Belive

დუმილი და რუსული კლუბის სამსახურში ყოფნა ღალატია - უკრაინამ ტიმოშჩუკი დასაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სრულიად მსოფლიო შოკირებული ადევნებს თვალს. საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთი უკრაინას ბარბაროსულად დაესხა თავს - 2 კვირაზე მეტია უკრაინული ქალაქები უმოწყალოდ იბომბება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცე და ერთიან პოზიციას ინარჩუნებს და რუსეთის ბარბაროსულ ქმედებას გმობს. პოლიტიკური სანქციების პარალელურად, სპორტული საზოგადოებაც გაერთიანდა და არაერთმა გავლენიანმა ორგანიზაციამ რუსეთი და ბელორუსი მისი რიგებიდან მოკვეთა. გამონაკლისი არც FIFA და UEFA აღმოჩნდა. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა რუსეთისა და ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებები და კლუბები მათ მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან მოკვეთა. იმ ფონზე, როდესაც სრულიად სამყარო აგრესორის წინააღმდეგაა გაერთიანებული, უკრაინული ფეხბურთის ლეგენდის დუმილი და რუსული კლუბის სამსახურში ყოფნა ღალატის ტოლფასია. ანატოლი ტიმოშუკი, რომელსაც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური ყველაზე მეტ, 144 შეხვედრაში აქვს მორგებული დუმილს არ არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ FIFA-მ რუსეთის დატოვების მსურველ ნებისმიერ ლეგიონერს მწვანე შუქი აუნთო, ტიმოშუკი "ზენიტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტის დატოვებას არ ჩქარობს - ტიმოშუკს არც საჯარო განცხადება გაუკეთებია, რომლითაც ომის შეწყვეტას ან უკრაინის მხარდაჭერას დააფიქსირებდა. ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, უკრაინაში დიდებითა და პატივით სარგებლობდა და გმირად იყო შერაცხული, სამშობლოში მწვავედ გააკრიტიკეს. გმირად შერაცხულ ტიმოშუკს დღეს უფრო მოღალატედ მოიხსენიებენ და დუმილს არ პატიობენ.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ანატოლი ტიმოშუკს დუმილი არ აპატია და მას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, უკრაინაში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვა.
"უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, ანატოლი ტიმოშუკმა, რომელიც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანია, არათუ არ გააკეთა საჯარო განცხადება და არ დაგმო მომხდარი - არამედ რუსულ კლუბთან თანამშრომლობაც კი არ შეწყვიტა". "იმ დროს, როდესაც მისი ყოფილი კლუბი (მიუნხენის "ბაიერნი") გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს, ტიმოშუკი დუმს და აგრესორი ქვეყნის საფეხბურთო კლუბში მუშაობას განაგრძობს". "მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტიმოშუკი ზიანს აყენებს უკრაინული ფეხბურთის იმიჯს და არღვევს, როგორც უკრაინის - ასევე UEFA-ს მთავარ ღირებულებებსა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს", - აღნიშნულია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სხვა სტატიები