Belive

ერნესტო ვალვერდეს ბარსელონური კარიერა რიცხვებში

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ბარსელონასა" და ერნესტო ვალვერდეს გზები საბოლოოდ გაიყარა. ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა კლუბმა ესპანელ მწვრთნელთან განშორება დაადასტურა და ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გუნდში კიკე სეტიენი მოიყვანა. ვალვერდემ "ბლაუგრანაში" არასრული სამი სეზონი გაატარა. აქ ამ პერიოდის განმავლობაში "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გაკრიტიკებული მწვრთნელის შედეგებზე ვისაუბრებთ. 69.5% - ვალვერდემ ლა ლიგაში "ბარსელონა" 95-ჯერ გაიყვანა და აქედან 66 მატჩი მოიგო (22 ფრე, 7 წაგება). მოგების პროცენტული მაჩვენებლით (69.5), ერნესტო "ბარსელონას" ისტორიაში მწვრთნელებს შორის მეხუთეა. მას ჯერარდო მარტინო, ლუის ენრიკე, პეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა უსწრებენ.

97 - ყველა ტურნირზე ვალვერდემ "ბარსელონასთან" ერთად 97 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. 36 - ვალვერდეს ლა ლიგაში საწყის 36 მატჩში წაგება არ ჰქონია, რაც ახალი მწვრთნელისთვის ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში რეკორდი იყო. კატალონიელებმა აქედან 27 შეხვედრა მოიგეს. 43 - ლუის ენრიკეს ბოლო 7 შეხვედრაში წაუგებლობას ვალვერდეს 36 დუელი დაემატა და "ბარსამ" ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 43 შეხვედრა მარცხის გარეშე. 4 - ვალვერდემ "ბარსელონაში" 4 ტიტული მოიგო: 2 ლა ლიგა (2017/18, 2018/19), კოპა დელ რეი (2018) და ესპანეთის სუპერთასი (2018).
213 - "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში, ვალვერდეს ლა ლიგაში 213 გამარჯვება დაუგროვდა, რა შედეგითაც ის ყველა დროის რეკორდსმენებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს ("ბარსელონა", "ბილბაო", "ვალენსია", "ვილიარეალი"). 9 - ვალვერდეს პერიოდში "ბარსელონამ" "რეალთან" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. მას 21-ე საუკუნეში პეპ გვარდიოლასა და დიეგო სიმეონესთან ერთად "ლოს ბლანკოსი" ყველაზე მეტჯერ ჰყავს დამარცხებული (9). 112 - ვალვერდეს პერიოდში ლიონელ მესიმ 112 გოლის გატანა და 46 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ამ პერიოდში "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში 238-ჯერ გაიტანა, საიდანაც მესის წილი 47.9% იყო. 123 - ვალვერდეს მწვრთნელობისას, "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ხშირად ჟერარდ პიკე ხვდებოდა - მან თერთმეტეულიდან 123-ჯერ დაიწყო. 0:3 და 0:4 - 55 წლის მწვრთნელისთვის "ბარსელონურ" კარიერაში ორ მთავარ შავ ლაქად ჩემპიონთა ლიგაში სამბურთიანი უპირატესობების განიავება ითვლება. მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ 4:1 "რომასთან", და მომდევნო სეზონის ნახევარფინალის მეორე რაუნდის წინ 3:0 მომავალ ტრიუმფატორ "ლივერპულთან".

სხვა სტატიები