Belive

"დიდი შეცდომა დავუშვი, პასუხისმგებლობა სრულად მე მეკისრება" - ლივერპულის მფლობელმა ბოდიში მოიხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ლივერპულის მფლობელი ჯონ ვილიამ ჰენრი მეორე პრემიერ ლიგის "დიდი ექვსეულის" კლუბების მფლობელთა შორის პირველია, რომელმაც ევროპის სუპერ ლიგის შემქმნელთა შორის მონაწილეობისთვის საჯაროდ, ბოდიში მოიხადა. მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ინგლისური კლუბების "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედის", ლონდონის "ჩელსის", "ტოტენჰემისა" და "არსენალის" ქომაგებმა, ხმა აიმაღლეს იმის შესახებ, რომ არ სურდათ სუპერ ლიგის შემადგენლობა. მერსისაიდული კლუბის მიმართ პროტესტი მათმა ქომაგებმა “ენფილდის” გარშემო გაკრული დამამცირებელ ბანერებით გამოხატეს, რომელიც მათი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ფულის მომატებული სიყვარულის ბრალდებას ასახავდა, შემდეგ კი ამას გუნდის ავტობუსთან მოწყობილი ირონიული ჟესტიც დაემატა. მაშინ, როცა “წითლების” ფეხბურთელები თავიანთი ბაზიდან გამოდიოდნენ და ავტობუსში სხდებოდნენ, რათა პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაზე (“ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ) გამგზავრებულიყვნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებმა ტრომბონზე 1980-იანი წლების შვედური მუსიკალური კოლექტივის ABBA-ს ცნობილი ჰიტი – “Money, Money, Money” შეასრულეს, რითიც “ლივერპულის” ფულის გამო პრინციპების ღალატზე კიდევ ერთხელ მიანიშნეს. ამ ყველაფრის შემდეგ, დანარჩენი 5 ინგლისური კლუბის მსგავსად, სუპერ ლიგიდან გამოსვლის გადაწყვეტილება, "ლივერპულმაც" მიიღო, რის მერეც ჯონ ჰენრიმ შემდეგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

"ლივერპულის ყველა გულშემატკივარს იმ მცდარი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ბოლო 48 საათის განმავლობაში მივიღე, მინდა ბოდიში მოვუხადო.  ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი პროექტი ვერასდროს შედგებოდა გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე. ინგლისში არავინ ფიქრობდა სხვანაირად. ამ 48 საათის განმავლობაში თქვენ ძალიან მკაფიოდ თქვით, რომ ის არ შედგებოდა. მე ეს მესმოდა.  მინდა ბოდიში მოვუხადო იურგენს, ბილის, ფეხბურთელებს და ყველას, ვინც ამდენს შრომობს რომ ჩვენი გულშემატკივარი ამაყობდეს. მათ აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ამ დარღვევისთვის. ისინი ყველაზე მეტად იყვნენ დადანაშაულებულები და თანაც უსამართლოდ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. მათ უყვართ თქვენი კლუბი და მუშაობენ იმისთვის, რომ ყოველდღე ამაყობდეთ. მე ვიცი, რომ მთელ გუნდს აქვს გამოცდილება, ლიდერობის სურვილი და გატაცება, რომელიც აუცილებელია ნდობის აღსადგენად და უნდა დაგვეხმაროს წინსვლაში. ათწლეულზე მეტი ხნის წინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ფეხბურთთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ჩვენ ვოცნებობდით იმაზე, რაზეც ოცნებობდით თქვენ. ჩვენ ვიმუშავეთ თქვენი კლუბის გასაუმჯობესებლად. ჩვენი საქმე არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ მიხვდებით, რომ მაშინაც კი, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ, ვცდილობთ ვიმუშაოთ თქვენი კლუბის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.  ისევ ვამბობ, რომ ვწუხვარ და მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ ბევრ უარყოფითზე. ეს არ დამავიწყდება. ეს გვიჩვენებს ძალას, რომელსაც დღეს გულშემატკივრები ფლობენ. ამ საშინელმა პანდემიამ ერთი რამ აშკარად აჩვენა: თუ რამდენად გადამწყვეტი როლი აქვს გულშემატკივარს როგორც ამ ისე ყველა სპორტისთვის. ეს დავინახეთ ყველა ცარიელ სტადიონზე. ეს იყო ძალიან მძიმე წელი ყველა ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ "ლივერპულის" საფეხბურთო ოჯახი დარჩეს ხელუხლებელი, სასიცოცხლო და ერთგული იმ მხარდაჭერისა, რაც გლობალურად ვნახეთ თქვენგან. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ მხარდაჭერის გასაღრმავებლად", - თქვა მერსისაიდული კლუბის მფლობელმა.
European Super League: John W Henry apologises to Liverpool's fans, players  and staff for signing up to competition | Football News | Sky Sports
ინგლისის მოქმედი ჩემპიონი პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 ტურის შემდეგ დაგროვილი 53 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს და ოთხეულის ბოლო საფეხურზე მყოფ ლონდონის "ჩელსის" 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები