Belive

Diario As-ი მამარდაშვილზე - მესტალიის ახალი სენსაცია

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტის შემდეგ, ესპანურმა პრესამ ქართველ მეკარეს დიდი ყურადღება დაუთმო. Diario As-მა მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და მის შესახებ ინტერვიუ ,,დინამო თბილისის'' ყოფილ ფეხბურთელთან, ვიქტორ მონხილთან ჩაწერა. As-ი წერს, რომ ,,ხეტაფესთან'' გიორგის თამაშს გულგრილი არავინ დაუტოვებია - ,,ქართველი მეკარის დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში შედგა, რასაც ივნისში, როცა ,,ვალენსიამ'' სარეზერვო გუნდში სათამაშოდ მიიწვია, ვერავინ წარმოიდგენდა. როგორც As-ი იუწყებოდა, ბორდალასმა მამარდაშვილს კარის დაცვა ანდო, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ სილესენი გამოჯანმრთელდება, ,,მესტალიაზე'' მისი დებიუტი კი აპლოდისმენტებით დასრულდა. სეივის, შემდეგ, რომელმაც გუნდი ფრეს გადაარჩინა, მეკარეს გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა. გასაკვირი არ არის, რომ ,,ვალენსია'' პირველ გუნდში მის დატოვებას განიხილავს.
ჟურნალისტი - რას გვეტყვით გიორგი მამარდაშვილზე? მონხილი - ის ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც ნათელი მომავალი ელის და სწორედ ასეთი შესაძლებლობა სჭირდებოდა - საქართველოს დატოვება და ევროპულ ფეხბურთში თავის გამოჩენა. მამარდაშვილი ესპანეთში თამაშობს, სადაც უფრო გაიზრდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჟურნალისტი - გიკვირთ, რომ ფაქტობრივად ერთ თვეში მან თამაში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში დაიწყო? მონხილი - გასაკვირია, რადგან ის ისეთ დიდებულ გუნდშია, როგორიც ,,ვალენსიაა'', სადაც დაუყოვნებლივ შედეგებს ითხოვენ. მას თავდაჯერებულობა ემატება, ეს კი კლუბში სწრაფ ადაპტაციას ხელს უწყობს. ჟურნალისტი - როგორც მეკარეს, რა თვისებები გამოარჩევს მას? მონხილი - მიუხედავად მისი სიმაღლისა, ძალიან მოქნილი მეკარეა. როგორც წესი მაღალი მეკარეების მინუსი დაბალ ბურთებზე თამაშია, მაგრამ მამარდაშვილს მოქნილობისა და სისწრაფის გამო, ეს არ უჭირს. ის თანამდროვე მეკარის პროტოტიპია. კარგად თამაშობს ფეხით და ვალენსიელი გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. მალე კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, რაც წნეხსაც შეამცირებს. გარდა ამისა, ის გარკვეულწილად ცივსისხლიანიცაა, რაც მის სასიკეთოდ მოქმედებს. ჩემთან და ჩისკოსთან ერთად გატარებულმა პერიოდმა მას ესპანური ხასიათი გააცნო. გიორგი ადაპტაციას ძალიან მარტივად გაივლის - ის პატარა, მორიდებული ბიჭია, რაც მის მიმართ პატივისცემას იწვევს. გუნდური ფეხბურთელია, ყოველთვის გუნდის კეთილდღეობაზე ზრუნავს, უმაღლესი შეფასება როგორც ადამიანსა და თანაგუნდელს. ჟურნალისტი - სწრაფად ისწავლის ესპანურს? მონხილი - დარწმუნებული ვარ, რომ კი. რამდენიმე სიტყვა უკვე იცის. ბევრი რამ მისთვის ნაცნობი იქნება, რადგან მე და ჩისკო ესპანურად ვსაუბრობდით. ჟურნალისტი - რომელ მეკარეს შეადარებდით? მონხილი - ალბათ, უფრო კურტუას. ის ტიპური მაღალი მეკარეა, რომელიც ფეხს კარგად იყენებს და მანევრირებს. ჟურნალისტი - რა რჩევას მისცემდით? მონხილი - ქართული ხასიათი ვიცი, ვეტყოდი, რომ არ მოეშვას და ბევრი იმუშაოს. შაბათ-კვირას თავისი მაქსიმუმი უნდა აკეთოს. ვალენსიაში კონკურენცია და მოთხოვნა დიდია. ნებისმიერმა ვარდნამ, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოიტანოს.

სხვა სტატიები