სიტყვებისა და ჩემი მცირედი თურქულის ცოდნის შემწეობით მცირე დიალოგი შედგა. გავიგეთ რომ ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდა, არც იცოდა რა ხდებოდა და ამაში მაშინ დავრწმუნდით როდესაც ერთ პატარა ქალაქში არსებულ უზარმაზარ სტადიონს უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაგნო. პრესკონფერენციამ და ვარჯიშმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, სტადიონს გარეთ ვესაუბრეთ აზერბაიჯანელ საფეხბურთო აგენტსაც რომელმაც ქართული ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იცოდა, კარიკარის ტრანსფერიც შეაფასა, რამდენიმე სიტყვა ხვალინდელ მატჩზე, ლევან შენგელიაზე, ჩაკვეტაძეზე, მაიკლ ესიენსა და დიმიტარ ბერბატოვზეც გვითხრა, აღმოჩნდა რომ ორივე მათგანს იცნობდა და მეგობრობდა და მათთან მომავალში ინტერვიუს ჩაწერასაც დაგვპირდა. აღსანიშნავია რომ გაბალას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად კეთილმოწყობილი 10-მდე დიდი სტადიონია გაშენებული, ერთ-ერთ მათგანზე სამოყვარულო ტურნირი იმართებოდა და ჟრიამულიც არ წყდებოდა, ჩანდა რომ ეს 13 000 მოსახლიანი ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობდა, გარდა იმ ტაქსის მძღოლისა. თვითონ სტადიონი დიდრონი მთების ქვეშაა განთავსებული და საკმაოდ ლამაზი სანახავია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მზე ჩადის და გარემო სრულად წითელ ფერებს იძენს.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგებმა ამ თამაშის მნიშვნელობა გულის სიღრმეში ცოტა დაბლა დაწია, დარწმუნებული ვარ ორივე გუნდის გულშემატკივარი, განსაკუთრებით კი ჩვენ დინამოელები, მომდევნო მატჩზე და როტერდამის „ფეიენოორდზე“ ვფიქრობთ, რასაც მწვრთნელები და ფეხბურთელები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და რა თქმა უნდა მართლებიც არიან. „გაბალას“ გასაღები როტერდამულ ჭიშკარს აღებს, „გაბალას“ გაგდების შემთხვევაში თბილისის დინამო ცოტა ხნით იმ დიდებულ ეპოქას გაგვახსენებს, რომელიც ასე ძალიან ენატრება გულშემატკივარს. რამდენჯერ გაგიგიათ ფრაზა „ის დინამო“, დიახ ეს ისევ ის დინამოა, განახლებული ფორმით, ლოგოთი და დროებით, თუმცა „ფეიენოორდთან“ დაპირისპირება თავის ისტორიულ და რომანტიზირებულ დატვირთვას ატარებს. 1981 წელს, დინამო თბილისმა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, როტერდამული გრანდი შინ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, გასვლით მატჩში კი მსაჯების უამრავი მცდელობის მიუხედავად 2-ზე მეტი გოლი არ გაუშვა და ფინალშიც გავიდა, რომელიც შემდგომში მოიგო, სწორედ ამიტომ ელის ქართველი გულშემატკივარი „ფეიენოორდთან“ შეხვედრას და „გაბალა“ უკვე გაგდებული გვგონია, თუმცა ეს ასე არაა. აზერბაიჯანელებთან რთული მატჩი გველის, მართალია სტადიონი მცირე ტევადობისაა, თუმცა ის აუცილებლად გაივსება, ეს ქალაქი ფეხბურთზე ფიქრობს, მათი მაჯისცემა საფეხბურთო ხასიათს ატარებს და ეს ქალაქში ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა. „დინამო თბილისს“ კი საკმაოდ კარგი პერიოდი უდგას, მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს და თამაშებს ერთმანეთის მიყოლებით იგებს. ვნახოთ მატჩამდე რამდენიმე საათია, მანამდე გუშინდელ ამბებს გავაგრძელებთ. სტადიონიდან წამოსულებმა გადავწყვიტეთ ადგილობრივი კულინარიის ნამდვილი შედევრები დაგვეგემოვნებინა. გავაჩერეთ ადგილობრივი ტაქსი და ვთხოვეთ ცენტრში წავეყვანეთ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ტაქსის მძღოლმა, არც ინგლისური, არც რუსული და არც ქაბაბი არ იცოდა, ვერც ქაბაბით, ვერც ქებაბით, ვერც კებაბით და ვერც კაკაბით ვერ გავაგებინებთ რა გვინდოდა, არც შაშლიკ შაშლიკის ძახილმა არ უშველა სანამ ნაცნობი არ გააჩერა და არ ჰკითხა გაიგე ერთი ამათ რა უნდათო, გავაგებინეთ რა გვინდოდა და აღმოჩნდა რომ 300 მეტრში იყო გაბალას საუკეთესო რესტორანი. 300 მეტრი დაახლოებით 10 კილომეტრს გაგრძელდა, საფუძვლიანი იქნებოდა გვეფიქრა რომ გვიტაცებდნენ, თუმცა ასეთი გამოცდილებები ხშირად გვსმენია და ჩუმად ველოდებოდით როდის მორჩებოდა ეს 300 მეტრი, რომელიც დაახლოებით 20 წუთს, ტყე-ღრეში და სიბნელეში სიარულში გაგრძელდა. ჩვენს კითხვებზე თუ რამდენი დარჩა და როდის მივაღწევთ ტაქსის მძღოლი თითის აქნევით გვპასუხობდა გაჩუმდითო. ადგილობრივი კერძებისა და ლუდის დაგემოვნების შემდეგ მივხვდით, რომ ფეხბურთიც და კულინარიაც ჩვენებურად უყვართ და დღესაც ჩვენებურად ენდომებათ გამარჯვება. თუმცა დინამო თბილისის ფეხბურთელებს ერთი ზედმეტი და დიდი მოტივაცია აქვთ, წინ როტერდამის „ფეიენოორდია“ და ისინი ვალდებულნი არიან იმ ხალხს, ვინც 1981 წელს იმ ისტორიულ მატჩს ესწრებოდა, არნახული საჩუქარი გაუკეთონ და წარსულში ამოგზაურონ! ლუკა გვაზავა

სხვა სტატიები