Belive

ელიგიდან - პრემიერ ლიგამდე: ჩისკომ ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი, 2021/22 წლების სეზონი საინტერესოდ დაიწყო და ქართული ფეხბურთის ქომაგისთვისაც სასიამოვნო სტარტი გამოდგა. "დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის მიერ გაწვრთნილმა "უოტფორდმა", მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა და წინა სეზონში მე-11 პოზიციის დამკავებელ "ასტონ ვილას" - 3:2 აჯობა. ანგარიში შეხვედრის მეათე წუთზე ემანუელ დენისმა გახსნა, პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი ძირითადი დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე ლონდონელთა უპირატესობა ორმადე ისმაილა სარმა გაზარდა, მესამედ კი მეტოქის კარი 67-ე წუთზე კუჩო ერნანდესმა აიღო. პირველი ბურთი 70-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ გაქვითა, ხოლო მეშვიდე დამატებულ წუთზე დენი ინგსმა ახალ კლუბში გატანილი სადებიუტო გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2. მასპინძელმა გუნდმა, რომელმაც წინა სეზონში ესპანელი სპეციალისტის თაოსნობით ჩემპიონშიფში მეორე პოზიცია დაიკავა, ბირმინგემელების დამარცხებით ორწლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისური ფეხბურთის ელიტაში პირველი 3 ქულა მოიპოვა და იმ 6 გუნდს შეუერთდა, რომელმაც საწყის ტურში გამარჯვება მოახერხეს. ეს 40 წლის ესპანელისთვის "უოტფორდის" ხელმძღვანელის რანგში გამართული 28-ე შეხვედრა იყო, საიდანაც მისმა გუნდმა 19 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა. შემდეგ ტურში, 21 აგვისტოს, "უოტფორდი" სტუმრად, "ამექს სთედიუმზე", "ბრაიტონს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები