Belive

ეროვნული ლიგის ნაადრევი ფინალი ბათუმში (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 7 თვის გავლის შემდეგ, ჩემპიონატში ორი ლიდერი, ორი „დინამო“ გამოიკვეთა - თბილისური და ბათუმური. კონკურენციას ფეხდაფეხ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალოც“ მისდევდა, თუმცა „დინამო არენაზე“ წაგებული დერბის (1:2) შემდეგ, წაიბორძიკა და მეტოქეებს წინ კიდევ უფრო გაქცევის შესაძლებლობა მისცა. „საბურთალოსთან“ გამარჯვების შემდეგ, დედაქალაქური „დინამო“ შავიზღვისპირულ მოსახელე კლუბს ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით დაეწია და გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე, ქულათა რაოდენობითაც გაუთანაბრდა. სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ისე დალაგდა, რომ ორმა გამოკვეთილმა ლიდერმა 29 ტურის მერე, 61-61 ქულა დააგროვა, ამრიგად, გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ჩემპიონატის ნაადრევი ფინალი ბათუმში გაიმართება. 6 ოქტომბერს, „ანგისის ბაზაზე“, „დინამოების“ დაპირისპირება შედგება, სადაც გამარჯვებული ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე უდიდეს ფორას მიიღებს. ფრე მასპინძლებისთვის მისაღები შედეგია - მიუხედავად იმისა, რომ გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი თბილისელებს უკეთესი აქვთ, ბათუმური კლუბი ამ სეზონში ურთიერთშეხვედრების შეფარდებით მთავარ კონკურენტს აღემატება. ბათუმელებმა სეზონის პირველი შეხვედრა სტუმრად მინიმალური უპირატესობით მოიგეს, (1:0), მერე შინ დრამატულ ბრძოლაშიც (3:2) იმარჯვეს, მესამე წრეში კი დედაქალაქში (1:2) პაპავასა და კუტალიას გოლებით გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 2:1. რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიულ სტატისტიკას, აქ უპირატესობა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს აქვს. საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს ჯამში 57-ჯერ შეხვდნენ, აქედან 40 მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, 9-ჯერ 3 ქულა შავიღვისპირელებმა ჩაიწერეს აქტივში, ხოლო 9 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. საქართველოს ჩემპიონატის სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ სათამაშო ფორმა შთამბეჭდავია. აჭარელები 8 მატჩია არ აგებენ (ბოლო მარცხი „დინამოსთან“ თბილისში), ხოლო მათ მეტოქეს 15 მატჩია არ წაუგია. როგორც გია გეგუჩაძის, ისე ფელის ვისენტეს შტაბში მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ორი გამოცდილი თავდამსხმელი მოვიდა, ბათუმელები ლადო დვალიშვილით, ხოლო თბილისელები ლევან მჭედლიძით გაძლიერდნენ. ბომბარდირთა დავაშიც ამ ორი გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ. ერთპიროვნული ლიდერი ლევან კუტალიაა, რომელმაც თბილისური კლუბის მაისურით 17 გოლი შეაგდო, მეორე ადგილზე კი ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონია, ბათუმელთა შემტევმა მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო. გუნდები უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის უკვე სრულფასოვნად ემზადებიან. თბილისური კლუბი უკვე აჭარაშია, რომელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემაც, გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა. „ბოლოს რთული მატჩების ჩატარება მოგვიწია და „საბურთალოსთან“ ძალიან დაძაბული შეხვედრა მოვიგეთ. გამონაკლისი, არც ბათუმი იქნება, სადაც მძიმე დაპირისპირება გველის, მაგრამ გუნდში ფსიქოლოგიურად იდეალური მდგომარეობაა და ფეხბურთელები შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. „დინამოსთან“ ჩასატარებელი მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა არა უკანასკნელი, ჩვენ წინ კიდევ 6 მატჩი გვექნება, რომელთა მოგებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მოედანზე დადებითი განწყობით გავლენ. შევეცდებით, რომ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ“,-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ბათუმისა და თბილისის დინამოს მატჩი 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები