Belive

ერთა ლიგა: ევროპის ჩემპიონატზე ოცნება რეალობას უახლოვდება

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, საწყისი ორი ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიული შანსი გაუჩნდა. D-დივიზიონის, D1-ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში, საქართველომ უშუალო კონკურენტს, ყაზახეთს გასვლით შეხვედრაში სძლია. მეორე ტურში კი "დინამო არენაზე" ლატვია დაამარცხა. ზედიზედ მოპოვებული ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები, ქვეჯგუფს 6 ქულით ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შანსები ანდორა - ყაზახეთის ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა. ანდორამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, მაგრამ მათი მონაპოვარი შესაძლოა საქართველოსთვის გაცილებით უფრო მეტის მომცემი აღმოჩნდეს, ვიდრე თავად ანდორელთათვის. 2 ტურის შემდეგ, D1-ჯგუფის სათავეში, 6 ქულით საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დგას. მეორეადგილოსან ანდორას მხოლოდ 2 ქულა აქვს და 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე", საქართველოს წინააღმდეგ მოუწევს გამოცდის ჩაბარება. ქვეჯგუფის ფსკერზე კი თითო-თითო ქულით, ყაზახეთი და ლატვია იმყოფებიან, რომელთა შანსები პრაქტიკულად უტოპიის სფეროდ იქცა.
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფს ტრიუმფით დაასრულებს. D-დივიზიონის ქვეჯგუფებში, სწორედ რომ საქართველო ითვლება გამოკვეთილ ფავორიტად. დანარჩენ ჯგუფებში კი პირველი ადგილის დასაკავებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება. პლეი-ოფში, საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეების ვინაობა - ქართველი გულშემატკივრისათვის უაღრესად საინტერესოა. D2-ჯგუფის ლიდერად, ყველასათვის მოულოდნელად, ლუქსემბურგი მოგვევლინა. ორ ტურში გატანილი 7 გოლის შემდეგ, ქვეჯგუფს, ლუქსემბურგი 6 ქულით ჩაუდგა სათავეში. მეორე ადგილზე კი 4 ქულით ბელორუსი იმყოფება. მომდევნო ტურში სწორედ ეს ორი ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს და დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრების შესაძლო ოპონენტის ვინაობა გახდება ცნობილი. D3-ჯგუფის ფავორიტის დასახელება ყველაზე მეტად გართულდება. განვლილი ორი ტურის შემდეგ, ქვეჯგუფის თითოეული წევრი პირველი ადგილის დაკავების შანსს კვლავ ინარჩუნებს. შედარებით უკეთეს სიტუაციაში კოსოვო იმყოფება, რომელმაც 4 ქულა დააგროვა და ქვეჯგუფის სათავეში მოექცა. მეორე პოზიციაზე, 3 ქულით ფარერები იმყოფება, მესამე ადგილს კი 2 ქულით აზერბაიჯანი იკავებს. ქვეჯგუფის ფსკერზე, 1 ქულით მალტა აღმოჩნდა. D4-ჯგუფში, პირველი ადგილის დაკავების ყველაზე რეალური შანსი მაკედონიას აქვს. 6 ქულით, მაკედონია პირველ ადგილს იკავებს. მე-2 - მე-3 პოზიციებს, 3-3 ქულით ლიხტენშტეინი და სომხეთი იკავებენ. ბოლო ადგილზე კი უქულოდ გიბრალტარი იმყოფება. ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პოტენციური მეტოქეები პლეი-ოფში: ლუქსემბურგი, კოსოვო და მაკედონია არიან.
 

სხვა სტატიები