Belive

დომენიკო კრიშიტოს სამაგალითო საქციელი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

36 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა - დომენიკო კრიშიტომ, მშობლიური კლუბი გასაჭირში არ მიატოვა, მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა და კარიერა განაახლა.

წარუმატებელი სათამაშო ფორმის პარალელურად, "ჯენოა" ფინანსურ კრიზისშიც იმყოფება. იმისათვის, რომ "ჯენოაში" დაბრუნებულიყო, კრიშიტომ თანხმობა განაცხადა მიმდინარე სეზონში მინიმალური ხელფასი აიღოს და გენუელებს ელიტაში აღზევებაში დაეხმაროს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშიტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხელფასის სახით იმ მინიმალურ თანხას აიღებს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მიერაა განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, 36 წლის იტალიელი ყოველთვიურად 2274 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დომენიკო კრიშიტოს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ჯენოაში" დაიწყო. გენუელების მაისური კრიშიტომ პირველად 2003-04 წლების სეზონში მოირგო. 2004 წელს, კრიშიტო "იუვენტუსს" შეუერთდა, თუმცა, 2006-09 წლებში იჯარის წესით კვლავ "ჯენოაში" დაბრუნდა. საბოლოოდ "ჯენოამ" მისი კონტრაქტი გამოისყიდა და კლუბში კიდევ 2 წელი იასპარეზა, რის შემდეგაც "ზენიტში" გადავიდა.

რუსეთში გატარებული 7 წლის შემდეგ, კრიშიტო 2018-22 წლებში კვლავ "ჯენოაში" დაბრუნდა, მაგრამ 2022 წელს MLS-ის ბინადარ "ტორონტოში" გადავიდა, სადაც 2022 წლის ნოემბერში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

2022 წლის 27 დეკემბერს, "ჯენოასთან" გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ კრიშიტო კარიერას განაახლებს და გენუელებს სერია A-ში დასაბრუნებლად გამართულ ბრძოლაში დაეხმარება.

სხვა სტატიები