Belive

დინამო კიევი საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შემოსავლის ზრდისა და ახალი გულშემატკივრების მიზიდვის მიზნით, "დინამო კიევი" კრიპტოვალუტას გამოუშვებს. პროექტთან დაკავშირებით, უკრაინული საფეხბურთო კლუბი ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიასთან, Moonwalk-თან ითანამშრომლებს. ე.წ. "ტოკენების" გამომუშავებისთვის, "დინამო კიევის" გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის მატჩის შედეგი უნდა გამოიცნონ. Moonwalk-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გულშემატკივრები "დინამო კიევის" Facebook ან Instagram გვერდებზე განთავსებულ პოსტებზე იაქტიურებენ (მოწონება, კომენტარის დაწერა და გაზიარება), ისინი დამატებით ტოკენებს მიიღებენ. ციფრული ფულის გამოყენების საშუალება გულშემატკივრებს 2021 წლის პირველი ნახევრიდან შეეძლებათ.

რაში შეიძლება "დინამო კიევის" კრიპტოვალუტის გამოყენება?

ტოკენების საშუალებით, "დინამო კიევის" ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, გულშემატკივრებს მაისურის, კეპებისა და ნებისმიერი სპორტული სამოსისა თუ აქსესუარის შეძენა შეეძლებათ. ასევე, ტოკენების მფლობელებს დახურულ ღონისძიებებზე დასწრებაც შეეძლებათ - თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რა იგულისხმება ამაში. Moonwalk-ის თანახმად, ახალი კრიპტოვალუტის გამოყენება "დინამო კიევის" სპონსორებს - New Balance-ს, Morshynska-სა და Winner-საც შეეძლებათ. კომპანიის თანახმად, ციფრული ტრანზაქციებზე დაკვირვების შედეგად უფრო მარტივად დადგინდება, თუ რას და როდის ყიდულობენ გუნდის გულშემატკივრები. შესაბამისად, გუნდი და მისი სპონსორები გაყიდვების სტრატეგიას უფრო ეფექტიანად წარმართავენ.


"დინამო კიევი" არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საფეხბურთო გუნდმა გამოიყენოს ტექნოლოგია გულშემატკივართან ურთიერთობაში. გვიხარია, რომ ამ პროცესში მათ გვერდით ვიქნებით", - განაცხადა Moonwalk-ის თანადამფუძნებელმა, გრეგ კონსილიომ.
სპორტში კრიპტოვალუტების გამოჩენა ახალი ხილი ნამდვილად არ არის: საკუთარი კრიპტოვალუტის მფლობელები "ბარსელონა", "იუვენტუსი", "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ზენიტი" და სხვა ევროპული კლუბებიც არიან. უკრაინა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აქტიური მხარდამჭერია: ქვეყანაში არსებობს ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, რომელიც ციფრული აქტივების მქონე კომპანიებისთვის კარგი გარემოს შექმნაზე არის ორიენტირებული. ცოტა ხნის წინ, ციფრული ვალუტების უმსხვილეს ბირჟასთან, კომპანია Binance-თან თანამშრომლობის შედეგად, განანმანათლებლო კურსი შეიქმნა, რომელიც კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით დაინტერესებულ ადამიანებს მომავლის ტექნოლოგიას აცნობს.  

სხვა სტატიები