Belive

ელიოტს ლივერპულში ენდობიან | 5-წლიანი კონტრაქტი და კლოპის რეკომენდაცია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჰარვი ელიოტმა "ლივერპულთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - ინგლისელი ტალანტი "ენფილდზე" 2027 წლამდე ითამაშებს. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, მერსისაიდულ კლუბთან, პირველი კონტრაქტი 13 თვის წინ გააფორმა. ამ პერიოდში ნაჩვენები აშკარა პროგრესის საპასუხოდ, ელიოტს "ლივერპულმა" ნდობა გამოუცხადა. "ფულჰემიდან" ჩარიცხვის შემდეგ 3 წლის შემდეგ, ელიოტს "ლივერპულში" 22 მატჩში აქვს გამართული. გასულ სეზონში, მან კოჭის რთული დაზიანება მიიღო, თუმცა ფორმა აღიდგინა და პრემიერ ლიგის 1-ელ ტურში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
"მიხარია იმისი გააზრება, რომ აქ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ. მსოფლიოში არ არსებობს ამაზე მეტი სიხარულისა და ბედნიერების მომცემი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, განვლილი გზა აღმასვლითა და დაცემით იყო სავსე. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ და იმედი მაქვს, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება", - თქვა ინგლისელმა ფეხბურთელმა.
ელიოტის მონდომებითა და ასპარეზობით კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში, ელიოტს გუნდის წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
"კლუბი აგრძელებს მოგზაურობას განსაკუთრებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად, რომელმაც გუნდს თავისი კვალი უკვე დაატყო. ჰარვი პროგრესირებს და მისი საოცარი ტალანტი რეალიზებას ჰპოვებს გუნდში, რომელსაც იგი ყოველთვის ქომაგობდა. გასულ წელს, მან მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ მიიღო დიდი გამოცდილება - როგორც მოთამაშემ და როგორც პიროვნებამ. იგი ყოველთვის კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ ახალი გამოცდილების მიღება ზრდისთვის აუცილებელია და ჰარვი სწორედ ამ სტადიაში იმყოფება", - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები