Belive

ელიგა უგოლო ფრით დაიწყო: ჩემპიონმა თელავს ვერ მოუგო

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება მოქმედი ჩემპიონის "დინამო თბილისისა" და უმაღლესში აღზევებული "თელავის" მატჩით დაიწყო. ქვეყნის რიგით 32-ე ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა და უგოლოდ დასრულდა. პირველ ნახევარში ბურთს "ლურჯ-თეთრები" აკონტროლებდნენ და მეტოქის კარის აღებას საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან გამუდმებული ჩაწოდებებით ცდილობდნენ, თუმცა ამას რეალური მომენტი და კარში დარტყმაც კი არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, კახელები, რომლებიც მეორე ნორმად თამაშს ამჯობინებდნენ, მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა - ჩხეტიანმა საქმეში გუნდის ახალწვეული ირაკლი ბუღრიძე და გიორგი კუხიანიძე ჩართო და შეტევა გააძლიერა. მეორე 45 წუთში, რომელსაც თან წვიმა დაერთო, საგოლე შანსი ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ მათგანს ჰქონია. ყველაზე მეტად ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები აქტიურობდნენ - მასპინძელთაგან აკაკი შულაია, სტუმართაგან კი ლაშა კოხრეიძე. მიუხედავად ორივე გუნდის კართან არსებული რამდენიმე სახიფათო ეპიზოდისა, 90 წუთის განმავლობაში ბურთის კარის ბადეში არ აღმოჩენილა. ამრიგად, გუნდებმა პირველი ქულები მოიპოვეს. ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ვიცე-ჩემპიონი "დინამო" დებიუტანტ თბილისის "მერანს" მიიღებს.

სხვა სტატიები