ეროვნული ლიგა 32-ე ტური: ლიდერთა დერბის წინ

საქართველოს 30-ე ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. წინამორბედებთან შედარებით, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება კონკურენტუნარიანობით და ბოლო ტურებამდე საჩემპიონო ინტრიგით გამოირჩევა.

სეზონის პირველი ნახევრისა და ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლის შემდეგ, სამი გუნდი გამოიკვეთა, რომლებიც საჩემპიონო რბოლაში მთავარ როლს შეასრულებდნენ. ორი “დინამო”, თბილისისა და ბათუმის და რა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო”.

თბილისური კლუბებისგან ლიდერთა შორის ყოფნას მარტამდე, ანუ სეზონის გახურებამდეც მოველოდით, აჭარელთა ასეთი მარათონული სვლა კი უმაღლეს დივიზიონში წელს დაბრუნებული გუნდისგან ცოტა მოულოდნელი იყო.

ცხადია, ტიტულისათვის მებრძოლ გუნდებს შორის თავიდანვე განვიხილავდით ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ტიტულოვან კლუბ ქუთაისის “ტორპედოს”, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ითამაშა, ხანგრძლივი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა და ბოლო სამ წელიწადში მესამედ დავით ყიფიანის სახელობის თასიც მოიგო. თუმცა, “ტორპედოს” თავს მოვლენები მძიმედ განვითარდა. სპონსორის დაკარგვამ, პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლამ და უმძიმესმა ფინანსურმა პირობებმა გუნდი იმ დონემზე მიიყვანა, რომ ქუთაისური კლუბის ფეხბურთელებმა ერთი პერიოდი ვარჯიშიც კი შეწყვიტეს…

მოკლედ, გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ტიტულის მოპოვების სამი რეალური კანდიდატი გვყავს. იმ შემთხვევაში თუ გუნდები სეზონის ბოლოს თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ჩემპიონობას ბათუმელები მოახერხებენ, ვინაიდან მათ ორივე თბილისურ კლუბთან ურთიერთშეხვედრების უკეთესი ბალანსი აქვთ.

ეროვნული ლიგა 32-ე ტური: ლიდერთა დერბის წინ 1

ამრიგად “დინამო თბილისსა” და “საბურთალოს” ქულის დაკარგვის უფლება აღარ აქვთ, თანაც ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ არიან და ბათუმის “დინამოს” ფეხის დაცდენას ელოდებიან.

მართალია ამჟამად გათამაშებას ბათუმელები ლიდერობენ, თუმცა 32-ე ტურის მერე, შესაძლოა ცხრილის სათავეში “დინამო თბილისი” აღმოჩნდეს.

შემდეგ ტურში, ბათუმელები “ვიტ ჯორჯიას” მასპინძლობენ, ხსენებული ორი გუნდი კი ერთმანეთს დერბიში უპირისპირდება.

ცხრილის ერთი ჩახედვით, “ვეტერინარები” ლიგაში ყველაზე ცუდი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა ამ სეზონში “დინამო თბილისის” დამარცხება და მოქმედ ჩემპიონთან ფრის გაგორება მოახერხეს, ასე რომ არაა გამორიცხული ქულას ხელი აჭარაშიც გამოკრან, თანაც ბათუმის “დინამოს” მიერ გორში ნათამაშები ფრის შემდეგ. ამის პარალელურად, თუ დერბიში გამარჯვებას “დინამო” მოახერხებს, ლურჯ-თეთრები ლიდერობას დაიბრუნებენ. სხვა ყველა შემთხვევაში ბათუმელები პირველ პოზიციას შეინარჩუნებენ.

32-ე ტურში 3 ქულის მოპოვების საუკეთესო შანსი ბათუმურ კლუბს აქვს, რომელსაც საშინაო კედლებში ბოლოადგილოსანი “ვიტ ჯორჯიას” მიღება უწევს. ამ სეზონის წინა სამივე შეხვედრაში გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა გამარჯვებას მიაღწიეს, მეტოქეს ჯამში 6 გოლი გაუტანეს და თავად არცერთი გაუშვიათ.

რაც შეეხება დერბის, აქ უპირატესობა წესით და რიგით “დინამოს” უნდა ჰქონდეს, რომელმაც მეტოქესთან შედარებით წინა ტურის შემდეგ დასვენებისა და მომზადებისთვის მეტი დრო გამოიყენა, თანაც “ლოკომოტივთან” შინ, დრამატული მარცხის მერე, მათ დამატებით მუხტი ექნებათ. გია ჭიაბრიშვილის გუნდს კი თასზე, “ტორპედოსთან” ნახევარფინალური მატჩის ჩატარება მოუწია (2:0). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ჩემპიონი ფინალშია და “ლოკომოტივთან” რთული დაპირისპირება ელის, შეგვიძლია “საბურთალო” ფარულ ფავორიტადაც მივიჩნიოთ. გუნდი კარგ ფორმაშია, მათ ბოლო 4-დან 3 შეხვედრა მოიგეს და თუ დერბიშიც გამარჯვებას მიაღწევენ, “ბათუმელების” მთავარი კონკურენტი გახდებიან.

თუ კალენდარზე ვისაუბრებთ, ამ მხრივ არცერთ გუნდს ულხინს. ბათუმის “დინამო” და “საბურთალო” ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “ჩიხურას, ხოლო “დინამო თბილისს” იგივე მიზნის მქონე “რუსთავთან” დაპირისპირება ელის.

ასე რომ, გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, საჩემპიონო შანსი სამივე გუნდს აქვს, მთავარი მატჩები კი ჯერ კიდევ წინ არის. 32-ე ტური სტარტს შაბათს, 26 ოქტომბერს აიღებს და ორშაბათს დასრულდება.

ეროვნული ლიგა 32-ე ტური: ლიდერთა დერბის წინ 2

(495)

ეროვნული ლიგა 32-ე ტური: ლიდერთა დერბის წინ

სტატიის ავტორი
-