Belive

ელ კლასიკო: ბარსელონა - რეალი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
"ელ კლასიკო" მოახლოვდა და საფეხბურთო სამყაროსა და გულშემატკივარში ვნებათაღელვამ  მოიმატა. კვირას, 28 ოქტომბერს, 19:15 საათზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. "ნოუ კამპ"-ზე "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. ესპანურ გრანდებს თავიანთი ლიდერების გარეშე მოუწევთ თამაში. "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი ტრავმირებულია და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამოტოვებს. რაც შეეხება "რეალს", მადრიდელები ზაფხულში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს შეელივნენ და "იუვენტუსში" გაუშვეს. ორი გენიალური ფეხბურთელის არ ყოფნა "ელ კლასიკოს" მცირედით, მაგრამ მაინც უფრო არასანახაობრივს ხდის. 2007 წლის შემდეგ პირველად, ეს დაპირისპირება მესი და რონალდუს გარეშე ჩაივლის. "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს. "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში კატალონიელები პირველ ადგილზე არიან, თუმცა თითოელ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო 5 ტურში გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე "სევილია" 4:2 დაამარცხა. მანამდე კი "ვალენსია"-სთან სტუმრად ფრედ, 1:1 დაასრულა. ვერ მოიგო "ბილბაოს" წინააღმდეგ. ის შეხვედრაც 1:1 დამთავრდა. სენსაციური მარცხი განიცადა "ლეგანესთან" 2:1. "ნოუ კამპ"-ზე ვერ მოუგო "ჟირონას". კატალონიელები 18 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და მეორე ადგილზე მყოფ "ესპანიოლს" 1 ქულით უსწრებენ. რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე. ჯგუფში სამი მატჩიდან გუნდმა სამივე დამაჯერებლად მოიგო. "პსვ" 4:0 გაანადგურა. სტუმრად 2:4 მოუგო "ტოტენჰემს", ხოლო ბოლო ტურში 2:0 სძლია "ინტერს". მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, "ბლაუგრანას" ბომბარდირია ლიონელ მესი, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. არგენტინელ ვარსკვლავს "ლა ლიგა"-ში 7, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5 ბურთი დაუგროვდა. ამას მიუმატა 5 საგოლე გადაცემა. ნელ-ნელა ფორმას იღდგენს ხერარდ პიკე, რომელმაც სეზონი არასტაბილურად და არასაიმედოდ დაიწყო. კარგ ფორმაშია ტერ შტეგენი. გერმანელმა მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა საკუთარი კარი. ბოლო შეხვედრებში "ბარსელონა" უკეთ გამოიყურება, რაც კატალონიელთა გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს. ტრავმიანობა გუნდის მთავარი პრობლემაა. ლიონელ მესის გარდა, "ელ კლასიკოს" სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი გამოტოვებენ. ახლა რაც შეეხება მადრიდის "რეალს". "სამეფო კლუბი" "ლა ლიგა"-ში ცუდად თამაშობს. 9 ტურის შემდეგ თავისთვის უჩვეულო, მე-7 პოზიციაზეა და ლიდერ "ბარსელონას" ოთხი ქულით ჩამორჩება. ბოლო 5 შეხვედრაში მადრიდელებმა სამი თამაში წააგეს, ერთი ფრედ ითამაშეს, ხოლო ერთიც მოიგეს. "რეალი" ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "ლევანტე"-სთან 1:2 დამარცხდა. მანამდე წააგო შეხვედრა სტუმრად "ალავესთან". ფრედ ითამაშა მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, 0:0. ამ მატჩამდე კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. "სევილიამ" საკუთარ კედლებში 3:0 გაანადგურა "ბლანკოსი". მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი 22 სექტემბერს, "ესპანიოლს" 1:0 მოუგეს. ამ 5 თამაშში "რეალმა" გაიტანა მხოლოდ 2 ბურთი და გაუშვა 6. სულ, 9 ტურში კი გატანილი აქვს 13 და გაშვებული 9. ბოლომდე დამაჯერებლად "სამეფო კლუბი" ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყურება. სამი ტურის შემდეგ 6 ქულით გუნდი მეორე პოზიციაზეა. პირველ ტურში დამაჯერებლად მოუგო "რომას" 3:0. მეორე ტურში სენსაციურად დამარცხდა მოსკოვში, "ცსკა"-სთან 1:0, ხოლო ბოლო ტურში 2:1 დაამარცხა "პლზენი". არასაიმედოდ და არასტაბილურად გამოიყურება დაცვის ხაზი. გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი ლიდერია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთიც გაიტანა, თუმცა დაცვაში პრობლემები არის. ფორმაში შედის გარეთ ბეილი. უელსელ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ერთად, მხოლოდ და მხოლოდ, 5 ბურთი აქვს გატანილი. რაც შეეხება კარიმ ბენზემას, ფრანგმა "ლა ლიგა"-ში 4 ბურთი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1. მწყობრში არიან გუნდის ლიდერები, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. ისინი "ელ კლასიკო"-ში სათამაშოდ მზად არიან. კარგ ფორმაშია მარსელოც. ბრაზილიელ ფეხბურთელს მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ორი  ტიტულოვანი კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდება. ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში "ბარსელონა" და "რეალი" დომინირებენ. მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგეს და ყველანაირი რეკორდი დაამხეს.

ბარსელონა

ლა ლიგა: 25 ჩემპიონთა ლიგა: 5 კოპა დელ რეი: 30 ესპანეთის სუპერ თასი: 17 UEFA-ს სუპერ თასი: 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 3

რეალი

ლა ლიგა: 33 ჩემპიონთა ლიგა: 13 კოპა დელ რეი: 19 ესპანეთის სუპერ თასი: 11 UEFA-ს სუპერ თასი: 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 3
  რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს. "ბარსელონასა" და "რეალს" "ლა ლიგა"-ში ერთმანეთის წინააღმდეგ 67 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან 29 "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა, 20 თამაში "რეალმა" მოიგო, ხოლო 18 მატჩი ფრედ დამთავრდა. 29 მოგებიდან კატალონიელებმა 15 "ნოუ კამპზე" იზეიმეს, ხოლო 14 "სანტიაგო ბერნაბეუზე". "რეალმა" 20 გამარჯვებიდან 11 საკუთარ კედლებში აღნიშნა, ხოლო 9 სტუმრად. "ბლაუგრანამ" "ბლანკოსს" 118 ბურთი გაუტანა, საკუთარ კარში კი 95 მიიღო, შესაბამისად "რეალმა" 95 გაიტანა და 118 მიიღო. "ლა ლიგა"-ში "ბარსელონამ" "რეალის" წინააღმდეგ გამარჯვებების შედეგად 105 ქულის მოგროვება შეძლო. მადრიდელებმა კი 78 ქულა აიღეს. აღსანიშნავია, რომ 105 ქულიდან 55 "ნოუ კამპზეა" აღებული, ხოლო 50 სტუმრად. "რეალმა" კი 78-დან 41 "სანტიაგო ბერნაბეუ"-ზე მოაგროვა. "ლა ლიგა"-ში ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულებულ შეხვედრებს რაც შეეხება, 1935 წელს "რეალმა" "ბარსელონას" 8:2 მოუგო. კატალონიელებმა კი მეტოქე 1950 წელს 7:2 დაამარცხეს. "ბარსელონას" რიგებში მადრიდელთა კარში ყველაზე მეტი, 26 ბურთი გატანილი აქვს ლიონელ მესის. "რეალის" შემადგენლობაში კი 18 ბურთით საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა. მესიმ 26 ბურთს 14 ასისტი დაუმატა, ხოლო რონალდუს მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. სამწუხაროა, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "ელ კლასიკო"-ში ბურთის გატანის შანსი შეიძლება აღარ მიეცეს, მესი კი ტრავმას მოიშუშებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, საპასუხო შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუ"-ზე საკუთარ გუნდს უკაპიტნებს.

სხვა სტატიები