Belive

ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის "დინამო" გახლდათ, რომელმაც გორში, "სამტრედიას" ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება გახლდათ. მატჩი გამორჩეული იყო გიორგი ფანცულაიასთვის, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში სადებიუტო ბურთი შეაგდო, გიორგი ნიქაბაძემ კი საკუთარი მოპოვებული პენალტის რეალიზება შეძლო. გამარჯვება მათმა მოსახელე კლუბმაც მოახერხა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიანი დერბი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა და მასში, მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალოს" - 4:3 სძლია. აქ მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება განსჯის საგანი გახდა, თუმცა ამას კარგი სანახაობისთვის ხელი არ შეუშლია. სეზონში პირველი გოლების გატანა მოახერხა "დინამოს" ახალწვეულმა ზორან მარუშიჩმა, რომელმაც მასზე გაცემული ავანსების გამართლება "საბურთალოსთან" დუბლით დაიწყო. წარმატებულ სვლას აგრძელებს გორის "დილა". ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ზესტაფონში, წყალტუბოს "სამგურალთან" მატჩი შემოატრიალა - 2:1 იმარჯვა და ვიცე-ჩემპიონებთან ერთად წაუგებლის სტატუსი შეინარჩუნა. შეხვედრაში განსაკუთრებით ირაკლი ბიძინაშივლი გამოირჩეოდა, რომელიც მიუხედავად წინა ტურში გაცუდებული პენალტისა, მიმდინარე სეზონში "დილას" ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა. სეზონში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც შინ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "თელავი" მიიღო და დამატებით დროში გაშვებული გოლის შემდეგ, ფრე - 2:2 ითამაშა. იმერული კლუბისთვის სეზონის პირველი 2 გოლი ფადი ზიდანმა გაიტანა, მეტოქე გუნდის რიგებიდან კი გოლს+პასით ლაშა შერგელაშვილი გამოირჩა. მეოთხე ტური დედაქალაქში დასრულდა, სადაც "ლოკომოტივმა" "შუქურა" "დინამო არენაზე" მიიღო და - 2:1 აჯობა. სეზონში პირველად შეაგდო რკინიგზელთა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, ულად-ომარ იმრანმა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მხრიდან მეორე გოლი კი ბექა დარცმელიამ გაიტანა, ვინც საგოლე გადაცემაც მიითვალა და ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ.

მეოთხე ტურის შედეგები

ბათუმის "დინამო" - "სამტრედია" 2:0 "სამგურალი" - "დილა" 1:2 "ტორპედო" - "თელავი" 2:2 "დინამო თბილისი" - "საბურთალო" 4:3 "ლოკომოტივი" - "შუქურა" 2:1 მეოთხე ტურის შემდეგ ცხრილს კვლავინდებურად ბათუმის "დინამო" და გორის "დილა" 10-10 ქულით ლიდერობენ, მესამე პოზიციას "დინამო თბილისი" და "ლოკომოტივი" ინაწილებენ, რომელთა მონაგარიც 7-7 ქულაა, ცხრილის ფსკერზე კი "სამტრედია" იმყოფება, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში არც გოლი გაუტანია და არც ქულა მოუპოვებია.

სატურნირო მდგომარეობა მეოთხე ტურის შემდეგ

მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: ლაზარე კუპატაძე (ბათუმის "დინამო"). მცველები: ფაბიან სპორკსლეიდი ("დინამო თბილისი"), ნიკა სანდოხაძე ("ლოკომოტივი"), ოლექსანდრ აზაცკი (ბათუმის "დინამო"), ლაშა შერგელაშვილი ("თელავი"). ნახევარმცველები: ბექა დარცმელია ("ლოკომოტივი")​, ირაკლი ბიძინაშვილი ("დილა"), მილან რადინი ("დინამო თბილისი"). თავდამსხმელები: გიორგი ნიქაბაძე (ბათუმის "დინამო"), ზორან მარუშიჩი ("დინამო თბილისი"), ფადი ზიდანი ("ტორპედო"). მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო ("დილა"). განლაგება: 4-3-3.
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები