Belive

დინამო თბილისს კახა ცხადაძე გაწვრთნის - გიორგი ნემსაძე მენეჯმენტში გადაინაცვლებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ნემსაძემ "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობაში გადაინაცვლა. Live.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ "დილასთან" მარცხის (0:2) შემდეგ, 49 წლის სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მას გუნდის ხელმძღვანელობამ სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზა. გიორგი ნემსაძე, რომელმაც წინა სეზონი გორის "დილაში" გაატარა და გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირების საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, "დინამოში" 2020 წლის ბოლოს დაინიშნა და გუნდთან ერთად ქვეყნის სუპერთასის მოგება მოახერხა. ეროვნული ლიგის 15 შეხვედრაში ნემსაძის ხელმძღვანელობით "დინამომ" 10 მატჩი მოიგო, 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს, აქ გუნდმა გამოსვლა 1/16-ფინალში, ქობულეთის "შუქურასთან" მარცხის შედეგად დაასრულა. რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი გუნდის ახალ თავკაცს, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "დინამოს" საქართველოს ნაკრების ყოფილი მესაჭე, კახაბერ ცხადაძე ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს ყაზახურ "ორდაბასში" ორწელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან უკლუბოდ იმყოფება. ცხადაძე "ლურჯ-თეთრებს" 2005-06 წლებშიც წვრთნიდა.

სხვა სტატიები