Belive

ემილიანო სალას ფრენის ორგანიზატორს პატიმრობა მიესაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2019 წლის 21 იანვარს, თვითმფრინავმა, რომლითაც ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში ბრუნდებოდა კატასტროფა განიცადა. თითქმის 3 წლის შემდეგ, სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ტრაგედიაში ბრალდებულ პირს პატიმრობა მიუსაჯა. პირი, რომლის მიერ ორგანიზებული ფრენითაც 28 წლის ფეხბურთელი - ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში ბრუნდებოდა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ჰენდერსონს 18-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 67 წლის ბიზნესმენი, დევიდ ჰენდერსონი არის პიროვნება, რომელმაც დევიდ იბოტსონს ფრენის შესრულება სთხოვა. გამოძიებით დადგინდა, რომ იბოტსონი ჰენდერსონის კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავით რეგულარულად დაფრინავდა, თუმცა კომერციული პილოტის მოწმობა და ღამის ფრენის კვალიფიკაცია არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ Piper Malibu-ს ტიპის თვითმფრინავით ფრენისთვის იბოტსონის ლიცენზიის ვადაც ამოწურული იყო. იორკშირელი დევიდ ჰენდერსონი სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს. შვიდი მამაკაცისა და ხუთი ქალისგან ​შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა საბჭომ, შვიდსაათიანი მსჯელობის შემდეგ, ჰენდერსონი დამნაშავედ სცნო. ივნისში, მოსამართლე იუსტის ფოქსტონმაჰენდერსონი სასამართლო დარბაზიდან გირაოს წესით გაათავისუფლა და სასჯელის გამოცხადების თარიღი 12 ნოემბერს ჩანიშნა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 67 წლის ბიზნესმენს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა 12 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ჰენდერსონს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე ჰენდერსონმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ დანაშაულის დაფარვის მცდელობით, საკუთარი ბიზნესის ინტერესების გადარჩენას ცდილობდა.

სხვა სტატიები