EFL – გართულებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად Boxing Day-ს მატჩები არ გადაიდება

დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების მიუხედავად, პრემიერ ლიგის მომდევნო ორი ტური არ გადაიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

კორონავირუსის პანდემიამ პრემიერ ლიგის კლუბებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა – დაინფიცირებული მოთამაშეების სიმრავლის გამო, გასულ ტურებში რამდენიმე მატჩი გადაიდო, თუმცა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად 26 და 28 დეკემბერს გასამართი მატჩები არ გადაიდება. საუბარია სადღესასწაულო ე.წ Boxing Day-ს მატჩებზე.

მას შემდეგ, რაც უქმეებზე ჩანიშნული 6 მატჩიდან – 5 გადაიდო, 20 დეკემბერს პრემიერ ლიგის კლუბების მესვეურები და საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ. დაგეგმილი ტურების გადადების შესახებ კენჭისყრა არ ჩატარებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში პრემიერ ლიგის მომდევნო ორი ტურის მატჩები გაიმართება.

მოსალოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე რადიკალურდ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რათა პრემიერ ლიგის კლუბებზე ზეწოლა შემცირებულიყო. BBC Sport-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის თითოეული კლუბი, სადღესასწაულო პერიოდში, 3 სათამაშო კვირის განმავლობაში 2 მატჩს გამართავს, რაც თითოეული ინდივიდუალური ტურის სრულად გადადების შესაძლებლობას გამორიცხავს. კლუბებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ განაცხადში მყოფი 13 ფეხბურთელისა და 1 მეკარის არსებობის შემთხვევაში, ჩანიშნული მატჩები არ გადადონ.

ორშაბათს ჩატარებულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის მოთამაშეების 77% ორი დოზითაა ვაქცინირებული. ოქტომბრის თვეში მოთამაშეების მხოლოდ 68% იყო ორი დოზით ვაქცინირებული. მთლიანობაში მოთამაშეთა 84% მინიმუმ ერთი დოზითაა ვაცქცინირებული, თუ დავუმატებთ კლუბების მომსახურე პერსონალს, მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 92%-ს უტოლდება.

EFL – გართულებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად Boxing Day-ს მატჩები არ გადაიდება

სტატიის ავტორი
-