Belive

ერიკ კანტონამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ყველას კარგად გვასხოვს. მისი ქარიზმა და თავდაჯერებულობა მოედანზე ყოველთვის შესამჩნევი იყო. "მეფე" ერიკი ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან მანჩესტერში 5 წელი დაჰყო და 62 ასისტთან ერთად 81 გოლის გატანაც შეძლო. მიუხედავ იმისა, რომ კანტონას სანაკრებო დონეზე ზინედინ ზიდანთან უწევდა კონკურენცია, საკუთარი ქვეყნისთვისაც აქვს საკმაო რაოდენობის გოლები გატანილი. Les Bleus რიგებში ერიკმა, სულ რაღაც, 45 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანა შეძლო. კანტონას დამსახურებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. "მეფე" ერიკმა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა და თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად ისაუბრა.

მეკარე | რენე იგუიტა (კოლუმბია)

"მე მიყვარდა მისი ენერგია, მღელვარება და რისკის სურვილი. შეცდომებს უშვებდა, მაგრამ თამაშისთვის საჭირო სულისკვეთება ჰქონდა. ის დიდებული მეკარე იყო."

მარჯვენა მცველი | ჟუნიორი (ბრაზილია)

”ის ძლიერი მოთამაშე და ნამდვილი კაცი იყო. მან დიდი როლი ითამაშა 1982 წლის დიდებულ ბრაზილიის ნაკრებში. ბევრი ამბობს, რომ ამავე წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები, სწორედ სამხრეთელები იყვნენ. მას დაცვასთან ერთად არაჩვეულებრივად შეეძლო შეტევაც. მისი თამაშის ყურება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მგვრიდა."

ცენტრალური მცველი | ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)

”ბეკენბაუერი მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო. მისი უნარებისა და ოსტატობის დამსახურებით გერმანელს, ყველა სიტუაციაში შეეძლო მეტოქის შეჩერება და ბურთის მოპოვება. მან ერთხელ გული ძალიან დამწყვიტა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს რვა წლის ვიყავი და ფინალში ნიდერლანდებს ვგულშემატკივრობდი. ჩემპიონი დასავლეთ გერმანია გახდა და მეც ავტირდი. ძალიან ვწუხდი, მაგრამ ახლა ძალიან კარგად მესმის თუ რამდენად დიდებული იყო "კაიზერი".

მარცხენა მცველი | ჯაკინტო ფაჩეტი (იტალია)

„ფაჩეტიზე უკეთესი იტალიელი მცველი არავინ იყო. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მის თამაშებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. ის კეთილშობილი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. კარიერის განმავლობაში, მცველის კვალობაზე, საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა."

ცენტრალური ნახევარმცველი | როი კინი (ირლანდია)

„ვფიქრობ, ახსნა არაა საჭირო თუ რატომ დავასახელე როი. ის საუკეთესო იყო ნახევარდაცვაში. როი დაცვითი სტილის მოთამაშე, თუმცა, მოულოდნელად შეეძლო წინ გავარდა და გოლების გატანა. მისი სათამაშო ინტელექტი ძალიან იშვიათი იყო. თავს მშვიდად ვგრძნობდი, როცა ის ჩემს უკან თამაშობდა. ის მოიპოვებდა ბურთს და მაშინვე მე მაძლევდა. და როგორი პერსონაჟია?! ის ნებისმიერი გუნდის შთაგონების წყაროდ და ლიდერად გამოდგება."

მარჯვენა ნახევარმცველი | კარლოს ვალდერამა (კოლუმბია)

”ბევრს მხოლოდ მისი თმა ახსოვს, მაგრამ ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. ჩვენ ერთად ვითამაშეთ "მონპელიეში" და ეს უდიდესი სიამოვნება იყო. მორცხვი და მშვიდი კაცია, მაგრამ ასევე ძლიერი ხასიათი აქვს. ფიზიკური სიძლიერით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მოედნის შესაშური ხედვა ჰქონდა და ბურთის მიღება იქ შეეძლო, სადაც თვითონ ისურვებდა. კარლოსი ძალიან გულუხვი ფეხბურთელი იყო და საკუთარ თავზე არასდროს ფიქრობდა."

მარცხენა ნახევარმცველი | დიეგო მარადონა (არგენტინა)

„ზოგი ამბობს, რომ პელე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მარადონა ყოველთვის საუკეთესო იყო, არის და იქნება. მან 1986 წლის მსოფლიო თასი მოიგო. პელესთან მნიშვნელოვანი განსხვავება ის იყო, რომ მარადონა არ იყო გარშემორტყმული დიდი ფეხბურთელებით. ის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. რომ არა დიეგო, არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებდნენ."

მარჯვენა თავდამსხმელი | გარინჩა (ბრაზილია)

”სამწუხაროდ, მე მხოლოდ მისი რამდენიმე მატჩის ხილვა შევძელი. ის იდეალური ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდა გულშემატკივარმა მასზე ბევრი არ იცის, თუმცა, დამერწმუნეთ, გარინჩა რომ დღეს თამაშობდეს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იქნებოდა. მას უამრავი უნარი ჰქონდა, რაც მოედანზე გამოარჩევდა.”

მარცხენა თავდამსხმელი | იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)

”70-იან წლებში ნიდერლანდელებმა აღმაფრთოვანეს და თავი შემაყვარეს. მათ შემადგენლობაში კრუიფი საუკეთესო იყო. ის ჩემი ბავშვობის გმირი იყო და საძინებლის კედელზე მისი პლაკატიც მქონდა გაკრული. იოჰანი მოედანზე ნამდვილი შემოქმედი იყო. მან ფეხბურთში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. "აიაქსმა" ფეხბურთი შეცვალა და ის ამ ყველაფრის ლიდერი იყო."

ცენტრალური თავდამსხმელი | მარიო კემპესი (არგენტინა)

”კემპესი 1978 წელს არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ის შესანიშნავი იყო ესპანურ "ვალენსიაში". მას შეეძლო გოლების გატანა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ელეგანტურად აკეთებდა. ის მაღალი იყო  და ჰაერში არაჩვეულებრივდა თამაშობდა."

სხვა სტატიები