Belive

დინამოს ზედიზედ მესამე მოგება - თბილისელებს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისს" საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ეროვნული ლიგის ბოლოსწინა - 35-ე ტურში, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "დილას" 2:1 დაამარცხა. თბილისელებმა გამარჯვება პირველსავე ტაიმში გაინაღდეს. ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, როცა ნიკა ნინუას მიერ სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებული ბურთი ლუკა რაზმაძეს მოხვდა და გორელთა კარში შევარდა. "დინამო" ავტო-გოლით დაწინაურებას არ დასჯერდა და ტაიმის მიწურულს გატანა თავადაც შეძლო. ნოდარ ქავთარაძემ მომენტი თავად შექმნა და საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში თამაში უფრო ხისტი და აგრესიული გახდა. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები უხეშობას არასათამაშო ეპიზოდებშიც არ ერიდებოდნენ - მოედანზე დაძაბულობამ იმატა. პარალელურად, გუნდები სახიფათო ეპიზოდების შექმნასაც ახერხებდნენ. საკმაოდ რეალური მომენტი ჰქონდათ მასპინძლებსაც - 66-ე წუთზე გორელებმა ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყეს. უახლოესი წუთებში, "დილას" სხვაობის შემცირების რამდენიმე კარგი შანსი კიდევ მიეცა, თუმცა მასპინძელთა მცდელობებისას ხოსე პერალესი უშეცდომო იყო. ბოლო დამატებულ წუთზე, "დილამ" სხვაობის შემცირება მოახერხა. მიკოლა კოვტალიუკმა საჯარიმოს გარედან ზუსტი, ძლიერი დარტყმით "დინამოს" ესპანელ გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. ამრიგად, "დინამომ" 72 ქულა დააგროვა და ლიდერ პოზიციაზე დარჩა, ბოლო ტურში, შინ, "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვების შემთხვევაში კი სამი სეზონის შემდეგ, ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.

სხვა სტატიები