Belive

ერიკ ბოტეიმი - ჰოლანდის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც მოურინიო გაანადგურა

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

UEFA-ს კონფერენც ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "ბოდო გლიმტი" "რომას" დაუპირისპირდა. ნორვეგიაში გამართული მატჩი, ჟოზე მოურინიოსა და კომპანიისთვის კატასტროფულად დასრულდა - "ბოდო გლიმტმა" მოწინააღმდეგე გაანადგურა (6:1). "რომას" რბევაში ლომის წვლილი ერლინგ ჰოლანდის საუკეთესო მეგობარმა - ერიკ ბოტეიმმა დაიდო, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 3 საგოლე გადაცემა შეუსრულა. პორტუგალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დამამცირებელი მარცხის მთავარი შემოქმედი ერიკ ბოტეიმი გახდა. როდესაც 2007 წელს, ჟოზე მოურინიომ "ლინის" ამომავალი ვარსკვლავი - ჯონ ობი მიკელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ცხვირწინ ააცალა და "ჩელსის" მაისური მოარგო, ნაკლებად წარმოიდგენდა რომ 14 წლის შემდეგ, "ლინის" კიდევ ერთი აღზრდილი მისი გუნდის კოშმარად იქცეოდა. 21 წლის ნორვეგიელმა ტალანტმა "რომას" კარი მე-8 წუთზე აიღო. მე-20 წუთზე კი თანაგუნდელი საგოლე გადაცემით მოამარაგა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმი "ჯალოროსის" კოშმარად იქცა - ბოტეიმმა კიდევ 1 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 2 საგოლე გადაცემა მიაწოდა. წერტილი კი სოლბაკენმა დასვა, რომელმაც "რომას" კარში მე-6 გოლი გაიტანა. ერიკ ბოტეიმმა "რომას" წინააღმდეგ გამართული მატჩი ისეთი შედეგით დაასრულა, როგორიც მის საუკეთესო მეგობარს (ერლინგ ჰოლანდი) UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე არასდროს ჰქონია. ბოტეიმი და ერლინგ ჰოლანდი პირველად 12 წლის ასაკში შეხვდნენ, თუმცა თავდაპირველად ერთმანეთი არ მოეწონათ - მეგობრებმა საერთო ენა მხოლოდ 3 წლის შემდეგ გამონახეს. 2016 წელს, ნორვეგიის ასაკობრივი ნაკრების კემპზე, ბოტეიმმა და ჰოლანდმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. წყვილის ერთობლივმა სიმღერამ Youtube-ზე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Erik Botheim (@erikbotheim)

ახალგაზრდულ ასაკში, ბოტეიმი ჰოლანდთან შედარებით უფრო იმედისმომცემ ტალანტად მიიჩნეოდა. 11 წლის ბოტეიმი "ბარსელონას" კემპში ირიცხებოდა - 15 წლის ასაკში კი "ლინში" მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა, რის შემდეგაც "ნორვეგიის" უძლიერესმა კლუბმა "როსენბორგმა" გაიფორმა. მოვლენები მალე შეიცვალა. ჰოლანდმა ასტრონომიული პროგრესი განიცადა - ბოტეიმის წინსვლა კი შენელდა. გასულ წელს, ბოტეიმი "სტაბეკში" გაანათხოვრეს, თუმცა თავის დამკვიდრება გაუჭირდა. სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოტეიმმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2020 წელს, "როსენბორგის" მესვეურებმა 21 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტეს - პარალელურად "ბოდო გლიმტი" შემტევის ძიებაში იყო და სწორედ ასე აღმოჩნდა ბოტეიმი ნორვეგიის ჩემპიონის რიგებში. არქტიკულ სარტყელში მდებარე ქალაქის კლუბმა ისტორიული ჩემპიონობა იზეიმა. "ბოდო გლიმტმა" 30 შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა და ნორვეგიის ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა. ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, "ბოდო გლიმტს" მძიმე საფასურის გადახდა მოუხდა - ვარსკვლავების შემტევმა ტრიომ კლუბი დატოვა. იენს პიტერ ჰაუგე "მილანში" გადავიდა. დანიელი ჯადოქარი ფილიპ ზინკერნაგელი "უოტფორდში" გადავიდა, ხოლო კასპერ იუნკერმა იაპონურ "ურავას" მიაშურა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Erling Braut Haaland (@erling.haaland)

"ბოდო გლიმტს" ახალი შემტევი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა - თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსარგებლე ერიკ ბოტეიმის გაფორმება კლუბისათვის იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ბოტეიმი ნორვეგიის ჩემპიონატში ბრწყინავს, კონფერენც ლიგაზე კი მოურინიოსა და "რომას" კოშმარად იქცა. 21 წლის შემტევის მტკიცებით, "ბოდო გლიმტში" გადასვლამდე ჰოლანდსა და ჰაუგეს ესაუბრა. ბოტეიმს ორივე მათგანმა "ბოდო გლიმტში" გადასვლა ურჩია.

სხვა სტატიები