Belive

ენდი რობერტსონი: როგორი უნდა იყოს სრულყოფილი მარცხენა მცველი 

3 წლის წინ ფეხბურთი
18 წთ
ენდი რობერტსონი იურგენ კლოპის კიდევ ერთი აღმოჩენაა. შოტლანდიელი მსოფლიო ასპარეზზე სწორედ გერმანელთან მოხვედრის შემდეგ გამოჩნდა და მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ის "მერსისაიდულ" გუნდში თამაშით ძალიან კმაყოფილია.
"ამ პოზიციაზე თამაში ფიზიკურად ძალიან კარგ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ მე სირბილი არასდროს მეზარებოდა და ამ ამოცანისთვის თავის გასართმევად საკმარისი ენერგია მაქვს. შენ გევალება რომ თამაშის ყველა ასპექტში მონაწილეობა მიიღო და მასზე სხვადასხვა გზით გავლენა მოახდინო. ჩვენ, ფლანგის მცველებს, შეტევაში გარკვეული უპირატესობა გვაქვს: როცა უბურთოდ ვართ, შეგვიძლია მცველების ყურადღების არეალიდან გავქრეთ, მათი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მეტი თავისუფლება გვენიჭება. ეს დიდ ზეწოლას მოითხოვს, თუმცა ეს ჩემთვის სასიამოვნოა. მე ვარ იმ ტიპის მოთამაშე რომელიც მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს დებს", - პასუხობს 26 წლის ფეხბურთელი კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს კლოპის გუნდში მარცხენა მცველი.
რობერტსონი "ენფილდზე" 2017 წელს, "ჰალ სიტიდან", £8.1 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა და ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. ენდრიუ შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი და ამჟამად მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მარცხენა მცველი გახდა. დაცვაში მოკლე დროში მიღებული სწორი გადაწყვეტილებების სიხშირის გარდა, რობერტსონის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, შეტევაში აქტიურად ჩართვა და მისი მარჯვენაფლანგელი პარტნიორის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მსგავსად, თავდამსხმელების საგოლე გადაცემებით ხშირად მომარაგებაა.

გოლების შექმნა 

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რობერტსონი თანაგუნდელებს გოლის გატანაში 25-ჯერ დაეხმარა და ახლახანს დაწყებულ გათამაშებაშიც შედეგიანი სტარტი აიღო. პრემიერლიგაში დაბრუნებული "ლიდსის" წინააღმდეგ გამართულ გახსნით, დრამატულ დაპირისპირებაში, რობერტსონმა ვირჯილ ვან დაიკს კუთხური ზუსტად ჩაუწოდა. კიდევ ერთი შემთხვევა "არსენალთან" მატჩი იყო, სადაც რობერტსონმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. შეგვიძლია გამოვარჩიოთ წინა სეზონში გაკეთებული ორი საგოლე გადაცემა, რომელიც მას მერე ვიხილეთ, რაც "ლივერპულმა" ჩემპიონობა გაიფორმა. პირველი მათგანი იყო "არსენალთან" მატჩში, როცა მან საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი რობერტო ფირმინოსთან გაითამაშა და სადიო მანე მეკარის პირისპირ დატოვა.

მეორე მათგანი "ლივერპულის" ქომაგების იმ ნანატრ ღამეს უკავშირდება, როცა მათ 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის საუკეთესო გუნდისთვის დაწესებული ჯილდო აღმართეს: ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, რობერტსონმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის შეტევა განმუხტა, ბურთი დაიჭირა და "არისტოკრატები" კონტრშეტევაზე დაიჭირა. მან სადიო მანეს პოზიცია მოირგო, მისი ტერიტორია დაიკავა და კეპას კარისკენ დაიძრა.
ჟორჟინიო რობერტსონის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა, თუმცა შოტლანდიელმა თავი შეიმაგრა, შევიდა საჯარიმოში და მაშინ, როცა ყველა კერტის ჯონსის მისამართით გადაცემას ელოდა, ბურთი საპირისპირო ფლანგზე მარტოდ დატოვებულ ოქსლეიდ-ჩემბერლენს გადაუწოდა, ალექსმა კი არისაბალგას დაკარგული პოზიციით ისარგებლა - 5:3, თამაში დასრულდა.

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რობერტსონმა ერთ-ერთ ბრიტანული გამოცემასთან ისაუბრა.
ჟურნალისტი: "ასეთ სიტუაციებში კონკრეტულ ზონებს ან ფეხბურთელებს იღებთ მიზანში?" რობერტსონი: "სხვადასხა ეპიზოდში ეს განსხვავებულად ხდება. უფრო ხშირად თავს ვწევ და ვცდილობ ფეხბურთელის მოძებნას, რათა ყველა შესაძლო ვარიანტი გავაანალიზო და საუკეთესო მათგანი ავარჩიო. უნდა შევაფასო სიტუაცია და დავრწმუნდე არის თუ არა ისეთი თანაგუნდელი, რომელიც საჯარიმოში შერბის და რომლისთვისაც ბურთის გადაგდება საუკეთესო ვარიანტი იქნება.
არის მომენტი, როცა ჩვენი რომელიმე თანაგუნდელი არასწორ გადაწყვეტყილებას იღებს და არამართებული მიმართულებით მირბის. ამ დროს ჩემი მოქმედებებით ვცდილობ, იგი გაურკვევლობის დერეფნიდან გამოვიყვანო და მცველებსა და მეკარეს შორის სივრცე გავუთავისუფლო. ამ დროს მეკარე ხვდება, რომ პოზიციის დატოვებას აზრი აღარ აქვს, მცველები კი სიტუაციაში გარკვევას ვერ ასწრებენ. თქვენ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებები. წამებში უნდა აცნობიერებდეთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ. ვფიქრობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე და სისწორე უფრო დავხვეწე და გაცილებით უკეთესი გავხადე. ვგრძნობ, რომ როგორც მოთამაშე, ვვითარდები და გაცილებით მეტი სიმშვიდით ვთამაშობ. ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ალბათ ამიტომაც არის, რომ ადრინდელთან შედარებით, უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები მაქვს. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ 100%-ით იხარჯებოდე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა წამიერი შესვენება, რათა დაფიქრდე და სწორი პასი გააკეთო. ეს არის ის, რაზეც ბევრს ვმუშაობ და როდესაც შენ რამე საქმეში დიდ ინვესტიციას დებ, შედეგის მიღება კიდევ უფრო სასიამოვნოა. გოლების შექმნა ძალიან მსიამოვნებს, ეს კარგი გრძნობაა".
"თავდასხმაში ჩართვის და წინა ხაზის მოთამაშეებთან დაკავშირების ნება მიღებული მაქვს, მჯერა, რომ მცველები წინ აქტიურად უნდა მიდიოდნენ. ეს ისაა, რაც მსურს. საბედნიეროდ, გუნდში ამის თავისუფლება მაქვს და ეს მეხმარება, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო. "ჰალში" თამაშის დროს თავდაცვითი აზროვნება უნდა მქონოდა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მეორე ნომრად თამაში გვიწევდა. მაშინ წინ ამ სიხშირით არ მივდიოდი. შესაძლოა, 90 წუთის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე ბურთიანად ერთხელ ან ორჯერ გადავსულიყავი, ახლა ამას საშუალოდ 10 ან 11-ჯერ ვაკეთებ", - ამბობს რობერტსონი.

კავშირი მანესთან 

ბოლო ორნახევარი სეზონის განმავლობაში, რობერტსონი და მანე კლოპის გუნდში მარცხენა ფლანგს სრულიად აკონტროლებენ და ერთმანეთს იდეალურად ავსებენ.
"ვფიქრობ, ეს არის ის, რაც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. მე და სადიოს ახლა ერთად ბევრი თამაში გვაქვს ჩატარებული და გუნდში მოსვლის დღიდან, ჩემი ფიქრები მოედანზე უმეტესად სადიოს უკავშირდება.  ჩვენი ურთიერთობა ფანტასტიკურია. მან იცის რას ველოდები მისგან უკან დახევის შემთხვევაში, ანუ როცა დაცვაში დახმარება მჭირდება. მე ვიცი, რას ელის ჩემგან წინსვლისა და მასთან კავშირის მცდელობის შემთხვევაში. ეს არის ის, რამაც ჩვენს გუნდს ამ ფლანგზე ბევრი წარმატება მოუტანა. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ხშირად მე მას ზონებს ვუთავისუფლებ, ზოგჯერ კი პირიქით, საგოლე შანსებს ვუქმნი", - თქვა შოტლანდიელმა.

ამ ურთიერთგაგების ერთ-ერთი კარგი მაგალითი წინა თვეში, "ზალცბურგთან" გამართული ამხანაგური მატჩისას გამოჩნდა: ჟორჟინიო ვეინდალდუმმა ბურთი შოტლანდიელს გადააწოდა, რომლის მიმართულებითაც ერთბაშად რამდენიმე მცველი წავიდა, თუმცა რობერტსონმა ბურთი გაატარა და ის სადიო მანეს დაუგორა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი მოჰამედ სალაჰს მიუვიდა, მაგრამ ეგვიპტელის დარტყმული მეტოქის დამცველმა დაბლოკა.

"საწვრთნელი პროცესისას ჩვენ სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებაზე ბევრს ვმუშაობთ. იმაზე, თუ როგორ უნდა გავარღვიოთ მეტოქის დაცვა და როგორ ვიპოვოთ გასაღები. ვცდილობთ შევიმუშავოთ სქემა, რომლის მიხედვითაც, წამების სიზუსტით მოვახერხებთ შედეგიანი კომბინაციის გათამაშებას. ვარჯიშზე შესაძლოა ნებისმიერი რამ სცადოთ, მაგრამ მთავარი მაინც მატჩია და ის თუ რას გააკეთებთ მოკლე დროში თამაშის დროს. ამ დროს უნდა შეძლოთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ სადიომ საგრძნობლად მოუმატა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ის თავის საქმეს საუკეთესოდ აკეთებს და ამის გამო, მსოფლიოში გამორჩეულია. მან თავისი თამაში უმაღლეს დონეზე აიყვანა. ვფიქრობ, რომ როგორც ფეხბურთელები ერთმანეთს დავეხმარეთ. ჩვენი საქმეა, რომ მეტოქე გუნდს მარჯვენა მხრიდან რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ. ამასთანავე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავუმჯობესდეთ", - თქვა რობერტსონმა.

ორმაგი მოქმედება ალექსანდრ-არნოლდთან

ვიცით, რომ ბევრი გუნდი ცდილობს დაიჭიროს არნოლდი და შეცდომა დააშვებინოს, ჩვენ კი ამით ვსარგებლობთ, რადგან თუ არნოლდი მოედნის ერთ მხარესაა, სადაც ბურთია, ეს ნიშნავს, რომ საპირისპირო ზონა თავისუფალია და ეს უნდა გამოვიყენოთ. იმის ნაცვლად, რომ ბურთს უკანა ხაზის გასწვრივ ან ნახევარმცველებთან ვათამაშებდეთ, ზოგჯერ არნოლდი მეტოქისკენ პირდაპირ მიდის და ეს მოწინააღმდეგეს სიტუაციასთან ადაპტირებას ურთულებს. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ჩვენ ამას საკმარისად ხშირად ვაკეთებთ, ამიტომ მთავარია ამ სქემის შეცვლა. არ უნდა ვიყოთ პროგნოზირებადები და ჩვენი ტაქტიკა მეტოქისთვის თავიდანვე შეცნობილი არ უნდა იყოს. შეგვიძლია დავტვირთოთ მცველები, ჯო გომესი და ვირჯილ ვან დაიკი.
ვფიქრობ, რომ ფლანგის მცველები ჩვენი გუნდის თამაშის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. როცა მე და ტრენტი მეტოქეს პრესინგს ვეთამაშებით, ეს გვაძლევს შანსს, რომ შუაში მყოფ მეტოქეს კონცენტრირება დავაკარგვინოთ და დაცვიდან შეტევაში საკმაოდ სწრაფად გადავინაცვლოთ. მჯერა, რომ ორივე ჩვენგანს ამისთვის შესაბამისი ხარისხი აქვს და ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგად ვაჩვენეთ. ზოგჯერ მე და ტრენტი საწვრთნელი სესიის დასრულების შემდეგ ვრჩებით და ერთად ვვარჯიშობთ. მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველს უნდა ჰქონდეს. ის ყოველთვის ცდილობს იყოს შედეგიანი, მისი დიაგონალური პასები კი საერთოდ გასაოცარია. თუკი ზოგიერთი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებისა და პენალტების შესრულებაზე ვარჯიშობს, მე და არნოლდი ერთმანეთისთვის ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვამუშავებთ. ეს კარგი საშუალებაა, ამის შედეგად, გრძელ გადაცემებს უფრო იოლად ვაკეთებთ", - თქვა რობერტსონმა.
იმის ნათელი მაგალითი, რასაც რობერტსონი, მისი და არნოლდის პარტნიორობის შესახებ ხსნის, წინა სეზონში, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში გამოჩნდა. არნოლდმა ბურთი საპირისპირო ფლანგზე, რობერტსონის მიმართულებით გაგზავნა, მან კი საჯარიმოში, მო სალაჰს ჩაუწოდა, რომელმაც თავური დარტყმით მეტოქის კარში შეაგდო.
"ჰო, ეს კარგი მაგალითი იყო. ტრენტი იმდენად ნიჭიერია, რომ ასეთი პასების გაკეთება მარცხენა ფეხითაც შეუძლია. ამ ერთი გადაცემით მან "სიტის" 5 ფეხბურთელი გააცურა, მე კი ბურთი მივიღე და დაუყოვნებლივ საჯარიმოში გავგზავნე, რომ დრო გვეხელთა და მეტოქისთვის პოზიციის დაბრუნების შესაძლებლობა არ მიგვეცა.  ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ მე და ტრენტმა რაც შეიძლება ზუსტად და სწრაფად ვიმოქმედოთ, რაც მეტოქეს პოზიციის დაბრუნებაში უფრო მეტ დროს დააკარგვინებს.

კუთხურები და საჯარიმო დარტყმები 

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, "ლივერპულმა" გოლის გატანა სტანდარტული სიტუაციიდან 11-ჯერ მოახერხა და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგაში პირველი ადგილი დაიკავა. ყველაზე ახლოს მერსისაიდელებთან "ევერტონი" და "ვესტ ჰემი" იყვნენ. იურგენ კლოპის თანაშემწე, პიტერ კრაივეცი, ფეხბურთელებს სტანდარტული მდგომარეობების შესრულებაზე დამატებით ავარჯიშებს.
"ჩვენ სტანდარტებზე ბევრს ვმუშაობთ. პიტს უყვარს ისინი. სტანდარტული სიტუაციები მისი სიამაყე და სიხარულია. როდესაც სტანდარტიდან გაიტან, ყოველთვის იცი, რომ პიტი ამაყობს.სტანდარტები თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეხედეთ, როდესაც თქვენ ისეთი კარგი ფეხბურთელები გყავთ მეორე სართულზე, როგორიცაა ვირჯილი, ჰენდო, ბობი და სხვები არიან, თქვენ უნდა შეძლოთ ამის მაქსიმალურად კარგად გამოყენება".
ჩამოთვლილ ფეხბურთელებამდე ბურთის მიტანის მოვალეობა უმეტესად ალექსანდერ-არნოლდსა და რობერტსონს ეკისრებათ. ერთ-ერთი სანიმუშო შემთხვევა ამ სეზონში, "ლიდსთან" უკვე ხსენებულ მატჩში გატანილი გოლი იყო, როცა რობერტსონის ჩაწოდებულ ბურთზე მეტოქის კარის ძელთან ჩასაფრებულმა ვირჯილ ვან დაიკმა ითამაშა.

კიდევ ერთი კარგი მაგალითი წინა სეზონის მიწურულიდან: რობერტსონი ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან აწვდის, დასწრებაზე მო სალაჰი პირველია.

წარსულში, მას ეს უნარ-ჩვევა საუკეთესოდ არ ჰქონდა განვითარებული, თუმცა რობერტსონმა სტანდარტული სიტუაციების დახვეწაზე ბევრი იმუშავა.
"ეს ის კომპონენტი იყო, რომლის დახვეწაც მსურდა. ჩემი თამაშის ეს ასპექტი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა, რათა ხალხს დაუმტკიცო, რომ ისინი ცდებიან.  წინა სეზონის განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ეს კომპონენტი გამეუმჯობესებინა. მინდოდა გუნდისთვის მარცხენა ფეხით კარგი ჩამწოდებელი შემემატებინა. აქამდე ყოველთვის ტრენტი ან მილნერი აწვდიდნენ მარჯვენა ფეხით, მე კი შევეცადე გავმხდარიყავი მემარცხენე ვარიანტი და ვფიქრობ, რომ ეს შევძელი. ჯერჯერობით კარგად გამომდის, რაც განსაკუთრებით "ლიდსთან" გამოჩნდა. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ. მე და ტრენტი ვაკონტროლებთ ფლანგურ ჩაწოდებებს. კარგია თუ ცუდი ჩვენ ამაზე მუდმივად ვვარჯიშობთ. ნამდვილად ვამაყობ ხოლმე ისეთ მომენტებში, როცა მოედანზე იმის ზუსტად გაკეთებას ვახერხებ, რაზეც "მელვუდში" ყოველდღიურად ვვარჯიშობ", - თქვა რობერტსონმა.

აუტები

"ლივერპულში" ფლანგის მცველები უამრავ აუტს აწვდიან, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იურგენ კლოპმა თავის გუნდში თომას გონმარკი მიიწვია.
"ვფიქრობ მე და ტრენტი ყველაზე მეტ აუტს ვაწვდით. ყველამ უფრო მეტად მომართა საკუთარი ძალები, რომ ეს ასპექტი ისე შეესრულებინა, როგორც ამას თომასი ითხოვს. ცხადია, აუტი თამაშის მცირე დეტალია, მაგრამ ბურთის შენარჩუნებას ან მეტოქის იერიშების მოგერიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც აუტებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. როცა გუნდში მოვედი, ვნახე, რომ ვარჯიშის დროს ბიჭები 50-50 აუტს აწვდიდნენ. ჩვენს ჩაწოდებულ აუტს ყველა მეტოქე უკვე სახიფათო სტანდარტულად აღიქვამს, რაც ჩვენთვის უპირატესობა უნდა იყოს. თომასთან მუშაობამ გაცილებით უკეთესები გაგვხადა", - თქვა რობერტსონმა.

მაღალი დაცვის ხაზი

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ტურში, მეორე ნახევარში ათი კაცით დარჩენილ "ჩელსისთან" დომინანტური გამარჯვება (3:0) ინგლისის ჩემპიონატის ბოლო შვიდ შეხვედრაში პირველი ისეთი მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც კლოპის გუნდმა კარი მშრალად შეინახა. პრემიერლიგის ბოლო 21 მატჩში "წითლებმა" ჯამში 13 გოლი გაუშვეს, მათ შორის ელიტაში დაბრუნებულ "ლიდსისგან" - 3. რობერტსონი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც მისი გუნდი ბოლო პერიოდში ბევრ გოლს უშვებს.
"ბევრი რამ ითქვა ჩვენს მაღალ ხაზზე, მაგრამ პრობლემა მათში არ არის. ეს იმის ბრალია, რომ მეტოქე ბურთზე აქტიურ პრესინგს თამაშობს. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ "ლიდსთან" შეხვედრაში ტრენტს ტრავმა აწუხებდა, რომელმაც ჩვენი წინასასეზონო შეკრება გამოტოვა, შემდეგ კი მე, ის, ჯო და ვან დაიკი ეროვნული გუნდების დასახმარებლად გავემგზავრეთ. "ლიდსთან" მატჩის წინ, ჩვენ მხოლოდ 2 სრულფასოვანი საწვრთნელი სესიის ჩატარება მოვასწარით. ნაკრებებში სხვადასხვა სქემით ვთამაშობთ, რაც ჩვენს ფორმას გარკვეულწილად ცვლის და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. დიახ, სამივე გოლის აცილება შეიძლებოდა, მაგრამ იმ მომენტში ცოტას ვღელავდი. ამ სეზონში ისევ წინსვლას და გამარჯვებებს ვაპირებთ, რის გამოც თავდაცვით მხარეს კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობთ და მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ. ეს არ ეხება მხოლოდ უკანა ოთხ ფეხბურთელს და მეკარეს. ჩვენ გუნდურად ვიცავთ თავს და ვცდილობთ თავი რამდენადაც შესაძლებელია სისტემურად და ერთობლივად დავიცვათ. ამ საკითხს დიდ დროს ვუთმობდით, მაგრამ კარანტინის შემდეგ, რამდენიმე დაუდევარი შეცდომა დავუშვით", - თქვა რობერტსონმა.

ფეხბურთი პანდემიის პირობებში 

შოტლანდიელმა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების და შესაბამისად უმაყურებლო ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა: "ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე ნაგავია. ფეხბურთი ბევრად უკეთესია, მაშინ როდესაც ამ ატმოსფეროს შეიგრძნობ.
"მსოფლიოში სერიოზული რამ ხდება, რაც ამჟამად ათასობით ადამიანს არ აძლევს შეკრების საშუალებას და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. რთულია, მაგრამ ჩვენს თავში სულ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას გრძნობენ ის გულშემატკივრები, რომლებიც სახლიდან გვქომაგობენ. არავის სიამოვნებს დახურულ კარს მიღმა თამაში, მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ ვითამაშოთ და გავაგრძელოთ კონკურენცია თასების მოსაგებად, ისევე როგორც წინა სეზონში. როდესაც საბოლოოდ დადგება ის ნანატრი დღე და "ენფილდი" კვლავ გაივსება, ეს საოცარი იქნება. ეს გვიბიძგებს და გვაძლევს მოტივაციას", - თქვა რობერტსონმა.
სპორტული წარმატებების გარდა, ენდრიუ რობერტსონი სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. მან ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა სახელწოდებით - "რობო, შე შთაგვაგონებ ჩვენ". გარდა ამისა, ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ შოტლანდიაში, შემდეგ კი მთელს ბრიტანეთში სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაეხმარება.

სხვა სტატიები