Belive

ელოდება თუ არა ნორვეგიას ბელგიის ნაკრების მსგავსი პროგრესი?

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულებულია და ევროპაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გაგრძელების თარიღის დასახელება ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, სეზონის შეჩერებამდე, თუკი რაიმე სიახლე შემოვიდა ფეხბურთში, ეს ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის აღზევებაა, რომელმაც შესანიშნავი შედეგიანობით და გამორჩეული გოლებით, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.  "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, სადებიუტო შეხვედრაში, 19 წლის ნორვეგიელმა ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. ასევე, მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ და ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა. სწორედ ასეთ დროს კი, გამოჩნდა კორონავირუსი და სეზონიც ნაადრევად დასრულდა.

ნორვეგიის ნაკრების თაობა - უკან, დიდ ფეხბურთში?

ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს ლარს ლაგერბეკი ხელმძღვანელობს - მწვრთნელი, რომელმაც ისლანდია ევრო 2016-ის მეოთხედფინალში გაიყვანა. ლაგერბეკს არცთუ მარტივი ამოცანა აქვს: მან უნდა აქციოს ანგარიშგასაწევ ძალად გუნდი, რომელსაც დიდ ტურნირზე 2000 წლის შემდეგ არ უთამაშია (სხვა სკანდინავიური ქვეყნებისგან განსხვავებით). თუმცა აშკარაა, რომ ნორვეგიას ამისი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიის ნაკრები ევროპაში ერთ ჩვეულებრივ გუნდად ითვლებოდა, თუმცა "ოქროს თაობის" წამოსვლის შედეგად, ბელგიელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
NINTCHDBPICT000001369154

ვის შეიძლება დაეყრდნოს ლაგერსბერკი?

პირველ რიგში, ცხადია, ერლინგ ჰოლანდი გვახსენდება, თუმცა მისთვის ზუსტი პასებით მომარაგება, ცხადია მარტინ ოდეგორს (და არა ოდეგაარს) დაეკისრება - მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ამჟამად "სოსიედადშია" განათხოვრებული და სეზონის განმავლობაში, ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. მეტსაც გეტყვით, ოდეგორმა "სოსიედადის" მიერ გატანილ გოლების 65%-ში მონაწილეობა მიიღო (გოლი, საგოლე პასი, მონაწილეობა შეტევაში). ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, იჯარის წესით ოდეგორმა "ვიტესსა" და "ჰერენვენშიც" ითამაშა და საკმაო გამოცდილება დააგროვა.
ჰოლანდისა და ოდეგორის გარდა, გუნდში გამოსარჩევია ჯოშუა კინგი, რომელიც "ბორნმუთის" ღირსებას იცავს და პრემიერ ლიგაში თამაშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გააჩნია. ასევე, 22 წლის სანდერ ბერგე "შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას იცავს და მის სახელს არაერთ გრანდს უკავშირებენ. კრისტოფერ აიერი, ჰაიტამ ალეესამი, ომარ ელაბდელაუი - მათი სახელები საფეხბურთო ასპარეზზე განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, მაგრამ ისლანდიის მაგალითზე დაყრდნობით თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ლაგერსბერკს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა უვარსკვლავო გუნდებითაც შეუძლია.
ნორვეგიის ნაკრების პროგრესზე საუბარი, ცხადია მას შემდეგ უნდა გავაგრძელოთ, თუკი სკანდინავიელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ. ამისთვის, პლეი-ოფში მათ სერბეთის ნაკრები უნდა დაამარცხონ.

სხვა სტატიები