Belive

"დისციპლინა, გამარჯვებულის მენტალიტეტი და ამბიცია" -  ვილი სანიოლმა საინტერესო თემებზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. "არ ვფიქრობ, რომ რისკზე უნდა ვისაუბროთ, პირიქით, მგონია, რომ ამბიციაზე უნდა ვიფიქროთ. საქართველო ევროპული ნაკრები გახლავთ, რომელიც საკმაოდ რთულ ჯგუფში აღმოჩნდა. მე აქ შედეგების მისაღწევად ვარ ჩამოსული. ჩვენს ჯგუფში არიან ქვეყნები, რომლებიც დიდ ტურნირებზე გასვლას ყოველთვის ახერხებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ამ მიზნის მიღწევაში მათთვის პრობლემების შექმნა იქნება. როცა ახალ ქვეყანაში ჩადიხარ და ბევრ ფეხბურთელს არ იცნობ, ეს რთულია, მაგრამ ბევრ მათგანზე საკმაო ინფორმაცია გაქვს. როცა ასეთ თანამდებობას იკავებ, უნდა გესმოდეს, რომ ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს, ამიტომაც მჭირდება ასისტენტები რომ კარგად გავიცნო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ მოთამაშეები. საქართველოში ჩემს გუნდთან ერთად რეგულარულად ვიქნები და ბევრს ვიმოგზაურებთ ქვეყნის მასშტაბით, რათა ვნახოთ ყველა ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიას და კულტურას იცნობდე, რათა ფეხბურთელებთან უკეთესი კომუნიკაცია გქონდეს. მინდა ვიცხოვრო საქართველოში, თბილისის ცენტრში, რათა უკეთ გავიცნო კულტურა და მენტალიტეტი. აქ დიდი დროის გატარება მსურს და სასტუმროში ცხოვრებას არ ვაპირებ, მინდა საქართველო კარგად გავიცნო და ამ ქვეყანაში ბევრი ვიმოგზაურო. ნაკრებში მუშაობის დროს ფეხბურთელებთან თანამშრომლობისთვის ბევრი დრო არ გაქვს, მაგრამ ფეხბურთელებმა თავად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და ის ვინც არ იქნება დისციპლინირებული, ვერ მოიპოვებს ადგილს ეროვნულ გუნდში. კარგია, რომ გარკვეული სათამაშო ხარისხი არსებობს, მაგრამ ბევრი ვიდეოს და მატჩის ჩანაწერის ნახვა მოგვიწევს, რადგან სათამაშო ფილოსოფიიის ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესი იქნება. ადრე მე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ახლა კი ერთ საქმეს უნდა შევეჭიდოთ და ერთად ვიბრძოლოთ. თუ შიდა ლიგა ძლიერია, ნაკრებიც უფრო გამართულია, მაგრამ 1-2 წელიწადში ეროვნულ ლიგას ვერ გააძლიერებ, ეს ხანგრძლივი პროცესია. ვნახე საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები და მატჩები, ზოგიერთი გუნდი უფრო ძლიერია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ პოტენციალი არის. ამბიციის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ, პირველ რიგში ეს მინდა ჩავნერგო ფეხბურთელებში და მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი შევუქმნა. შანსი ყველას მიეცემა, მიუხედავად მნათი სათამაშო დროისა კლუბებში, მთავარია, მათ ამბიცია, დისციპლინა და ნაკრების მაისურის ჩაცმის სიამაყე ჰქონდეთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. სანიოლის თაოსნობით საქართველოს ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 25 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები